გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ერთდროულად ორ სტუმარს, კომპანია”თბილღვინოს” დამფუძნებლებს - გიორგი და ზურაბ მარგველაშვილებს უმასპინძლა.
ამ ბიზნესს ძმები უძღვებიან, თავის დროზე ერთმა მარკეტინგი და მენეჯმენტი შეისწავლა, მეორემ კი ღვინის ტექნოლოგია. შემდეგ ძალები გააერთიანეს და ღვინის კომპანიას ჩაუდგნენ სათავეში. როგორ შედგა ძმების საქმიანი ტანდემი, რამდენი იყო სასტარტო თანხა და რა არის ქართულ ღვინოში ყველაზე მთავარი - ამის შესახებ მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.
- როგორ შედგა თქვენი საქმიანი ტანდემი? როდის დაიწყეთ ერთობლივი საქმიანობა, ვისი იდეა იყო?
გიორგი მარგველაშვილი: ზურა პროფესიით მეღვინეა, განათლება საქართველოში, აგრარულ უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სტაჟირებაზე იყო კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში და მისი პირველივე გამოცდილება მეღვინეობით დაიწყო. მე მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით ვსწავლობდი საზღვარგარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი და ჩემი განხრით ვმუშაობდი, მაგრამ საინტერესო დამთხვევა მოხდა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა რეკონსტრუქციისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის პროექტში, ზუსტად ისეთ საწარმოებს უწევდნენ კონსულტაციებს, როგორშიც იმ დროისთვის ზურა მოღვაწეობდა, კერძოდ, ”თბილღვინოში”. ეს იყო ღვინის წარმოება, რომელსაც ჰქონდა დიდი ისტორია, თუმცა იმ მომენტისთვის, როგორც მრავალმა პოსტსაბჭოთა საწარმომ, ვერ მოახდინა ეფექტური ადაპტირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და კომპანია რესტრუქტურიზაციას საჭიროებდა. პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროებში ვმოღვაწეობდით, პროფესიული თანაკვეთა მოხდა. ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმა. კომპანია გამოვიდა იმ ნულოვანი წერტილიდან, კრიზისული მდგომარეობიდან და აღმასვლა დაიწყო. შემდეგ უკვე ზურას ინიციატივა იყო, რომ ჩემი დროის მთელი რესურსით გადმოვსულიყავი ”თბილღვინოში”.
- ბატონ ზურაბს მინდა ვკითხო: თქვენ გამოისყიდეთ ”თბილღვინოს” ქარხანა პრივატიზაციის პროცესში...
ზურაბ მარგველაშვილი: საკმაოდ საინტერესო და გრძელი პროცესი იყო. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აუქციონების წესით გაეყიდა მთელი რიგი ქონება და მათ შორის, სააქციო საზოგადოება ”თბილღვინო”. ჩვენი პირველი წილი აქციებისა აუქციონზე შევიძინეთ, ამ შეძენილი წილით ჩვენ გავხდით ყველაზე მსხვილი აქციონერი და ნელ-ნელა დავიწყეთ რთული ეტაპი...
- მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით ძმებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა?
გიორგი მარგველაშვილი:
კი, როგორ არა. თუმცა უფრო მეტი აზრთა სხვადასხვაობა წარსულში იყო. ახლა უფრო თანმხვედრია ჩვენი აზრები, მაგრამ დღემდე, მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული აზრები გვაქვს.- კონსენსუსამდე როგორ მიდიხართ?
ზურაბ მარგველაშვილი: მსჯელობითა და არგუმენტაციებით.
- გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ერთ ბიზნესში არა თუ ძმები, არამედ მეგობრებიც არ უნდა იყვნენ, რადგან საქმე გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობებს აფუჭებს.
