ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია. უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Microsoft-ის საქართველოს ოფისის აქტიური მხარდაჭერის შედეგად ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7, ასევე 8 და 10 ვერსიაში.
სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.
Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი: (KB 3102429): https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey
2014 წლიდან ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.
ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ლარის სიმბოლოს დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო". ასევე შემუშავდა სპეციალური შრიფტი – "Lari Symbol", რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა შრიფტების შესაბამისად სტილიზებულ ნიმუშებს.