„თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, მალე აზერბაიჯანელი პაციენტები საქართველოში სამკურნალოდ აღარ ჩამოვლენ“.
„საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება რეალურია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჯანდაცვის სფეროში ისეთი მენეჯმენტი მოვა, რომელიც მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო ტურიზმის განვითარება, რომელიც ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია. სამედიცინო ტურიზმი ბევრი ქვეყნისთვის ახალი აღარ არის. ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი თურქეთი ნომერ პირველია. ასევე, აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, მაშინ ძალიან მალე აზერბაიჯანელი პაციენტები საქართველოში სამკურნალოდ აღარ ჩამოვლენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და არამარტო პაციენტების, არამედ სამედიცინო პერსონალის გადინებაც შეიძლება მოხდეს. ეს რეალურია,“ - ამბობს bpn.ge-თან საუბარში სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი, პირველი სამედიცინო ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი პაატა რატიანი.
მისი თქმით, ყოველწლიურად მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა იზრდება. სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა - შეიძლება ითქვას, რომ ეს სამედიცინო ტურიზმის ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალშისაცემი გერმანიისა და მეზობელი ქვეყნის, თურქეთის მაგალითია, სადაც სამედიცინო ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული.
პაატა რატიანი: 2007 წლის ბოლოს სამედიცინო ტურისტული კომპანია დავაფუძნე. ჩვენი კომპანია საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველებს უფასო კონსულტაციას უწევს და უცხოელ პროფესორებთან, კლინიკებთან აკავშირებს. კომპანიის შექმნამდე ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვმუშაობდი. სწორედ იქ გაჩნდა ეს იდეა. 2006-2007 წლებში, როცა ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, უცხოურ კლინიკებთან მიმართვის საჭიროება ნელ-ნელა დადგა. თუმცა, იმ დროისთვის ეს ერთეული შემთხვევები იყო. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს მზარდი ტენდენცია იყო და მომავალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამიტომ, ჩამოვაყალიბე სამედიცინო ტურიზმის კომპანია. ზოგადად, ეს სფერო სინთეზური ბიზნესინდუსტრია არის, როცა გლობალიზაციის პროცესში სხვადასხვა სფეროები იკვეთება და მათი თანხვედრა ხდება. სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი მზარდი ბიზნესინდუსტრიაა. სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ფასი, ხელმისაწვდომობა, მეთოდიკა. შესაბამისად, რომელიმე ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის არის. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვის მოიძებნება რაღაც მკურნალობა, რომელიც იქ არ არის, სადაც ვიმყოფებით და სხვაგან უფრო ხარისხიანია, თანაც შედარებით იაფი. მაგალითად, გერმანიაში, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება დაზღვევის ამ პაკეტში არ შედის და კონკრეტული მომსახურება იქაური მოქალაქისთვის ძვირია. ასეთ შემთხვევაში გერმანელები პოლონეთში, ჩეხეთში მიდიან, სადაც ანალოგიური სამედიცინო მომსახურება გაცილებით იაფია. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმი იმიტომ არ ვითარდება, რომ იქაურ სამედიცინო დაწესებულებებთან მუდმივად რიგები დგას. საქართველოში კი ამის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხია.
- ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ძირითადად რომელ ქვეყნებში მიემგზავრებიან?
- ამ ეტაპზე სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით თურქეთი პირველია, სადაც პაციენტების უმრავლესობა მიდის. თუმცა, ეს ბაზარი სწრაფად ცვალებადია, ხვალ რა იქნება, არ ვიცით. როცა ამ საქმეს ვიწყებდით, მაშინ თურქეთი ამ ჩამონათვალში საერთოდ არ იყო. იმ მომენტში ისრაელი ლიდერობდა. თუმცა, ისრაელმა პოზიციები უკვე დაკარგა. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე გლობალური ფაქტორები მკვეთრად მოქმედებს. როგორც ყოველთვის, გერმანია სტაბილურად მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა. საგულისხმოა, რომ თურქეთი უცხოელ პაციენტებს ეკონომპაკეტებს სთავაზობს. ამიტომ, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პაციენტებში გერმანია უფრო მოთხოვნადი გახდა.
- რამდენად რეალურია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება? ჩვენს ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს?
- ძალიან რეალურია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჯანდაცვაში ისეთი მენეჯმენტი მოვა, რომელიც ჩათვლის, რომ სამედიცინო ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ჯანდაცვის განვითარებისთვის. ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს მიმართულება შეიძლება ყველაზე სერიოზული ამაჩქარებელი იყოს. სამედიცინო ტურიზმი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის სიახლე აღარ არის. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც ინვესტიციებს აქტიურად დებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, აზერბაიჯანელი პაციენტები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში ჩამოდიან, აქ აღარ ჩამოვლენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და არამარტო პაციენტების აზერბაიჯანში გადინება მოხდეს, არამედ სამედიცინო პერსონალისაც.