გიორგი მარგველაშვილი:
არის ამაში სიმართლე. როდესაც ადამიანთან არ გაკავშირებს არც ნათესაური, არც ახლო მეგობრული ურთიერთობა, მასთან პროფესიული თანაარსებობა ნაკლებ ემოციებთან არის დაკავშირებული. იმ ადამიანთან მხოლოდ პროფესიულ საკითხებზე მსჯელობ და მისი განსხვავებული აზრი შენში ძვრას არ იწვევს. როდესაც უახლოესი ნათესავი ან მეგობარია, უფრო რეაქტიული შეიძლება იყო ემოციურად, როცა რაღაცაზე ვერ თანხმდები.- რა იყო პირველი პროდუქცია, რომელიც ”თბილღვინომ” გამოუშვა ”მეორე სიცოცხლის” ფარგლებში?
- ზურაბ მარგველაშვილი:
1999 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად, ყოველ დილით მივდიოდით კახეთში, პაკეტებში გვეწყო ნაღდი ფული, ვყიდულობდით ყურძენს და საღამოობით ვბრუნდებოდით. ეს იყო ჩვენი პირველი რთველი. თუმცა ფული ცოტა გვქონდა და მხოლოდ თეთრი ყურძნის შეძენას გავწვდით, წითლისთვის ფული არ გვქონდა. 1999 წელს მიღებული ღვინომასალებიდან 2000 წლის ზაფხულში შევქმენით პირველი ასორტიმენტი, რომელიც უკვე ჩვენს მიერ შეძენილი ყურძნიდან მიღებული ღვინომასალით იყო დამზადებული. მართალია ეს ჯერ თეთრს ეხებოდა, მაგრამ შემდეგი წლიდან უკვე წითელიც დაემატა.- ფული ცოტა გვქონდაო - ამბობს ბატონი ზურაბი. ბატონო გიორგი, მაინც რამდენი იყო ის სასტარტო თანხა, რითიც დაიწყეთ ბიზნესი?
- გიორგი მარგველაშვილი: გამიჭირდება ზუსტად დასახელება. მახსოვს, რომ ძველი მარაგების რეალიზაცია მოვახდინეთ.
ზურაბ მარგველაშვილი:
ალბათ სასტარტო თანხა ის არის, რომლითაც ჩვენ შევძელით, მშობლების დახმარებით, აქციების შეძენა. თვითონ ფულადი სახსრები კომპანიაში მაშინ არ იყო, იმიტომ რომ გაყიდვები არ იყო. თუმცა, იყო გარკვეული ხარისხის ღვინომასალები. ჩვენი კონსულტანტების ჯგუფი შედგებოდა არამარტო მარკეტინგისგან და გაყიდვების კონსულტანტებისგან, იყვნენ ფინანსური კონსულტანტები, იყვნენ კონსულტანტები წარმოების კუთხით და ასევე, მათ რამდენჯერმე ჩამოიყვანეს ევროპიდან ექსპერტები, რომლებიც ჩვენს ღვინოებს სინჯავდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენ ნიმუშები გავაგზავნეთ და პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია ცხადყოფდა, რომ ეს ღვინო არ განეკუთვნება საშუალო ხარისხს. ამიტომ უნდა გვეფიქრა ამ ღვინის ან ძალიან დაბალ ფასად ჩამოსასხმელ ღვინოდ გაყიდვა, ან მისი გამოხდა, დისტილირება და შემდეგ სპირტად გაყიდვა. დისტილირებას ასევე ფული სჭირდებოდა, ეს არ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მარაგები რაც იყო ღვინომასალის, ძალიან დაბალ ფასად გაგვეყიდა. იმდენად დაბალ ფასად, რომ ძალიან მალე მივიღეთ თანხა, რომელმაც პირველ რთველზე ყურძნის შეძენის საშუალება მოგვცა.- რამდენი ბოთლი ღვინო აწარმოეთ პირველ ჯერზე?
გიორგი მარგველაშვილი:
თუ არ ვცდები, ეს არ იყო 100 ათას ბოთლზე მეტი.- დღეს როგორია თქვენი წარმოების მოცულობა?
