საკვები პროდუქტებითა და სასმელი წყლით გადამდები დაავადებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება (მათი უმრავლესობა ბავშვია). სად და რა პირობებში იყიდება საკვები პროდუქტები საქართველოში? „პალიტრა ნიუსმა“ ის ადგილები მოინახულა, სადაც თბილისის მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენა უწევს. არსებული ვითარება ბევრ ადგილას საგანგაშო და ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა…
ეგრეთწოდებული დეზერტირების ბაზრობაზე დაცვის უფროსმა ტერიტორიაზე სიტუაციის ამსახველი კადრების გადაღების უფლების მისაღებად დირექტორთან შეთანხბემა მოგვთხოვა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დირექტორი ადგილზე არ იმყოფებოდა... ბაზრის დირექტორის ნდობით აღჭურვილ პირად ქალბატონი მაგული აბულაძე გაგვეცნო. ,,დავალებული მაქვს რომ შეძლებისდაგვარად ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი.’’ ქალბატონის განცხადებით, სანიტარული დღეები ამ ბაზრობაზე თვეში ერთხელ ტარდება. დახლმაცივრებს კი ყოველდღიურად ასუფთავებენ. თუმცა, ფოტოები, რომლებიც ჩვენმა ფოტოაპარატმა დააფიქსირა საპიროსპიროს მეტყველებს. ერთერთ დახლ-მაცივარში, სადაც ხორცს ინახავდნენ, ბინძური სასწორი იდგა… საქართველოს ბაზრის მარეგულირებელი სტანდარტის მიხედვით, მუშაობის დამთავრების შემდეგ დაწესებულებები უნდა დალაგდეს სველი წესით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით. ხოლო კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს გენერალური დალაგება სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. კითხვაზე, რა სიხშირით და რა ხსნარებით ხდება ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება? ასეთი პასუხი მივიღეთ: ,,ახლა ზუსტად დასახელება არ მახსოვს, უცხოური დასახელბის არის და ტვინიდან მივარდება ხოლმე…’’
იქვე მდებარე გოჭის ხორცით სავსე რამდენიმე მაცივარი, სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმზე მუშაობდა. როგორც გამყიდველმა გვითხრა, თუ პროდუქცია ერთ დღეში ვერ გაყიდა, მეორე დღეს 1 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურაზე შეინახავს. ერთი სიტყვით, ამ ბაზრობაზე ხორცის მუდმივი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა არ ყოფილა აუცილებელი. არა და არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვით, ხორცის შენახვის ვადა 48 საათია, ხოლო ტემპერატურა 2-6 გრადუსი. ხორცის ნაჭერი უნდა ეკიდოს ისე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და იგი გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმში უნდა ინახებოდეს.
ერთ-ერთ დახლ-მაცივარში საქონლის ხორცს ბინძური დოლბანდი ჰქონდა გადაფარებული. როდესაც გამყიდველს აღნიშნულზე მივუთითე ასეთი განმარტება გააკეთა: ,,სუფთა ტილოა, ეს ხორცისთვის მაქვს… აბა ყოველ დღე თეთრ პროსტინას ხომ არ მოვიტან სახლიდან?’’ ხორცის საჭრელი დაფა, სადაც ძვლიან ნაჭრებს ჭრიან, ჩიტის ,,სკლინტებით’’ იყო დასვრილი. სურსათის უვნებლობის სტანდარტის მიხედვით, აუცილებელია, მწერებისა და მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციის მიერ. როგორც ჩანს, დეზერტირების ბაზრის ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული სტანდარტის შესახებ არაფერი სმენიათ.
ერთერთი დახლის უკან, ხორცის ნაჭერი, პირდაპირ ნაგვის ურნასთან იყო ჩამოკიდებული. როგორ გამყიდველმა აგვიხსნა, ხორცი გარეცხა და ურნასთან დროებით დაკიდა. მშვენიერი პასუხია ვერაფერს იტყვი.... ამ ყველაფრის შემდეგ ბაზრობის ვეტერინარმა, რომელსაც ყოველდღიურად პროდუქციის შემოწმება ევალება, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დეზერტირების დატოვებას ვაპირებდით, როდესაც ბაზრობის დირექტორი გამოჩნდა: ,,ჯერ გარეთ მოაგვარეთ პრობლემა და მერე შემოდით შიგნით. დეზინფექციას ვუტარებთ ყოველ წუთს მაცივრებს. ამისთანა უკეთეს პირობებს თუ სადმე ნახავთ კიდევ არ ვიცი.’’ დეზერტირების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა კამერების დანახვისთანავე დაიწყეს საკუთარი ადგილების დასუფთავება. ამ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთი რიგითი მომხმარებლის კომენტარს გამყიდველებსა და მომხმარებელს შორის შეკამათება მოჰყვა.
ნათელა წითლაშვილი: ,,რომ კონტროლდებოდეს ბაზრობებზე არსებული სიტუაცია, დღეს ასეთი ანტისანიტარია არ იქნებოდა. ჩემთვის, როგორც ერთერთი რიგითი მომხმარებლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ამ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია. ეს არ მოეწონათ მოვაჭრეებს და დამესივნენ. შეურაცხყოფაც კი მომაყენეს. ასეთ პირობებში არასდროს არ იქნება საქართველოში წესრიგი. ესაა ჩემი კომენტარი.’’
ბევრად მძიმე ვითარებაა თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარე ეგრეთწოდებულ არკაში, სადაც ყველანაირი პროდუქცია იყიდება. სახელდახელოდ გაშლილ დახლებზე გამოფენილი სხვადასხვა პროდუქტი, კამერების გამოჩენისთანავე გააქრეს მოვაჭრეებმა. ამ ტერიტორიაზე არსებული ერთერთ ხორცის მაღაზიაში საქონლის ხორცი პირდაპირ სამაცივრე დახლის ზემოდან ჰქონდათ შემოწყობილი.
,,აქ პირდაპირ ასფალტიდან სთავაზობენ მყიდველს სხვადასხვა პროდუქტებს.’’
უკეთესი მდგომარეობა არც ნავთლუხის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ბოსტნეულს, ხილსა და რძის ნაწარმს აქ პირდაპირ ასფალტიდან სთავაზობენ მყიდველს. თუმცა, არსებული სტანდარტით, იკრძალება იატაკზე დავარდნილი, ან სხვა გზით დაბინძურებული საკვები პროდუქტის გაცემა. ხილ-ბოსტნეულის ბაზრებსა და მაღაზიებში რეკომენდებულია გარეცხილი და პარკებში დაფასოებული პროდუქტის რეალიზაცია. დეზერტირებს ბაზრობის მსგავსად, ნავთლუღის ბაზრობაზეც ხორცპროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით, ღია სამაცივრე დახლებიდან იყიდება.
„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ამბობს, რომ დეზერტირებისა და ნავთლუღის ბაზრობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარებით სურსათის ეროვნული სამსახური უნდა დაინტერესდეს.
გია ბურჯანაძე: ,,მომხმარებელი როგორი ხარისხის პროდუქციას ყიდულობს, ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული. მიუხედავად დიდი მონდომებისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო სარეკლამო რგოლებისა, არაფერი შეტყობია ბაზრობებს.’’
კახა სოხაძე, ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი: ,,სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. კონტროლიდან გამომდინარე დარღვევებიც არის და ამის შესახებ სათანადო რეაგირებას ახორციელებს ეროვნული სააგენტო. თუ ისეთი დარღვევებია, რომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უკვე კანონმდებლობით სავალდებულოა მომხმარებლისათვის, რა თქმა უნდა, ეროვნული სააგენტო ამასაც ახორციელებს.’’
შენახვის პირობების დარღვევით გაყიდულმა საკვებმა პროდუქტებმა, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ასეთმა რისკმა, შესაძლოა, ფატალური შედეგებიც გამოიწვიოს.
ლია გოლიაძე, ექიმ-ინფექციონისტი: ,,თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საავადმყოფოს, რომელსაც ,,ემერჯენსები’’ აქვთ და იკითხოთ, რამდენი პაციენტი მიდის მათთან კვებითი ტოქსიკოინფექციით - ძალიან ბევრი.’’
ხელმისაწვდომი ფასის გამო, მოსახლეობა ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში ყიდულობს პროდუქციას, თუმცა შესაძლო რისკებზე, ცოტა თუ ფიქრობს.თორნიკე ყაჯრიშვილი