საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ტელევიზიებისთვის აცხადებს ღია კონკურსს, 2016-17 წლების განმავლობაში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) მონაწილეობის მისაღებად. IREX-ის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია შეირჩეს ორი ქართული ტელემაუწყებელი, რომელთა პარტნიორობა ამერიკელ კოლეგებთან ფოკუსირებული იქნება არსებული ონლაინ მულტიმედია რესურსების შემდგომ განვითარებასა და ეფექტიან გამოყენებაზე. "ორმხრივი პარტნიორული ვიზიტების და ადგილზე კონსულტაციების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან ამერიკაში ინტეგრირებული ნიუსრუმის ონლაინ მუშაობის სტილს. მოხდება ამერიკელი კოლეგებისგან გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვებ-გვერდის კონტენტისა და დიზაინის დახვეწა, ფოტო, ვიდეო და ტექსტუალური მასალის მორგება ვებისთვის, სოციალური ქსელის უფრო ინტენსიურად და ეფექტიანად გამოყენება, ეთერისა და ონლაინ რესურსების ინტეგრირება, ახალი მედია, ნიუსრუმის თანამშრომელთა ინტერნეტში პროფესიული აქტივობის გაუმჯობესება, მულტიპლატფორმული ჯვარედინი პრომოუშენი და მარკეტინგი, ონლაინ სარეკლამო გაყიდვები, მობილური აპლიკაციების შექმნა და გამოყენება და სხვა. 2017 წლის მარტამდე, თითოეული შერჩეული ტელევიზიის 6 თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება აშშ-ში გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება, რომელიც მოიცავს ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე უშუალო დაკვირვებას, გამოცდილების გაზიარებასა და ტექნიკურ კონსულტაციებს. ვიზიტების მონაწილეთა კანდიდატურები შეირჩევა ამერიკელი მონაწილეების მიერ, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საპასუხოდ, თითოეული შერჩეული ქართული ტელევიზია ორჯერ უმასპინძლებს თითოკვირიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ 4 ექსპერტს ამერიკული პარტნიორი მედია საშუალებიდან. ისინი ადგილზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ჩაატარებენ პრაქტიკულ ტრენინგებს, მისცემენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და ხელს შეუწყობენ პროფესიულ განვითარებაში. GMPP პროგრამის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ ორი ქვეყნის წარმომადგენელ მაუწყებლებთან მათ შორის მჭიდრო და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, რათა ორმხრივი გაცვლითი ვიზიტებისა და ონლაინ კონსულტაციების გზით, ქართულ მედია საშუალებებში მოხდეს ინოვაციური იდეების დანერგვა და წამყვანი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ონლაინ რესურსების უკეთ გამოყენებასა და მართვაში. ამასთანავე, IREX-ი აქტიურად იმუშავებს გამარჯვებულ მაუწყებლებთან, რათა გაცვლითი ვიზიტების მონაწილეებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარონ როგორც თანამშრომლებს, ასევე სხვა კოლეგებს," - ნათქვამია IREX-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ტელევიზიას რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდგომ კრიტერიუმს: ფლობს საერთო მაუწყებლობის მოქმედ ოფიციალურ ლიცენზიას; აქვს მოქმედი ვებგვერდი და სოციალური მედიის გვერდ(ებ)ი; აქვს საკუთარი საინფორმაციო გადაცემა; აქვს ონლაინ აქტივობის ადეკვატურად მართვისთვის საჭირო შესაბამისი რესურსი და პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უნარი. 8 დეკემბერს, IREX-ის ოფისში გაიმართება ღია კარის დღე, სადაც დაინტერესებულ ტელევიზიებს ექნებათ შესაძლებლობა, დეტალურად განიხილონ საბუთების შეტანის პროცესი.