"იყავი ადამიანი და არა უფროსი"- დავით კენჭაძე

მინდა გავიხსენო ერთი ისტორია საკუთარი გამოცდილებიდან. გარკვეული პერიოდის წინ, შევდიოდი ერთ-ერთ მაღაზიაში მეგობართან ერთად და ამ დროს შემოგხვდა ორი ბიჭი, რომლებიც მაღაზიიდან გამოდიოდნენ. ერთ-ერთ მათგანს საკმაოდ უსიამოვნოდ მიესალმა ჩემი მეგობარი, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია, რადგან ეს ადამიანი საკმაოდ კეთილი და კომუნიკაბელურია და მსგავსი ქცევა არაა დამახასიათებელი მისთვის. შესაბამისად, ბუნებრივია დამაინტერესა, თუ რა იყო მათი ასეთი უსიამოვნო შეხვედრისა და გამოლაპარაკების მიზეზი. პასუხი შეკითხვაზე იყო ძალიან საინტერესო - მან მითხრა, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელთანაც მუშაობდა წლების განმავლობაში. ის იყენებდა თავის თანამდებობას ბოროტად და იყო უბრალოდ არაკაცი. თანამდებობას იყენებდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით იმისათვის, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად მოეწყო, როგორც საკუთარი ცხოვრება, ასევე სიტუაცია სამსახურში. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი იწვევდა მისი თანამშრომლების დემოტივაციას. ისინი უკმაყოფილო იყვნენ მასთან მუშაობით.

სამწუხაროდ, ეს არის ტიპური მოვლენა საქართველოში, რადგან დღეს მსგავსი უფროსების რიცხვი საკმაოდ დიდია. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება არცთუ ისე ხაგრძლივია და მუდმივად ვერ იქნებიან ხელმძღვანელ პოზიციებზე. გავა დრო და თქვენი დაქვემდებარებული, შესაძლოა, თქვენივე ზემდგომი აღმოჩნდეს. გავა დრო და ეს ადამიანები აუცილებლად წავლენ თქვენგან, რადგან ცუდ ხელმღვანელთან არავის უნდა მუშაობა. შესაძლოა იმუშაონ თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში და ისინი აუცილებლად წავლენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ, რადგან მსგავსი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ მიუღებელია. მაშინაც კი, როცა ძალიან კარგი გუნდი გხვდებათ სამსახურში, როდესაც თქვენ იქ მიხვედით, წარმოუდგენელია მათი მართვა არაეფექტური და არაადამიანური მეთოდებით. არაა სწორი ისროლო კალამი, ისროლო ტელეფონი, იყვირო, იჩხუბო, აბაკუნო ფეხები და მოითხოვო რაღაცეების გაკეთება თანამშრომლებისგან. დამიჯერეთ, სიყვარულით გაცილებით მეტი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩხუბით, სიძულვილით თუ ძალით. ამიტომ, ჩემი რჩევაა თითოეული ხელმძღვანელისთვის, რომლებიც დღეს მაღალ პოზიციაზე მუშაობენ - იფიქრეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უყვარდეთ ადამიანებს.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, თანამდებობა წარმავალი და მთავარია, თუ რა სახელს დატოვებთ როგორც ადამიანი. ისტორია ადამიანობას უფრო აფასებს, ვიდრე შესრულებულ საქმეს. ამიტომ, იყავით ადამიანი და არა უფროსი, როგორც სამსახურში ასევე თქვენს ცხოვრებაშიც.

წყარო