გიორგი მარგველაშვილი:
ჩვენ შარშან გავედით რეკორდულ მაჩვენებელზე. დაახლოებით, 5 მილიონი ბოთლის რეალიზაცია მოვახდინეთ.- რა ფასად ყიდდით 18-19 წლის წინ ღვინოს და დღეს რა ფასი აქვს თქვენს ღვინოს საექსპორტო ბაზრებზე?
გიორგი მარგველაშვილი
: რა თქმა უნდა, გაიზარდა. ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად. ჩვენ საკმაოდ დიდი საფასო დიაპაზონი გვაქვს. გვაქვს არაძვირიანი ღვინოები, საშუალო ფასიანი და პრემიალური კატეგორიის ღვინოები, თუმცა რომ ვიწყებდით, საშუალო ფასი იყო - დაახლოებით 2,5 დოლარი. ყველაზე გაყიდვადი ღვინოები მაინც არაძვირიანია და მათი წილი დიდია. დღეს საშუალო ფასი, დაახლოებით 3,5 დოლარი გამოდის.ზურაბ მარგველაშვილი: თუმცა არსებულმა რეალობამ გვაიძულა, ფასები შეგვემცირებინა, უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებისთვის იმიტომ, რომ იქ არის მწვავე კრიზისი.
- როგორ ფიქრობთ, ყურძენზე არსებული ფასი რამდენად სამართლიანია?
ზურაბ მარგველაშვილი:
ალბათ როდესაც სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ ბიზნესში, ამის დადგენა ძალიან რთულია. როგორც წესი, ბიზნესში ფასი დგინდება ამა თუ იმ მომსახურების, ანუ სერვისის მოთხოვნის და მიწოდების შესაძლებლობების მიხედვით. შარშან ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რადგან რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ყურძენს იყიდდა, ბოთლს, საცობს და სადღაც ღვინოს ჩამოასხმევინებდა და აუცილებლად ეს ღვინო გაიყიდებოდა. შესაბამისად, ძალიან ბევრმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა გადაწყვიტა ყურძენი შეეძინა და მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გადაწყვიტა, ამ ინდუსტრიაში შესულიყო. მივიღეთ ის სურათი, რომ არანორმალურად გაიზარდა მოთხოვნა განსაკუთრებით საფერავის ყურძნის ჯიშზე და ფასმა სექტემბრის პირველ-მეორე კვირაში 3 ლარსაც კი გადააჭარბა. შესაბამისად, ბაზარმა არ მიიღო ის ფასები. ყურძნის ფასის გაზრდამ ღვინის გასაყიდი ფასის ზრდაც გამოიწვია. ჩვენ მივიღეთ ის, რომ იმპორტიორები და დისტრიბუტორები რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში და სხვა ქვეყნებში, იყვნენ გაოცებულები და უფრო მეტიც, უკმაყოფილონი რადგან მათ თქვეს: ჩვენ თუ გავზრდით ფასებს ჩვენი კლიენტებისთვის, განსაკუთრებით, ქსელური კლიენტებისთვის, ისინი ამ ფასებს არ მიიღებენ და თუ არ გავზრდით ამ ფასებს, მაშინ ჩვენი მოგების წილი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. ორივე შემთხვევაში ეს იყო ცუდი შედეგი. მივიღეთ შემდეგი სტატისტიკა: თუკი ავიღებთ გასული წლის პირველ 2 კვარტალს, წლევანდელი წლის პირველ ორ კვარტალში ქართული ღვინო რუსეთში ყველაზე მაღალი პროცენტით არის შემცირებული. ეს პროცენტია 59. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩილედან რუსეთში იმავე პერიოდში შემცირება მხოლოდ 20%-ია, ესპანეთის შემცირება არის 27%, იტალიის შემცირება, რომელიც მისი ავტორიტეტით და საფასო სეგმენტით ქართულ ღვინოებზე უფრო ძვირია, არის 34%. ეს არის სტატისტიკა. ბაზარმა არ მიიღო ის, რაც მოხდა შარშან, 2014 წელს. ეს ფასი იყო არანორმალური, არალოგიკური. ამიტომ თუ ვინმეს წლევანდელი და შარშანდელი ფასების შედარება უნდა, ეს არასწორია.- ერთია, რომ ქართული ღვინის ექსპორტზე კრიზისმა იქონია გავლენა. მეორეა გაზრდილი ფასი, რომელიც გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა ქართულ ღვინოზე. რამდენად სწორია სახელმწიფოს ჩარევა სუბსიდიის სახით, რთველის მიმდინარეობისას? გასულ წელს, როგორც მახსოვს, სახელმწიფო სუბსიდიით არა მევენახეებს, არამედ მეწარმეებს ეხმარებოდა.
