საქართველოს ერთ-ერთი "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 1,381 მლრდ ლარს აღემატება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი აჭარბებს. ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს ბევრად აღემატება. განსაკუთრებით ეს ტენდენცია თვალშისაცემია მარეგულირებელ კომისიებში, ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში და ა.შ.

bpn

მაღალი ხელფასებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

"საქსტატის" ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1330 ლარს, დაახლოებით 560 დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ 80 დოლარით ჩამორჩება რუსეთის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 42 659 რუბლს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 640 დოლარია. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. იქ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 479 მანათს, დაახლოებით, 460 დოლარს შეადგენს. შემდეგია ყაზახეთი, სადაც საშუალო ხელფასი 106 000 ტენგეა, ანუ 400 დოლარი, 395 დოლარს იღებენ ბელორუსი ჩინოვნიკები. ლუკაშენკოს ქვეყანაში მოხელეთა საშუალო ხელფასი 6,9 მლნ ბელორუსულ რუბლს, ანუ 395 დოლარს შეადგენს. ბელორუსს მოჰყვება სომხეთი, სადაც ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 156 000 დრამია, ანუ დღევანდელი კურსით 330 დოლარი. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, სტატისტიკური მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა საშუალო ხელფასი სულ რაღაც 220 დოლარს შეადგენს. უკრაინაში ეს არის 4685 გრივნა, მოლდოვაში კი - 4470 ლეი.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ქართველი სახელმწიფო მოხელეები სამეზობლო-სამეგობროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებენ. შესაბამისად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხი რამდენიმე წელია კრიტიკის საგანია. მიუხედავად მთავრობის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა (პრემირების სისტემის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით), ქართველი მოხელეები, ხელფასთან ერთად, ისევ ზორბა პრემიებს იღებენ, თუმცა სახელწოდებაშეცვლილს - "სახელფასო დანამატის" სახით. საერთო ჯამში, როგორც სამინისტროებში, ასევე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება პრემიებითურთ საკმაოდ კოლოსალური თანხა უჯდება ბიუჯეტს. თუ მათ სხვა საჯარო უწყებებს, მაგალითად, სსიპ-ებს, შპს-ებს დავუმატებთ, გამოვა, რომ საჯარო მოხელეების შენახვა 2 მლრდ ლარი ჯდება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო წლებში აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. სპეციალისტების თქმით, ნორმალური ეკონომიკის პირობებში და კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში სახელმწიფო სექტორში დასაქმების ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს გარანტირებული სოციალური პირობები და ხელფასი ექნება. კერძო სექტორში მეტია რისკი, მაგრამ შემოსავალიც უფრო მეტია. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. ჩვენთან საჯარო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს. გამოდის, რომ ამ მხრივ ქართველ ჩინოვნიკებს ორმაგი პრივილეგია აქვთ: ერთი მხრივ - მაღალი ხელფასი და მეორე მხრივ -სოციალური გარანტიები. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდნენ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ არც ერთ ქვეყანაში არავინაა წინააღმდეგი, რომ ეფექტური მუშაობისთვის საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ შესაბამისი, ადეკვატური ხელფასი.

ასევე შესაძლებელია გაიცეს პრემია და დანამატი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, თუკი ჩინოვნიკის მუშაობამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღო. "უპირობო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა ზემოთ ნახსენები ციფრებიდან აშკარაა, რომ საქართველოს ერთ-ერთი "ძვირი" მთავრობა ჰყავს. ჩვენ, ამომრჩევლები - ხელისუფლებას ვირჩევთ, ვქირაობთ და ხელფასს კარგი მუშაობისთვის ვუხდით. თუ ეს ფუნდამენტური პრინციპი იცვლება, მაშინ ვიღებთ ძალიან მახინჯ სისტემას. არაერთი დოკუმენტი გვინახავს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩინოვნიკმა პრემია "კარგი მუშაობისთვის" მიიღო. კარგი მუშაობისთვის უნდა იღებდეს ხელფასს და არა პრემიას. ადეკვატური ხელფასი იმისათვისაა საჭირო, რომ კორუფციული და არაკეთილსინდისიერი ქმედების რიცხვი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. კარგი იქნებოდა, ხელფასის ოდენობასთან ერთად, შეგვედარებინა საჯარო უწყებებში დასაქმებულთა რიცხოვნობაც. საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 150 ათასს მიაღწია, მათ სახელფასო უზრუნველყოფას ყოველწლიურად 2 მლრდ ლარი სჭირდება. როგორც ვიცი, არსად ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამდენი ადამიანი საჯარო უწყებაში არ მუშაობს", - განაცხადა ალაფიშვილმა.

პრობლემას წარმოადგენს ხელფასებთან დაკავშირებით არსებული საბიუჯეტო მანიპულაციაც, რაც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.

"როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლებისთვისაც, ე. წ. შტატების რაოდენობა და სახელფასო ფონდი ისევ რჩება საბიუჯეტო მანიპულაციის საშუალებად. მაგალითად, ამა თუ იმ ორგანიზაციაში საშტატო ერთეულის მაქსიმალური რიცხოვნობის მითითება ხდება, რომლის მიხედვითაც ადგენენ სახელფასოს ფონდს. ეს არ ნიშნავს, რომ შტატები სრულად შეივსება. ნამდვილად არ შეივსება, მაგრამ სახელფასო ფონდის ათვისება მოხდება მთლიანად. მაგალითად, მანიპულაცია ხდება ასე: ერთ უწყებას გათვალისწინებული აქვს 100 საშტატო ერთეული მასზე გაანგარიშებით სახელფასო ფონდი შეადგენს 800 ლარს. სინამდვილეში კი იქ დასაქმებულია 80 ადამიანი, რომელთა სახელფასო ფონდი ისევ 8000 რჩება და ასე ნაწილდება ეს თანხა", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნა ცუდი არ არის, მაგრამ პობლემაა ის, თუ რა შედეგს ვიღებთ მათი მუშაობით.

გარდა ამისა, ხელმძღვანელი პირებისა და უბრალო თანამშრომლების ანაზღაურებას შორის დიდი სხვაობაა. ასეთი დიფერენციაცია კი მაინცდამიანც კარგი არ არის. "საქმე ისაა, თუ რას აკეთებენ მაღალი ხელფასის სანაცვლოდ. ის, რომ საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურების მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ფაქტია. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა დახალოებით ასეთი ფრაზა თქვა - სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალი ხელფასი იმიტომ აქვთ, რომ აქ ღირსეული ადამიანები მუშაობენო. ეს არგუმენტი პირადად ჩემთვის მიუღებელია. რა უნდა ამით ხადურმა თქვას - მიწაზე ვინც მუშაობს, თვითდასაქმებული ვინცაა, ისინი უღირსები არიან? ვიმეორებ, მოხელეებმა უნდა მიიღონ მაღალი ანაზღაურება, მაგრამ უნდა დაიმსახურონ. როდესაც ეს "დამსახურება" არ არის არგუმენტებული, მაშინ ჩნდება უამრავი კითხვა",- განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში სამოხელეო ანაზღაურებას სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მინისტრის ხელფასი 160-დან 200 ლარამდე მერყეობდა. ასეთივე დაბალი იყო რიგითი თანამშრომლებისა და მოქალაქეების ჯამაგირი. 2004 წლიდან დაიწყო ხელფასების ფორსირებული ზრდა და არგუმენტად კორუფციის აღმოფხვრა დასახელდა. შემდეგ ჩინოვნიკების ანაზღაურების ზრდა 2-ჯერ უსწრებდა ქვეყნის მშპ-ს ზრდის ნომინალურ ტემპსაც კი.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"