დროის მართვის ABCDE მეთოდი - დავით კენჭაძე

ალბათ გქონიათ ასეთი სიტუაცია სამსახურში, როცა იმდენი საქმე გაქვთ, რომ არ იცით, საიდან დაიწყოთ. როგორც წესი ასეთ დროს ადამიანი იწყებს მუშაობას სხვადასხვა საქმეზე ერთდროულად-  ერთიდან მეორეზე გადაერთვება, მეორედან - მესამეზე. საბოლოო ჯამში კი უშედეგოდ იხარჯება ძვირფასი დრო. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ალბათ ბევრისთვის ნაცნობი იქნება. გასაკეთებელი გაქვთ რთული საქმე, რომელიც დიდ დროს წაგართმევთ, ამ დროს კი ამ საქმის გადადება ძალიან გინდათ, იმიტომ რომ იცით, შეიძლება მთელი დღე დახარჯოთ მასზე, თავს იჩენს სიზარმაცეც.

წარმატების მიღწევის პირველი წესი არის კონცენტრაცია. უნდა მოიკრიბოთ ძალები და გააკეთოთ მხოლოდ პრიორიტეტული საქმე. არავითარ შემთხვევაში არ გადაერთოთ სხვა რამეზე, არ გაფანტოთ ყურადღება. ეს დაგაზოგინებთ დროს და საბოლოო შედეგები გაცილებით უკეთესი იქნება. რაც უფრო მეტს იფიქრებთ სწორედ დაგეგმვაზე და პრიორიტეტების განსაზღვრაზე, მით უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეძლებთ ამოცანების შესრულებას, მათი დაწყების შემდეგ.

ABCDE მეთოდი არის სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი. ის ძალიან მარტივია და მისი რეგულარულად გამოყენება მოგცემთ საშუალებას, რომ გახდეთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ადამიანი თქვენს სფეროში. ამ მეთოდის სიძლიერე მის სიმარტივეშია, ნახეთ როგორ მუშაობს ის: ჩამოწერეთ ყველა საქმე, რომელიც გაქვთ გასაკეთებელი შემდეგი დღისათვის, გვერდით კი მიუწერეთ შესაბამისი ასოები. აქვე განვსაზღვროთ, რას ნიშნავს თითოეული ასო:

A არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლის გაკეთება აუცილებელია იმავე დღეს. მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს. შესაძლებელია ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებს მიანიჭოთ შესაბამისი ნუმერაციაც, მაგალითად A1, A2, A3 და ა.შ

B არის აგრეთვე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც უნდა გაკეთდეს შერჩეულ დღეს, თუმცა ის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე A. მინდა გითხრათ მნიშვნელოვანია წესი, არასდროს არ დაიწყოთ მუშაობა B ამოცანაზე მაშინ, როდესაც A არ გაქვთ დასრულებული.

C ეს არის ისეთი ამოცანა, რომლის გაკეთება კარგი იქნებოდა მიმდინარე დღეს, თუმცა თუ არ გაკეთდება, ამის გამო არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

D არის ამოცანა რომლის დელეგირება არის შესაძლებელი, მნიშვნელოვანია, რომ მოგვიანებით მოხდეს მისი შესრულების მოკითხვა.

E ამოცანა ისეთია, რომლის გაკეთება-არგაკეთება არ არის დაკავშირებული სამსახურთან, მენეჯერები ხშირად იყენებენ პირადი საქმეების ჩასანიშნად.

გამოიყენეთ ეს წესი ყოველდღიურად იქამდე, სანამ დაიწყებთ მუშაობას შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ თქვენ მიეჩვევით პრიორიტეტების დაწესებას და მის მიხედვით მუშაობას. შედეგად თქვენ დაზოგავთ ძვირფას დროს და ყოველდღიურად შეძლებთ უფრო მეტი საქმის უფრო ეფექტურად შესრულებას.

წყარო