გიორგი მარგველაშვილი:
სახელმწიფო სუბსიდიით ეხმარებოდა მევენახეებს, ოღონდ მეწარმეების მეშვეობით. მეწარმეები ამ შემთხვევაში იყვნენ გამტარები. მეწარმე იღებდა სუბსიდიას და იმას უხდიდა გლეხს.- ანუ, შარშან მეწარმეს ყურძენში უფრო ნაკლების გადახდა არ უწევდა?
გიორგი მარგველაშვილი:
არა, შარშან გაცილებით მეტი გადაიხადა ყურძენში. იმიტომ რომ მოთხოვნა იყო და საწყისი ფასი გაცილებით მაღალი იყო. სუბსიდიის გარეშე.- შესასყიდ ფასში მეწარმეს სახელმწიფო არ დაეხმარა?
ზურაბ მარგველაშვილი:
მოდით, გავმიჯნოთ. სუბსიდია ”რქაწითელზე” შარშან, 2014 ში 1 კგ-ზე იყო 35 თეთრი, წელსაც არის 35 თეთრი. შარშან, საფერავზე სუბსიდია იყო 15 თეთრი, წელსაც არის 15 თეთრი. სუბსიდია რაც იყო შარშან, იგივე არის წელსაც. განსხვავდება ფასი, რომელსაც ჩვენ ვუხდით გლეხს.გიორგი მარგველაშვილი: სუბსიდია არ ეხმარება მეწარმეს ფასის გაიაფებაში. მეწარმე იხდის საბაზრო ფასს. სუბსიდიის მთავარი აზრი შემდეგი იყო: მოთხოვნა დაბალი იყო და იყო რისკი, რომ საბაზრო ფასი იქნებოდა უფრო დაბალი, ვიდრე მოვლის ხარჯი, შესაძლოა გლეხს ვერ აენაზღაურებინა ის ფინანსური დანახარჯები, რაც მას ჰქონდა წლის განმავლობაში ყურძნის მოვლა-პატრონობაზე, ამიტომ სუბსიდია განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ მევენახისთვის. სახელმწიფო შემოვიდა ამ სუბსიდიის კომპონენტით. მოკლევადიანი კუთხით სუბსიდიის გამოყენება, რა თქმა უნდა, კარგი, გონივრული და ეფექტურია. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველია, სახელმწიფო ბიუიჯეტიდან სუბსიდია არ იხარჯებოდეს. არამედ სახელმწიფომაც და დარგმაც უნდა შექმნან იმდენად დიდი მოთხოვნა ქართულ ღვინოზე საზღვარგარეთის ბაზრებზე, რომ გაჩნდეს ადეკვატური მოთხოვნა იმ მოსავლიანობაზე, რისი მოყვანაც მევენახეებს შეუძლიათ. ანუ დარგმა მოახდინოს მთლიანი მოსავლის შესყიდვა, საბოლოო პროდუქტად ქცევა და მერე ექსპორტირება.
- რომ არა წელს სახელმწიფოს სუბსიდია, ყურძნის სარეალიზაციო ფასი ხომ უფრო დაბალი იქნებოდა?
