"როგორც ჩანს, ქელბაქიანმა ახალი ხელისუფლების ნდობა მოიპოვა და ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით, მსხვილი სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებლის პოზიციებს იბრუნებს"
საცობების გარდა, თბილისის გზებზე გადაადგილებას, სატრანსპორტო თვალსაზრისით რამდენიმე საკვანძო ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა-რეაბილიტაცია აფერხებს. უკვე თვეზე მეტია, რაც თბილისში ავტომობილით შემოსვლას მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქცია ართულებს. მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ და ვიწრო გზაზე, რამდენიმე მწკრივად ავტომობილები ერთ ადგილას 10 და მეტი წუთის განმავლობაში დგანან. ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით რთულდება ვითარება დილის და საღამოს საათებში... რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ბარათაშვილის ხიდზეც, ხოლო მიმდინარე სამუშაოების ტემპი სანუგეშოს არაფერს გვპირდება.
მარშალ გელოვანის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერიაა, რომლის რეაბილიტაცია მერიის დაკვეთით ზაფხულის მიწურულს, 6 აგვისტოს დაიწყო და გზა 120 დღით გადაიკეტა. არადა, 6 აგვისტომდე მთელი ზაფხული ჰქონდათ, როცა თბილისში საავტომობილო მოძრაობა შედარებით შემცირებულია და თუ ხიდის შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, სამუშაოები ზაფხულში წარემართა და სწავლის დაწყებისთვის დაესრულებინა. ცნობისთვის, ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს "მამისონი" აწარმოებს და დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო მოედანზე შესვლა აკრძალულია, შორიდან კი ჩანს, რომ ობიექტზე ათამდე კაცი მუშაობს. მართალია, ხიდის სიგრძე სულ 40 მეტრია და შეიძლება მეტი მუშა ვერც დაიტიოს, თუმცა რატომ სჭირდება ასეთ მცირე ნაგებობაზე მუშაობას 4 თვე, როცა მაგალითად, ევროპის ყველაზე გრძელი, 17,2-კილომეტრიანი ხიდი ვასკო და გამა (ლისაბონში მდინარე ტეჟუზე აგებული ხიდი) 18 თვეში აიგო...
რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია. უნდა შეიცვალოს ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილი და სრულად უნდა აღდგეს ნაგებობის ქვეშ მიწისქვეშა გადასასვლელი. სამუშაოები 14 ივნისს დაიწყო და პროექტის თანახმად, დასრულების ვადად განსაზღვრულია 220 დღე, ანუ 7 თვეზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ხიდის გახსნას იანვრამდე არ უნდა ველოდოთ. არადა, ბარათაშვილის ხიდს, სულ ცოტა, ოთხი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი უკავშირდება, სადაც შეზღუდვების გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. როგორც ჩანს, კომპანიას, რომელსაც მერიამ ხიდის რეაბილიტაცია დაუკვეთა, არსად ეჩქარება, რადგან ხელშეკრულებაში მაქსიმალური ვადებია გაწერილი. ხიდზე სამუშაოები დილის 8 საათზე იწყება და 18.00 საათზე მუშები უკვე მიდიან. მაინცდამაინც არც ნაშუადღევს იწუხებენ თავს და ხის ჩრდილში წამოკოტრიალებული, მტკვრის დუდუნს უსმენენ. ასე რომ ეშენებინათ ჩინელებს 37-კილომეტრიანი ხიდი ხანჩჟოუ, რომელიც ოკეანეს კვეთს, დღემდე ვერ დაასრულებდნენ.
მეტად საინტერესოა იმ კომპანიის წარმომავლობა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია "ენსისიმ" კონკურენტებს ტენდერში ყველაზე დაბალი ფასით - 1.799.000 ლარით აჯობა და მხოლოდ 1.000 ლარით მოუგო სამშენებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდს", რომელმაც საბოლოო ფასად 1.800.000 მილიონი დააფიქსირა.