- სამედიცინო ტურიზმი მხოლოდ სამკურნალოდ გადინებას მოიცავს?
- არა, ამ შემთხვევაში ჩვენ სამედიცინო ტურიზმის პატარა კომპონენტს ვეხებით. ზოგადად, ბევრი სახეობა არსებობს, მაგალითად, საგანმანათლებლო სამედიცინო ტურიზმი. როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში შესაბამის სამედიცინო განათლებას ვერ იღებენ, მიდიან სხვა ქვეყანაში. ასევე, არის შემომავალი სამედიცინო ტურიზმი. საქართველოს ამ მიმართულებით შეუძლია თავისი ნიშა დაიკავოს. თუმცა, დღეს ცოტა არ იყოს ამ თემასთან დაკავშირებით არაადეკვატური პოზიცია არსებობს. იმედია, ეს ნელ-ნელა გამოსწორდება.
- დღეს როგორი დამოკიდებულებაა?
- იცით, ჩვენი ექიმები საფრთხეს ხედავენ იმაში თუ პაციენტი სამკურნალოდ უცხოეთს აირჩევს. ცდილობენ ამას შეეწინააღმდეგონ და პაციენტები არ გაუშვან, აქ უმკურნალონ. თუმცა, რაც არ უნდა ვმალოთ, ფაქტია, რომ ჩვენთან სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რომელიც მრავალკომპონენტად განისაზღვრება, საკმაოდ რთული და რესურსტევადი სფეროა. რაც არ უნდა მოვინდომოთ, იმ ქვეყნებს, სადაც სამედიცინო ტურიზმი განვითარებულია, კონკურენციას ვერ გავუწევთ. ასეთ ქვეყნებში კონკრეტული კლინიკის განვითარებასა თუ კვლევაში საქართველოს ბიუჯეტისხელა თანხას დებენ. ჩვენ მულტიპროფილურად საინტერესო ვერ ვიქნებით, მაგრამ შეგვიძლია ვიწრო მიმართულებით საინტერესო ვიყოთ, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით. ეს რეალურია. შეგვიძლია ავირჩიოთ ისეთი სფეროები, სადაც მცირე ინვესტიციებით, დაბალი ფასებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უცხოელ პაციენტებს მივიზიდავთ. როგორც გითხარით, გერმანიაში საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს. თუმცა, ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა არ ფარავს. მაგალითად, ესთეტიურ მედიცინას, სტომატოლოგიას... ასეთ შემთხვევაში გერმანიის მოქალაქე ამ სერვისის მისაღებად სხვა ქვეყანაში მიდის. მაგალითად, ჩეხეთში, სადაც მისთვის სასურველ სამედიცინო სერვისს ნახევარ ფასად მიიღებს. თანაც ტურისტულ ტურსაც შეუთავსებს. სხვადასხვა ქეყნებში სამედიცინო ტურიზმს განსხვავებული ფორმები აქვს. არსებობს შიდა სამედიცინო ტურიზმიც. ვთქვათ, საქართველოს რომელიმე რეგიონში შევქმნით სამედიცინო ტურიზმის კერას, ეს იქნება შიდა სამედიცინო ტურიზმი. საქართველოს მოსახლეობა სამედიცინო პროცედურებისთვის ერთ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში ივლის. ეკონომიკური განვითარებისთვის ამ მიმართულების გამოყენებაც შეგვიძლია. თურქეთში, რომელიც რეგიონში სამედიცინო ტურიზმის კუთხით ყველაზე წარმატებულია, აეროპორტებთან ახლოს უზარმაზარი სამედიცინო ცენტრები იხსნება, სადაც პაციენტთა 30-40% სწორედ უცხოელები არიან.
- რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში?
- სამედიცინო ტურიზმი სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ვერ განვითარდება. ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება უნდა დაიწყოს, ქვეყანამ რა ნიშა უნდა დაიკავოს, უნდა განისაზღვროს, შემდეგ ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა სახელმწიფოსთან ერთად მოქმედების გზა უნდა დასახონ, როგორ განახორციელებენ მიზნებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ახალი ხელისუფლების პირობებში ვცადე გამერკვია მთავრობის დამოკიდებულება და ასეთი პასუხი მივიღე, რომ სამედიცინო ტურიზმი ჩვენს სოციალურ პრიორიტეტებში არ არისო. ამით ეს საკითხი ამოიწურა.
სალომე გოგოხია