გიორგი მარგველაშვილი:
ყურძნის სარეალიზაციო ფასი წელს არის 70 თეთრი ”საფერავის” შემთხვევაში, რქაწითლის - 35 თეთრი. ეს, სუბსიდიის გარეშე. საბაზრო ფასში სუბსიდია, როგორც კომპონენტი, არ მონაწილეობს. საბაზრო ფასი არის ერთი, სუბსიდია არის დანამატი სახელმწიფოს მიერ, მევენეხესთვის. რამდენი იქნება სუბსიდია, მეწარმისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სუბსიდიას მნიშვნელობა აქვს მევენახისთვის იმიტომ, რომ ის იღებს ამ სუბსიდიას და არა - მეწარმე. მეწარმე მაინც გადაიხდის საბაზრო ფასს.- თუმცა ფიქრობთ, რომ ბიზნესის ამ სექტორში სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს?
გიორგი მარგველაშვილი
: უნდა ჩარეულიყო პირველ კრიზისულ წლებში და ერეოდა კიდეც. მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს და დარგს მოეძებნა სათანადო გასაღების ბაზრები, გაგვეზარდა ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად, რომ სუბსიდიით ჩარევა აღარ ყოფილიყო საჭირო. ანუ მომხდარიყო მნიშვნელოვანი ინვესტიციები ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, გარკვეული მიზეზების გამო. იოლი არ არის ამის გაკეთება. ვერც ერთ, ვერც ხუთ და ვერც ათ წელიწადში ვერ ჩაანაცვლებ ისეთ ბაზარს, სადაც არის მრავალმილიონიანი მოთხოვნა. რუსეთის ბაზარს მიჰქონდა, დაახლოებით 50 მილიონი ბოთლი ემბარგომდე. 50 მილიონი ბოთლის სხვა ბაზრებზე გატანა ძალიან რთული ამოცანაა. ეს ვერ მოხერხდა, ამიტომაც სახელმწიფოს უწევს კვლავ ამ სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთის ტარება და გლეხისთვის სუბსიდიის გადახდა. ეს ასევე გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ვენახების დიდი პროცენტული წილი არის მევენახეების ხელში. ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი ფლობენ ვენახებს, მაგრამ გაცილებით მცირე წილს. ისინი ერთი დარგის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ორ განსხვავებულ ინტერესს წარმოადგენენ. ვენახები რომ იყოს ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, სახელმწიფოს ჩარევა საჭირო გახდეს. მწარმოებელი კომპანიები თვითონ გაართმევდნენ თავს ამ ტვირთს.- თუმცა გლეხებისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა. რითი უნდა ირჩინონ გლეხებმა თავი, თუკი ვენახების დიდი ნაწილი საწარმოების ხელში იქნება?
გიორგი მარგველაშვილი:
კარგი შეკითხვაა, ისტორიულად ჩამოყალიბდა ასე, რომ მევენახეები იყვნენ ფიზიკური პირები და ეს იყო ოჯახური მეურნეობები, ღვინის საწარმოები კი იყო ცალკემდგომი ორგანიზაციები. საბჭოთა კავშირის დროს. თუმცა თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიო ქვეყნებში, ანალოგიურ დარგში როგორ ვითარდებოდა ეს დარგი, აღმოვაჩენთ რომ ვინც ფლობდა ვენახებს, მერე მათ შექმნეს წარმოება. ისინი ცხოვრობდნენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში და მათვე შექმნეს ღვინის წარმოება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ვენახების დიდი პროცენტული წილი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეკუთვნის.- რა ყიდის ქართულ ღვინოს - ისტორია, გემო, ხარისხი თუ კარგად დაგეგმილი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანია?
