"2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი"
რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან უცხოეთში დაქირავებული ლობისტური კომპანიებისთვის? - ცოტა ხნის წინ პასუხი ამ შეკითხვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გასცა.
აღნიშნული კვლევისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად IDFI-მ წერილები გაუგზავნა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. თითოეული დაწესებულებიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა აშშ-ის ლობისტურ კომპანიებსა და ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მათ ამ სახელმწიფო უწყებებიდან დაახლოებით ასეთი პასუხი მიიღეს:
ლობისტურ საქმიანობებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენსო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მონაცემი, რომელიც ეხება უცხო ქვეყნებიდან ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობას, ხელმისაწვდომი და საჯაროა. მეტიც, ეს კომპანიები ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებენ ინფორმაციას გაწეული მომსახურებისა და მიღებული საფასურის შესახებ და კონგრესს წარუდგენენ. შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია როგორც აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა. სწორედ ამ მონაცემებით ირკვევა, რომ პირველად ლობისტური კომპანია საქართველომ ამერიკაში 1991 წელს დაიქირავა და ის საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს უწევდა ამერიკის კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობაში, ასევე ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გარდა ამ დახმარებისა, ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ საკუთარ ოფისში თურმე საქართველოს საინფორმაციო ცენტრიც გახსნა. ამ მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანიას თურმე 132 ათასი დოლარი გადაუხადა.IDFI-ს ამ კონკრეტული კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა როგორც სახელმწიფო, ისე ფიზიკური და იურიდიული პირების ლობისტური საქმიანობა 2008 წლიდან დღემდე.
როგორც გაირკვა, ამ პერიოდში საქართველოდან სულ ცხრა დაწესებულება ან პირი სარგებლობდა ამერიკული ლობისტური კომპანიების მომსახურებით: საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და "თავისუფალი დემოკრატები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი. ჩამოთვლილი სუბიექტების ინტერესების წარმოსაჩენად კი 2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი. მათ შორის, ლობისტად დარეგისტრირებული იყო თედო ჯაფარიძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9.585.115 დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირმა და პარტიამ იმავე პერიოდში 5.270.490 დოლარი დახარჯეს."ჯამურად, წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7,2 მლნ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. ეს მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გასწიეს ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.
ერთი წლის მანძილზე, ყველაზე მეტი თანხა, 2008 წლიდან 15 წლამდე პერიოდში, გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა მან ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან და შეწყვიტა 2012 წელს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ლობისტურ საქმიანობაზე, მოცემული წლების განმავლობაში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა - 6,6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა ეროვნული უშიშროების საბჭომ. განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შედარება 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. როგორც ხელმისაწვდომი მონაცემებიდან ირკვევა, საშუალოდ 2008-2012 წლებში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე იხარჯებოდა წელიწადში 1,4 მლნ აშშ დოლარი, მაშინ როდესაც 2013-2015 წლებში საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარს. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები საშუალოდ 1,5-ჯერ შემცირდა. ასევე საინტერესოა, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო გაცილებით მეტი სახელმწიფო სტრუქტურა - საქართველოს მთავრობის გარდა, ლობისტურ კომპანიებს თანხებს ურიცხავდნენ ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. ხოლო არჩევნების შემდეგ, ლობისტურ საქმიანობაზე მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს გადარიცხული თანხები", - ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.
საინტერესოა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ის ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გააგრძელა და მხოლოდ გასულ წელს ამ საქმიანობისთვის 42 ათასი დოლარი დახარჯა.
როგორც ირკვევა, ლობისტური კომპანიები "ნაციონალურ მოძრაობას" ეხმარებოდნენ კონგრესის წევრებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობოებთან კომუნიკაციაში.ვანო მაჭავარიანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი:
"ამ კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ ლობისტური კომპანიებისა, მუშაობს მთავრობის კონკრეტული ჩინოვნიკების წარმოჩენაზე. როგორც ჩანს, არსებობს პრობლემა მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებისა. და ეს კეთდება იმ ფონზე, როცა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო არენაზე წარდგენის შესაძლებლობა ბოლომდე არ ეძლევა. პრეზიდენტმა ისაუბრა კიდეც ამის შესახებ. მინიშნებაც იყო, რომ საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები: ხომ არ ხდება გარკვეულწილად დაკნინება სხვა ინსტიტუტებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კონკრეტული მიდგომა. არადა, ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ლობისტური კომპანიები სახელმწიფო ინტერესებისთვის მოქმედებდნენ, მათ შორის მუშაობდნენ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა, პოლიტიკური დიალოგი, ღვინის თუ კონკრეტული პროდუქციის ექსპორტის წახალისება. სწორედ აქ ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზედმეტად პოლიტიზებულია ლობისტური კომპანიების საქმიანობა და ზედმეტად მორგებული კონკრეტულად მთავრობის, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წარმოსაჩენად, რაც თავისთავად არაეფექტურია. არადა, რა გვინდა ჩვენ ლობისტური კომპანიებისგან, რომლებიც შეერთებულ შტატებში თუ ევროპის ქვეყნებში მუშაობენ? სახელმწიფომ, ქვეყანამ უნდა მიიღოს მეტი სარგებელი, იქნება ეს საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, კანონმდებლობის სრულყოფა თუ სხვა. ისე, როგორც ამას აკეთებს ძალიან ბევრი ნორმალური ქვეყანა და რაც საგარეო პოლიტიკის ნაწილია. ამაში ახალი არაფერია, უბრალოდ, ეს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ინტერესებს და არა მთავრობას, რომელიც თავს წარმოაჩენს, როგორც სახელმწიფო".გია ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი:
"ლობისტებზე ფულს მხოლოდ საქართველო არ ხარჯავს, სხვა სახელმწიფოებიც ხარჯავენ და ეს სწორია. მით უფრო, ლობისტურ კომპანიებს უნდა ქირაობდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა. მაგრამ ფული უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან, მისი ინტერესებიდან გამომდინარე და არა ხელისუფლების. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიები იცვლებიან, ხოლო სახელმწიფო ინტერესები მუდმივად რჩება. მონაცემები, რომელთაც ზემოთ მოყვანილი კვლევა ცხადყოფს, ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა. ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდში, როცა ლობისტურ კომპანიებზე სათანადო თანხები იხარჯება, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილია, ხოლო როგორც კი თანხები ამ მიმართულებით მცირდება (დაახლოებით 170 ათასი, რომელიც მთავრობას მიმდინარე წლის განმავლობაში აქვს დახარჯული, სათვალავში არც არის ჩასაგდები, იმდენად მცირეა), ქვეყანა საერთოდ ამოვარდნილია საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ხელისუფლება საელჩოებს ავალებს ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესების სამსახურს. ასეთი "მესიჯები" მიდის ჩვენს პარტნიორებთან. არც საელჩოები და არც ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი ბიუჯეტის ფული არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. ეს ის ფულია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და გადასახადის გადამხდელები ვიხდით სწორედ იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული.საერთოდ, რა კავშირია საარჩევნო პერიოდსა და სახელმწიფო ინტერესების ლობირებასთან? თუ ლობისტებში გადახდილი საბიუჯეტო ფული საარჩევნო პერიოდში იზრდება, ეს კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ნაკლებად ვჩანვართ საერთაშორისო რადარებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ხელისუფლებამ დაიქირავა, ცუდად მუშაობენ, ან ფაქტობრივად აღარ გვყავს ლობისტები და შედეგებიც სახეზეა. ასეთი ინფორმაციაც კი მქონდა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა ლობისტური კომპანია ბრიუსელში ევროკავშირთან ურთიერთობისთვის. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიქირავეს ის კომპანია, რომელიც მუშაობს რუსეთის ფედერაციასთან და მათი ლობისტია ევროპის კავშირთან. როგორ წარმოგიდგენიათ ერთი და იგივე კომპანია ერთდროულად ლობირებდეს საქართველოს და რუსეთის ფედერაციას? თუ ასეთი მაგალითები სხვა შემთხვევაშიც გვაქვს, ბუნებრივია, სასურველი შედეგი არ გვექნება".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"