დაფნის ფასმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დასავლეთ საქართველოში 1 კგ ფოთოლს 4-4,5 ლარად იბარებენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ფასად დაფნა არასდროს გაყიდულა. მკვეთრი მატება რუსეთსა და თურქეთში გაზრდილმა ექსპორტმა გამოიწვია.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დაფნის ფოთოლს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. იგი ახლაც მოთხოვნადი პროდუქტია.
"საქსტატის" მონაცემებით, შარშან 4,182 ათასი ტონა დაფნა გავიდა ექსპორტზე. აქედან 36% - რუსეთში. სიდიდით მეორე ექსპორტიორი თურქეთი იყო. 22%-იანი წილით. 2013 წელს მსოფლიოს 12 ქვეყანაში 2 423 188 კგ დაფნის ექსპორტი განხორციელდა, აქედან რუსეთში 20 ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა. რუსეთში ქართული დაფნა ებმარგოს პირობებშიც გადიოდა, ოღონდ მესამე ქვეყნების, ძირითადად, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის გავლით. 2015 წლის დასაწყისში კი ექსპორტზე 1,068 ათასი ტონა გაიტანეს, საიდანაც 52,5% თურქეთზე მოდის. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის უკრაინა, ყაზახეთი, ნიგერია, ფილიპინები, უზბეკეთი და ა.შ.საბჭოთა პერიოდში დაფნის გაშენების ბუმი იყო დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ხობის რაიონი, ფაქტობრივად, ამ მცენარით იყო გადაფარული. სამეგრელოდან დაფნა საკონსერვო მრეწველობას და სხვა დარგებს ამარაგებდა. მერე მოხდა ისე, რომ იკლო ფასმა და მოსახლეობამაც მისი წარმოების მიმართ ინტერესი დაკარგა. ამჟამად სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში დაფნის საკარმიდამო ნაკვეთებია. ყველაზე კარგად იგი ხობში შემორჩა. რამდენადმე შენარჩუნებულია სენაკში, ზუგდიდის რაიონსა და სამტრედიაში.
ხობელი ფერმერის, გია ჭანტურიას ინფორმაციით, დაფნას დიდი ოდენობით ყიდულობენ თურქები.
მისი თქმით, პროდუქტის გადამუშავება და დაფასოება მეზობელი ქვეყნის ქარხნებში ხდება და ექსპორტზე ევროპაში გადის. საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა რუსეთიდანაც. "ბაზარზე დაფნის მიმართ მოთხოვნა დიდია. ჩვენ ექსპორტს, ძირითადად, რუსეთსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ვაწარმოებთ, თუმცა მზარდია შეკვეთა თურქეთის მხრიდან. მოსავლიანობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ხობის რაიონში დაფნა ათასობით ჰექტარზეა გაშენებული. ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია ციტრუსთან ერთად. ერთი ძირი დაფნის ხიდან, საშუალოდ, 2-3 კგ იკრიფება. როცა ხე არის ძველი, მოსავალიც გაცილებით მეტია. წელს ხარისხის მხრივ ცოტა პრობლემაა, რადგან გვალვამ ფოთლის ხარისხზე იმოქმედა. ფასის გამო დაფნის წარმოების მიმართ მოსახლეობის ინტერესი აშკარად გაიზარდა, რასაც დაფნის ნერგზე დიდი მოთხოვნაც ადასტურებს," - ამბობს ხობელი გლეხი.სამეგრელოს დანარჩენ რაიონებში მოსახლეობას დაფნა საკარმიდამო ნაკვეთებში მოჰყავს. ზუგდიდის რაიონის მკვიდრი გიზო ცირდავა ამბობს, რომ წლების წინათ დაფნა, თხილთან ერთად, ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. "უამრავი ოჯახი დაფნის გაყიდვით ირჩენდა თავს. მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ სარგებელიც მოჰქონდა. ზოგი რუსეთში აგზავნიდა, ზოგიც ადგილზე ყიდდა. 1 ტონამდე ვაწარმოებდით, მაგრამ მოთხოვნის დაცემის შემდეგ, მოგვიწია დაფნის ნაკვეთების განადგურება. იმ პერიოდში ფიზიკურად იყო შეუძლებელი დაფნის გაყიდვა, არსად იბარებდნენ. ამიტომ სხვა კულტურების მოყვანას მივყავით ხელი. მცენარეების ნაწილი მაინც შემოგვრჩა და 3 წლის წინათ ახალი ნერგებიც ჩავყარე. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოთხოვნა ასე გაიზრდებოდა. დღესდღეობით დასავლეთ საქართველოში დაფნის წარმოება ერთ-ერთი აქტიური ბიზნესია. რიგიანი მოვლის შემთხვევაში, ნახევარ ტონამდე მოსავალს ველოდები. ამ შემოსავლით ოჯახის რჩენა საგრძნობლად გამიადვილდება. მთავარია, წარმოება გაიზარდა, რის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. ტრადიციული კულტურების შესანარჩუნებლად მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გვქონდეს," - ამბობს გიზო ცირდავა.
დაფნის წარმოების დიდი წილი საბჭოურ ეპოქაში აფხაზეთზე მოდიოდა. ცხადია, დღეს არც გაგრის დაფნის პლანტაცია არსებობს და არც შიდა მეურნეობებშია შემორჩენილი. ერთადერთი გამონაკლისი არის გალის რაიონი, სადაც დაფნა საკარმიდამო ნაკვეთებში ხარობს. ქართველებით დასახლებულ რაიონში დაფნის ნარგავების გარეშე ოჯახს დღესაც იშვიათად შეხვდებით. ხშირ შემთხვევაში, მას უკვე აღარ აქვს სარეალიზაციო დანიშნულება და ეზოების დეკორაციის მიზნით იყენებენ.
გალელები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაფნის გაყიდვას საერთოდ ვერ ახერხებდნენ. პირველად შარშან გამოჩნდნენ დაფნის შემსყიდველები, რომლებმაც იგი მიზერულ თანხად ჩაიბარეს. "ადრე დაფნის დიდი პლანტაცია გვქონდა, მაგრამ რეალიზაციის პრობლემის გამო, გამოუსადეგარი გახდა და ნაწილი ამოვძირკვეთ. ნაწილი, რომელიც ეზოს შიდა ღობეების მაგივრობას სწევდა, დავტოვე. ნაწილსაც დეკორაციისათვის ვიყენებ. შარშან პირველი მყიდველებიც გამოჩნდნენ და მათ ჩავაბარე. აფხაზები იყვნენ, დაფნა რუსეთში გააქვთ. წელსაც ვაპირებ რეალიზაციას, უკვე ზუგდიდის რაიონში, სადაც რამდენიმე მეწარმე პროდუქციის შესყიდვითაა დაკავებული. ბოლო დროს მოსახლეობაც დაინტერესდა. შარშან 1 კგ 2 ლარი ღირდა. ფასმა წელს 4 ლარამდე აიწია, როგრც ჩანს, მოთხოვნა გაჩნდა," - ამბობს რაულ გოგოხია, გალის რაიონის მკვიდრი.
ცნობისთვის, დაფნა, როგორც ტყეში მზარდი მცენარე, მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში, არქანჯელო ლამბერტის "სამეგრელოს აღწერაში". იგი სხვა მრავალ წყაროებშიც გვხვდება.
საარქივო მასალების მიხედვით, ქუთაისის გუბერნიის დაბლობ ადგილებში (ოზურგეთის მაზრაში, მდ. რიონისა და მდ. ყვირილას მრაცხენა სანაპიროებზე, შავი ზღვის სანაპიროებისაკენ და სხვა) ყოფილა დაფნის ტყეები. მთიან ზონაში კეთილშობილი დაფნაც ხარობდა. ბუნებრივი დაფნის ხშირი ტყე ყოფილა გავრცელებული მარტვილის რაიონში, მაგრამ შემდეგ იგი მთლიანად გაუჩეხიათ. მე-10 საუკუნის ბოლოს მარტვილის რაიონში გადარჩენილი იყო 1 დაფნის ხე, რომლის სიმაღლე 19 მეტრი, ხოლო ვარჯის სიმსხო ერთ მეტრზე მეტი იყო.ლიტერატურული მონაცემებით, დაფნა საქართველოში შემოტანილი იქნა V-VI საუკუნეებში ჩვ. წ. აღ-მდე, ბერძენთა პირველი ახალშენების დროს. მე-19 საუკუნეში დასავლეთ საქართველოში დაფნა ექსპორტის საგანს წარმოადგენდა - ცალკეულ პერიოდში გატანილი ფოთლის რაოდენობა 700-800 ტონით განისაზღვრებოდა.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"