გიორგი მარგველაშვილი:
თითქმის ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, მაგრამ პირველ რიგში ისტორია, რადგან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ტერიტორიაზე, რომელზეც თანამედროვე ქართველები ვცხოვრობთ, ხალხმა პირველად დაიწყო ვაზის ჯიშების მოყვანა ღვინის წარმოების მიზნით 8 ათასი წლის წინ. ამ 8 ათასი წლის განმავლობაში რთველი არ ჩავარდნილა და იყო ღვინის წარმოების უწყვეტი ჯაჭვი. მეორე: ყურძნის ჯიშები. უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი თვისობრივი, ხარისხობრივი მახასიათებლებით და მერე კლიმატი. ნიადაგი, მზიანი და ნალექიანი დღეების რაოდენობა და ლანდშაფტის ექსპოზიცია - ამ სამი ცვლადის ერთობლიობა ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება და ასევე, კლიმატური მიკროზონების მრავალფეროვნება. ერთსა და იმავე ყურძნის ჯიშისგან ჩვენ ვიღებთ გემოვნური თვისებებით განსხვავებულ ღვინოს იქიდან გამომდინარე, თუ რომელ მიკროზონაშია მოყვანილი. მაგალითად, ”საფერავისგან” ჩვენ ვაკეთებთ ”ნაფარეულს”, ”მუკუზანს”, ”ახაშენს”, ”ქინძმარაულს”. ანუ ერთსა და იმავე ყურძნის ჯიშიდან 5-6 სხვადასხვა ტიპის ღვინო გამოდის. ეს ყველაფერი ღვინოს ხდის საინტერესოს. როდესაც იღებს ღვინის მოყვარული ან პოტენციური მყიდველი ან იმპორტიორი ინფორმაციას, ინტერესდება ამ ღვინით, და მერე ყოველი ისტორია და მონაყოლი უნდა გამართლდეს ბოთლში არსებული ხარისხით. ღვინო უნდა იყოს უნიკალური, განსხვავებული, ხარისხიანი. პირველი შესყიდვა ხდება ამის მერე.- ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მევენახეებს, მათ ვინც უკმაყოფილო იყო ფასით და რთველის პირველ ეტაპზე მაინც უარი თქვა ჩაებარებინა ღვინის ქარხნებისთვის მოწეული მოსავალი, ერთგვარი რჩევა მისცა, გაიხსენონ ოჯახებში ღვინის წარმოების ტრადიციები და ქვევრებში დააყენონ ღვინო. თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მიდგომა და შესაძლებელია თუ არა მევენახისთვის ეს იყოს გარკვეულწილად, კომერციულად მომგებიანი საქმიანობა?
ზურაბ მარგველაშვილი:
მე შემიძლია გაგას ნათქვამს დავამატო ის, რომ ჩვენი უნიკალურობა, გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული და სამეცნიერო კვლევებიდან გამომდინარე, არის ასევე ქვევრის ტექნოლოგია, რომლის სამშობლოც ნამდვილად არის საქართველო. ძალიან კარგია ის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვევრის ღვინის წარმოებაში. მათ შორის, 2010 წლიდან ჩვენმა კომპანიამაც დაიწყო ჯერ ქვევრის თეთრი ღვინის წარმოება და უკვე 2012 წლიდან დავიწყეთ ქვევრის საფერავის წარმოება და ეს ღვინო წლიდან წლამდე როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხდება პოპულარული. ექსპორტზე მისი გაყიდვები არ არის მაღალი იმიტომ, რომ ქვევრის ღვინო რამდენადაც უნიკალურია, იმდენად ლიმიტირებულია და ფასით უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა დანარჩენი ღვინოები, მაგრამ ღვინოს მოყვარულებისთვის, ღვინის პროფესიონალებისთვის, ეს ღვინო იყო, არის და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იქნება. რაც შეეხება ღვინის ეროვნული სააგენტოს რჩევას, მევენახეებისთვის, ეს ძალიან ბუნებრივი და ნორმალური რჩევაა.- ბატონო ზურაბ, თქვენ აკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ყურძნის გარკვეულ რაოდენობას ის ყიდულობდა, შემდეგ გადაამუშავებდა ამ ყურძენს, თუმცა დაახლოებით იმავეს აკეთებს ახლანდელი ხელისუფლება. როგორც ვიცი, ყურძნის გარკვეული მარაგი მათაც იყიდეს, გადაამუშავეს და აპირებენ ნაწილი ღვინომასალად დაამზადონ და შემდეგ კომპანიებს მიყიდონ დაინტერესების შემთხვევაში, ნაწილი სპირტად აწარმოონ. რა განსხვავებაა ხელისუფლების მიდგომებს შორის?