შესაბამისად, კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადება განიხილა და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები აღმოაჩინა, გამარჯვებულად ცნო. არადა, კომპანია "ენსისის" ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი არ შეესაბამებოდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ფასს და სხვაობა მთელი 451.000 ლარი იყო.გარდა ამისა, "ენსისის" მიერ არ იყო წარმოდგენილი საკმარისი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, გამოცდილების ამსახველი ინფორმაციაც არასრულად ჰქონდა წარდგენილი. არადა, სულ ტყუილად, რადგან "ენსისის" სახელმწიფო დაკვეთების შესრულების მდიდარი გამოცდილება აქვს. მართალია, კომპანია მხოლოდ 2009 წელს დაფუძნდა, მაგრამ მის სახელს უკავშირდება რიყის პარკისა და ცნობილი მუსიკალური ჰოლის - ე.წ. ბოტების მშენებლობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "ენსისის" 70% წილი გიორგი ქელბაქიანს ეკუთვნის და კომპანიის გენერალური დირექტორია. შეხსენებისთვის: 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი, გიორგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ. გარდა ამისა, მიმდინარეობდა გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდაბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ და თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
რატომ გადაწყვიტა მერიამ და მისმა სატენდერო კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ხელმძღვანელობდა, რომ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის პროექტი სწორედ ამ კომპანიისთვის ენდო? - ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენ თბილისის მერიას მივმართეთ, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:
"კომპანია "ენსისი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმა გრაფიკის მიხედვით, ჩამორჩენის გარეშე აწარმოებს... რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებას: სატენდერო კომისია განიხილავს სატენდერო დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხელშეკრულებას აფორმებს მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახური ნებისმიერ კომპანიასთან და არა მის დირექტორთან".არადა, ფაქტია, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2015 წლის 11 მაისით თარიღდება, "ენსისის" დირექტორსა და მერის მოადგილეს შორის გაფორმდა. როგორც ჩანს, ქელბაქიანმა ახალი ხელისუფლების ნდობა მოიპოვა და მსხვილი სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებლის პოზიციებს იბრუნებს. მერიაში ხიდების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ ხანგრძლივ ვადებზეც გვიპასუხეს და განმარტეს, რომ დიღმულას ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ორცვლიან რეჟიმში მიმდინარეობს და ხიდის რეაბილიტაცია ვადაზე 20-25 დღით ადრე დასრულდება. ბარათაშვილის ხიდზე მშენებლობის ტემპები კი უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა დასძინეს, კომპანიებს გონივრული ვადა ეძლევათ პროექტების განსახორციელებლადო.
თამაზ შილაკაძე, საქართველოს მეგზევეთა ასოციაციის თავმჯდომარე:
"თუ საღამოს 6 საათზე სამშენებლო ობიექტზე უკვე აღარავინ მუშაობს, ეს არასწორია. როდემდე შეიძლება ხალხმა შემოვლითი გზებით იაროს?! რაც შეეხება ვადებს, შეიძლება დამკვეთს ხელს აძლევდეს გაწეროს ერთი ვადა, შემსრულებელს მეორე, ხოლო რეალურად მშენებლობას სულ სხვა ვადა სჭირდებოდეს. ვადა რომ სწორად შევაფასოთ, პროექტს უნდა ვიცნობდეთ, რათა განვსაზღვროთ, რამდენად სწორად ჩაიდო ხელშეკრულებაში მშენებლობის ხანგრძლივობა. როცა შეგიძლია შემოვლითი გზით ისარგებლო, კიდევ ასატანია, თუმცა ის, რაც დიღმულაზე ხდება, წარმოუდგენელია. ამიტომ დღე და ღამე უნდა იმუშაონ, რომ დროულად დაასრულონ ხიდის მშენებლობა, თუმცა, ხშირად ასე არ ხდება. მაგალითად, ერთ-ერთ სადარბაზოსთან ოთხი კვირა იყო გაჭრილი გზის საფარი კაბელის სადენის ჩასადებად. შესაძლოა, რომელიმე გზა წლობით კეთდებოდეს, მაგრამ მოძრაობას არ ზღუდავდეს. თუმცა სადაც შეზღუდვებია, გზა სასწრაფოდ უნდა აღდგეს. წესით, მერიასაც და მშენებელ კომპანიასაც ხელს უნდა აძლევდეს პროექტის დროულად დასრულება, მაგრამ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, რაც პროექტის დროულად განხორციელებას უშლის ხელს - საშენი მასალების მიმწოდებელთან დაკავშირებული ხარვეზები, მშენებლის უგერგილობა, ან დამკვეთისა და პროექტის ზედამხედველის ლოიალური დამოკიდებულება. შესაძლოა, ტექნოლოგიაც ითხოვდეს 18:00-მდე მუშაობას. თუმცა, ამის შესახებ საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული".P.S. ცნობილი მეგზევის ჩამონათვალს კიდევ ერთს დავამატებდი - არასწორ მენეჯმენტს, რაც თავისთავად ხდება ქალაქის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი და კორუფციულ რისკებსაც შეიცავს.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"