"რამ დააფრთხო ქადაგიძე" - ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია 20/30-ის წევრი, მიხეილ დუნდუა.
დუნდუას ბიზნესპოსტს bpn.ge უცვლელად გთავაზობთ:
"გოგებაშვილის დედაენიდან ერთი იგავი მახსენდება: მაღალი მკვეხარა ქოთანი თანამოძმე ქოთნებს ზემოდან დაჰყურებს და ქადაგებს, ყველამ გაიგეთ, ჩემი ფსკერი ოქროსია, მე უნდა დამემორჩილოთო. ამ დროს, კოვზი გამოჩნდება და მქადაგებელი ქოთანი შერცხვენილი დუმდება. კოვზმა ხომ ყველაზე უკეთ იცის ქოთნის ფსკერი როგორიცაა. საოცარი სიზუსტით დაემთხვა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს დამტკიცება კურსის დასტაბილურების პროცესს, არადა, აქამდე ქადაგიძე ქადაგებდა, რომ რეზერვების დახარჯვა არ შეიძლება, რომ ამგვარი ქმედება ნონსენსია. დამტკიცდა თუ არა საბჭო კოვზანაძის მეთაურობით, ქადაგიძემ 40 მილიონი დოლარი გამოიტანა სავალუტო ბაზარზე. აქედან მხოლოდ 27 მილიონის გაყიდვით ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო.დამტკიცდა საბჭო და, პარალელურად, ყოფილმა ერბანკის პრეზიენტმა რომან გოცირიძემ კიდევ 150 მილიონის დოლარის გაყიდვის „კურთხევა“ გასცა. (საოცარია! რა მარტივად იცვლიან ადამიანები პოზიციას!) , გასცა „კურთხევა“ და „დაპოსტა“: ეროვნულმა ბანკმა ახლა რეფინანსიების განაკვეთიც უნდა გაზარდოს და რეფინანსირების მოცულობაც შეამციროსო. დამტკიდა საბჭო და, გოცირიძის პოსტი ქადაგიძეს ბოლომდე წაკითხული არც ჰქონდა, რომ ამ უკანასკნელმა ლარს მაშველი რგოლი გადაუგდო -- რეფინანსირების განაკვეთი ასწია 7%-ის დონეზე . არადა, მანამდე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ წელს განაკვეთს 6,5%-ის დონეზე მეტად არ გაზრდიდა. (ზაფხულის დასაწისშივე ვამბობდი, რეფინანსებს განაკვეთი უნდა გაიზარდოს, თორემ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს გადააჭარბებს-მეთქი)
კურსის დასტაბილურება ზაფხულში რომ დაეწყო ამ ოქროსფსკერიანს, ტურისტები უფრო მეტ დოლარს დახარჯავდნენ და უფრო მეტი ვალუტა შემოვიდოდა. მავანი იტყვის, საბანკო ზედამხედველობის რეფორმა ლარის კურსთან პირდაპირ კავშირში არ არისო. გეთანხმებით! მაგრამ, როგორც ჩანს, ქადაგიძეს უფრო მეტად სჯერა და ეშინია ამ პირდაპირი კავშირის არსებობის, ვიდრე სხვას. ჰო კიდევ, ძალიან სასაცილო იყო ქადაგიძის ულტიმატუმი: გამოვიდეს მთავრობა და თქვას, რომ რეფინანსირებას ლარის კურსთან კავშირი არ აქვსო. (თორემ ლარს არ მივხედავო -- ეს იყო კონტექსტი. ყველა მიხვდა). რა უნდა ექნა ამ დროს მთავრობას? უნდა გაემეორებინა კიდევ ერთხელ, მის მიერ მრავალჯერ თქმული: „რეფინანსირება უნდა შეიზღუდოს !“ ან დაეკრა კვერი და ქადაგიძისათვის „ღირსეული“ უკანდახევის შანსი დაეტოვებინა. მთავრობამ მეორე გზა არჩია. უფრო სახელმწიფოებრივი. ანუ დაახლოებით ასეთი, ტერორისტს ვერტმფრენის მიცემას რომ დაჰპირდებიან და შემდეგ კაბინაში მძევალს მაინც გაათავისუფლებენ. აი ასეთი. მოკლედ ასე იყო თუ ისე, როგორც ჩანს, ლარის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქადაგიძეს ჰგონია, რომ ვერტმფრენი მისცეს, მაგრამ ვფიქრობ, კაბინაში „ქოთანს“ „კოვზი“ ელოდება. და კიდევ ერთხელ რეფინანსირებაზე.
რეფინანსირების ზრდა, უფრო კონკრეტულად, სებ-ს მიმართ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანების ზრდა ლარის კურსის გაფუჭების დიდ რისკს შეიცავს. ამ პრობლემის მოგვარება ორი მექანიზმით არის შესაძლებელი. პირველი - ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციული ბანკების დავალიანება. მეორე - მეთვალყურეობა და კონტროლი გასწიოს, რომ ეს დავალიანება, ანუ ეს ფული სავალუტო შესყიდვებისთვის არ იქნეს გამოყენებული. დღეს სახეზეა, დამფრთხალი ქადაგიძის მიერ მეორე მექანიზმის ამოქმედების შედეგი. იმისათვის, რომ სრულად მოიხსნას ლარის კურსის ხელოვნური გაფუჭების რისკი, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციული ბანკების დავალიანება.
P.S. ლარის გაუფასურება ხელოვნურია, ლარი აუცილებლად გამყარდება",- წერს მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.