- როდესაც სახელმწიფო იძენს ჭარბ მოსავალს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოხატავს მევენახეების მიმართ, რომ მათ წყალში არ გადაეყაროთ შრომა. მაგრამ რა მეთოდებით და ხერხებით ხდება ეს ყველაფერი, ამაში არის დიდი განსხვავება. არაერთხელ მაქვს წინა თაობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ნათქვამი, და ცნობილია ჩვენი და რამდენიმე კომპანიის პოზიცია, რომ ჩვენ ამას კი არ ვაკრიტიკებდით, მოგვყავდა არგუმენტები, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და რა ზიანს მოუტანდა ეს ქართულ მეღვინეობას. ამან რეალურად, ზიანი უკვე მოუტანა. პრობლემა იყო ის, რომ რთველი იწყებოდა, არსებობდა ასეთი კომპანია ”გრუზინპრომი”, რომელიც სახელმწიფოს მიერ იყო დაარსებული და ის 7-8 ქარხანას მართავდა და ამ ქარხნებში ხდებოდა მევენახეებისგან ყურძნის შეძენა. მაგრამ ყურძნის შეძენას ”გრუზინპრომი” მაშინ იწყებდა, როდესაც ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში არ იყო შესული. როგორ შეიძლება გლეხი მიეჩვიოს, რომ მისი არამწიფე ყურძენი ნებისმიერ შემთხვევაში გაიყიდება. მას უკვე მოტივაცია აღარ აქვს, რომ ყურძენს სათანადოდ მოუაროს და დაელოდოს მის ტექნიკურ სიმწიფეს, რაც აუცილებელია მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. კომპანიები იძულებული ვხდებოდით ჩავრთულიყავით ამ ჭიდილში და შეჯიბრში, რომ გვეყიდა ნაკლებად მკვახე ყურძენი. რაც ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით სწორი არ იყო. ეს აუცილებლად ცუდად აისახებოდა ქართული ღვინის ხარისხზე და აისახა კიდეც. არამარტო კრიზისია დამნაშავე, რომ ქართული ღვინის რეალიზაცია არ იზრდება. გარდა ამისა, იყო სხვა შეზღუდვებიც, რომლებზეც აღარ ღირს საუბარი. ჩვენ წინ უნდა ვიხედებოდეთ და მომავალზე უნდა ვსაუბრობდეთ. ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო იქცევა ისე, როგორც ამას ითხოვს ბაზარი და აქედან გამომდინარე, დარგი. ჩვენ, ღვინის კომპანიები რა ყურძენსაც შევიძენთ, მოგვეცით ამის შეძენის თავისუფლება, იმის მერე, როდესაც ღვინის კომპანიებს აღარ აქვთ მოთხოვნა და ყურძნის შეძენის საჭიროება, რაც დარჩება ჭარბი მოსავალი, შეიძინოს სახელმწიფომ. ბოლო წლებია (და წელსაც) ამ მოდელით ხდება ყურძნის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან.
- ბოლო შეკითხვით თქვენთან გადმოვდივარ, ბატონო გიორგი: არც ისე გავრცელებული გვარია თქვენი გვარი. პრეზიდენტი თქვენი ნათესავია თუ უბრალოდ, მოგვარე?
- მოგვარე.
- პირადად თუ შეხვედრიხართ?
- ორჯერ შევხვედრივარ, პრეზიდენტობამდე. ეს იყო მოკლე, გაცნობითი შეხვედრები.