ახალი რეალობა, რომელიც საქართველომ გონივრულად უნდა გამოიყენოს
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მათ შორის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვაც მოჰყვა: ჩრდილოელმა მეზობელმა ჩვეულ ხრიკს მიმართა და თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. აშკარაა, რომ თურქული მხარისთვის ყველაზე მტკივნეული სურსათის იმპორტის აკრძალვაა. ამ სანქციების გამო თურქეთი რუსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ფორთოხალს, მანდარინსა და რამდენიმე სახეობის პროდუქტს ვეღარ შეიტანს და ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციისთვის გასაღების სხვა ბაზრების ძებნა მოუწევს. თავის მხრივ, რუსეთმაც დაიწყო ზრუნვა თურქული იმპორტის სხვა ქვეყნის იმპორტით ჩანაცვლებაზე. ყველაზე რეალური კანდიდატი ამ სიტუაციაში ეგვიპტეა. ეგვიპტის საქმიანი წრეები არც მალავენ რუსეთის ბაზარზე სურსათისა და ციტრუსების შეტანის სურვილს. რუსული საინფორმაციო წყაროებიც წერენ, რომ ეგვიპტის საქმიან წრეებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები და მოლაპარაკებები რუსეთის სანიტარული სამსახურის მუშაკებთან. გარდა სურსათისა, ქაირო მოსკოვს რძის პროდუქტების იმპორტის გაზრდასაც სთავაზობს. ასე რომ, უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე სავსებით ახალი რეალობა შეიქმნება: ძალზე მაღალია ალბათობა, რომ თურქული პროდუქცია ეგვიპტურმა ჩაანაცვლოს და საქართველოს ამ რეალობასთან შეგუება მოუხდეს.
ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა დადებითი, ან უარყოფითი შედეგი მოჰყვება ჩვენთვის ორი დიდი მეზობლის დაპირისპირებას და რუსეთის ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის - ეგვიპტის გამოჩენას. ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს ჯერჯერობით ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოჰყვა:
ემზარ ჯგერენაია: ”შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას დადებითი მოვლენა მოჰყვა, როდესაც თურქეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ და ”შახდენიზი 2”-ის პროექტი დააჩქარეს. ეს კი, საქართველოში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას ნიშნავს. გარდა ამისა, რუსეთში უკვე გაჩნდა ციტრუსების დეფიციტი და ამ დეფიციტს ალბათ, საქართველო შეავსებს ეგვიპტესთან ერთად. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს სათანადო რესურსი, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ თურქული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. ისიც არ არის გამორიცხული, რომ თუ ჩვენი პროდუქცია რუსეთში გავა, შესაძლოა აქ მისი ჩანაცვლება თურქული პროდუქციით მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გიგანტი სახელმწიფოების ჭიდილში ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. კარგი იქნებოდა როგორც გადამზიდავები, ისე დავბრუნებულიყავით ტრანსკავკასიურ ბაზარზე, რადგან თავის დროზე თურქებმა გვაჯობეს და თავიანთი ავტოპარკი ”ევრო 4”-სა და ”ევრო-5”-ის სტანდარტებს მოარგეს. ახლა, როცა რუსები თურქებს თავის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ჩვენმა გადამზიდავებმა ჩაანაცვლონ თურქი გადამზიდავები, თუმცა მათ აუცილებლად მოუწევთ რუსული მხარის მოთხოვნების შესრულება”.
ემზარ ჯგერენაიას აზრით, ეგვიპტეს აქვს შანსი კიდევ ერთ სფეროში ჩაანაცვლოს თურქეთი და ეს სფერო - ტურიზმია. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას ტურიზმშიც შედარებით მოკრძალებული ნიშის დაკავება მოუწევს:
ემზარ ჯგერენაია: ”ვიცით, რომ გუდაური რუს ტურისტებს შორის ისედაც პოპულარულია, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმი ანტალიას ვერ ჩაანაცვლებს. თურქეთის ალტერნატივა რუსებისთვის მხოლოდ ეგვიპტე შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ საბერძნეთის კურორტები შედარებით ძვირია, თანაც, ბერძნები სერვისის მხრივ მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ”.
ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილიც მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები საქართველომ თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს:
”ამ ფონზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რუსეთთან ვაჭრობაც გავზარდოთ და ჩვენი ექსპორტის მოცულობაც. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაზე არასაიმედო ბაზარია ჩვენს რეგიონში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რა მოუვიდა რამდენიმე წლის წინ ჩვენი ღვინის, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. ამავე დროს, თურქეთში შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა, სავაჭრო ბალანსის გაუარესება და თურქული ლირის დასუსტებაც გამოიწვიოს, რაც ჩვენთვის მაინცდამაინც კარგი არ იქნება. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მედალს ორი მხარე აქვს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყველაფერს პრაგმატული თვალით შევხედავთ და შექმნილ ვითარებას ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენებთ”, - ამბობს ბედინეიშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე