როგორც წინა სტატიებში მოგწერეთ, წარმატების მისაღწევად უპირველესად მნიშვნელოვანია იყოთ პროფესიონალები. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ პროფესიონალიზმი არის მათ მიერ წარმატებულად შესრულებული სამუშაო.
დაწინაურებისათვის ბრძოლა მსგავსია ბიზნესში არსებული კონკურენციის. იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში, უნდა იყოთ პირველი ან მეორე. როგორ ფიქრობთ მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაო მოგცემთ საშუალებას, რომ გახდეთ პირველი ან მეორე თანამშრომელი კონკრეტული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში? მე მგონი არა. ის დრო ეტაპობრივად მიდის, როცა ადამიანებს მხოლოდ ნაცნობობის მიხედვით აწინაურებდნენ. ახლა ყველა ნორმალური ბიზნესმენი უყურებს შედეგებსა და მომგებიანობას და არავინ არ დააწინაურებს ახლობელს, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია წარმატების მოტანა კომპანიისათვის.
გახსოვდეთ, რომ სამსახურში მხოლოდ კარგად შესრულებული სამუშაო არ მოგცემთ საშუალებას გახდეთ საუკეთესო, თქვენ კი სწორედ ეს გჭირდებათ კარიერაში წარმატების მისაღწევად. ისმება კითხვა — რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად?
პირველ რიგში, მიიღეთ განათლება, იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, გაიარეთ ყველა შესაძლო ტრენინგი, დაესწარით ყველა შესაძლო სემინარს. მიიღეთ გამოცდილება. რაც უფრო დიდი ხნის სტაჟი გაქვთ, მით უფრო გამოცდილები ხართ, თუმცა გამოცდილების უფრო სწრაფად მიღებაც არის შესაძლებელი. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გაანალიზოთ დღის მოვლენები, შეხვედრები კლიენტებთან და თანამშრომლებთან, მიღებული გადაწყვეტილებები და ა.შ. მთავარია, რომ შეაფასოთ ყოველი დღის ბოლოს, რა გაკეთდა კარგად და სად იქნა დაშვებული შეცდომები, იმისათვის რომ მომავალში უფრო სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კარიერაში წარმატების მოპოვების გზაზე, არის პიროვნული თვისებები. მხოლოდ განათლება ვერ მოგცემთ საშუალებას, გახდეთ საუკეთესო. ამისათვის იდეალური მენეჯერის პიროვნული თვისებები უნდა გამოიმუშაოთ.
არ იცით, როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს საუკეთესო თანამშრომელს? მაშინ გაიხსენეთ, ვინ არიან საუკეთესო მენეჯერები თქვენს კომპანიაში, ან უბრალოდ საუკეთესო თქვენს ნაცნობებში. შეეცადეთ, რომ მიბაძოთ მათ, გააკეთოთ სამუშაო ისე, როგორც ისინი აკეთებენ... დამიჯერეთ, ამაში ცუდი არაფერია.
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება სხვამ გააკეთოს, შეგიძლიათ თქვენც. დაიმახსოვრეთ, არავინ არ არის თქვენზე უკეთესი, ჭკვიანი და მოხერხებული. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. არ გადადოთ დრო, დაიწყეთ დღესვე საკუთარ თავზე მუშაობა, წარმატება ხომ ძალიან ახლოს არის.