თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის სტრუქტურა შეისწავლა, რომელიც ასე გამოიყურება:
ექსპორტირებული პროდუქციის 24,2% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის (2014 წლის შესაბამის პერიოდში 36,5%), 18,5% - თხილსა და კაკალზე, 14,5% მოდიოდა ნედლ ნავთობზე, 8,9% - აზოტოვან სასუქებზე, 4,1% - ფეროშენადნობებზე, 2,5% - მსუბუქ ავტომობილებზე, 2,5% - ეთილის სპირტზე, 1,9 % - ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, 1,8% - მინერალურ და მტკნარ წყლებზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წილი ეკავა.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ვახტანგ ჭარაია ამბობს, ექსპორტიდან რეექსპორტის გამორიცხვის შემდეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველი ათეული გარკვეულწილად შეიცვალა. შეცვლილია თითოეული სასაქონლო ჯგუფის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაშიც. ეს იმიტომ, რომ რეექსპორტის წილი ქართულ ექსპორტში ძალიან მაღალია.
ვახტანგ ჭარაია: "როდესაც სუფთა ექსპორტის მაჩვენებლები შევისწავლეთ, ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან განხორციელებულ სუფთა ექსპორტში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მის ნაცვლად თხილი და კაკალი ლიდერობს - 76,6 მილიონი აშშ დოლარით, რომელსაც სუფთა ექსპორტის მთლიან მოცულობაში 22,4 პროცენტიანი წილი უჭირავს. მესამე ადგილს იკავებს ნედლი ნავთობი - 17,5 პროცენტიანი წილით, მეოთხე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები - 10,7 პროცენტით, მეხუთეზე - ფეროშენადნობები - 5,0 პროცენტით, შემდეგ მოდის მინარალური წყლები - 2,1 პროცენტით და ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,1 პროცენტით".
ვახტანგ ჭარაიას თქმით, სუფთა ექსპორტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რეიტინგში პირველ სამეულს ბულგარეთი, იტალია და გერმანია იკავებს.
"თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის წილი 35,4 პროცენტამდეა შემცირებული, სამაგიეროდ 13,9% და 9,8 პროცენტამდე გაიზარდა იტალიისა და გერმანიის წილი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჯერ სრული ძალით არ ამოქმედებულა, ნათლად ჩანს იმპულსები, რომელიც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე მეტყველებს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ხათუნა ჩიგოგიძე