ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

"ხილის იმპორტიორი ქვეყნები ჯერ ყიდულობენ აქაურ მოსავალს და საკუთარ სამაცივრე სისტემებში ინახავენ, ზამთარში კი ისევ შემოაქვთ, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასებში."

აგრობიზნესში დასაქმებულები დარგის ძირითად პრობლემად ლოჯისტიკის არარსებობას ასახელებენ. ნანა თორდია შპს ,,გემოანის" მფლობელი და დირექტორია. 2011 წლიდან კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს კივის მოსავალზე აკეთებს, თუმცა კომპანიის მფლობელობაში არსებული 105 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილი თხილის პლანტაციებსა და სამურაბე ჯიშის კაკლებსაც უჭირავს.

,,ძალიან დიდ დაბრკოლებას გვიქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგიონალური ლოჯისტიკური პაკეტი ძალიან განუვითარებელია. მოსავლის მოგროვებისა და შენახვის პრობლემა სერიოზული თემაა. ჩვენ ამ პრობლემას გადავაწყდით და ვერ მოვნახეთ გზა, რომლითაც მას გადავჭრიდით, ამიტომ იძულებული გავხდით საკუთარი სამაცივრე სისტემა გაგვემართა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 150 000 დოლარი ესაჭიროება მაცივარს, რომელშიც 100 ტონამდე ხილი დაეტევა. იანვარში ჩვენ გვექნება აღნიშნული სამაცივრე სისტემა. კივი, უკეთეს შემთხვევაში,  შესაძლებელია 9 თვემდე დარჩეს იქ და არ გაფუჭდეს. საერთოდ პირიქით ხდება, საქართველოში ხილის იმპორტიორი ქვეყნები ჯერ ყიდულობენ აქაურ მოსავალს და საკუთარ სამაცივრე სისტემებში ინახავენ, ზამთარში კი ისევ შემოაქვთ, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასებში", - ამბობს ნანა თორდია.

ნანა თორდიას თქმით, აგრობიზნესი რთული თემაა, წლები სჭირდება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მოგების მოლოდინი კი შეიძლება გქონდეს 3-4 წლის შემდეგ.

,,წელს პირველი კომერციული მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 50 ტონა კივს ველოდებით. მომავალი წლის პესიმისტური გათვლებით უკვე 150-200 ტონას ვვარაუდობთ, მოსავალი თანდათან იზრდება და ვფიქრობთ, 450 ტონაზეც ავალთ. უახლოეს ორ კვირაში გადაწყდება, რა მიმართულებით იქნება შესაძლებელი მისი რეალიზაცია. განვიხილავთ გერმანიასა და რუსეთში ექსპორტზე გასვლას, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ მსხვილ სუპერმარკეტებში ჩაბარებასაც არ გამოვრიცხავთ. ფასი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, დროზე, საახალწლოდ კივის ღირებულება იმატებს. დღესდღეობით ფასი ძალიან დაბალია, საწარმოებში ჩასაბარებელი ყველაზე მაღალი ღირებულება 1-დან 1.50 ლარამდე, ხოლო მაღაზიებში 5-დან 7 ლარამდე მერყეობს. ნებისმიერი ხილი იყოფა კატეგრიებად. მესამე და მეოთხე კატეგორია, რაც არის ძალინ კარგი ნედლეული, მაგრამ ზომიდან გამომდინარე, არ ჯდება სტანდარტებში, ძირითადად მიდის საწარმოებში და მისი ფასი ამ ეტაპზე 50-60 თეთრს უდრის. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი ხარისხის პროდუქტი სუპერმარკეტებში რეალიზდება. ჩვენ თავად ვიწყებთ ხილის გადამამუშავებელ ქარხანაზე მუშაობას და ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიის დანერგვას. მშენებლობა დაწყებულია, თეორიული ნაწილი, ბიზნესგეგმები, გრანტები, ბანკთან შეთანხმებები - მოგვარებული გვაქვს. საბოლოო პასუხს ველოდებით ,,აპმასგან." ვფირობ, რომ უარეს შემთხვევაში წარმოება მაისში უნდა დავიწყოთ", -აღნიშნა ნანა თორდიამ bpn.ge-ისთან საუბრისას.

ქრისტინე გამთენაძე