გახდი მოქმედებაზე ორიენტირებული

გარკვეული პერიოდის წინ შემხვდა ძველი ნაცნობი, რომელიც არ მყავდა ნანახი 4-5 წლის განმავლობაში. მახსოვს როგორი იყო ის წლების წინ. ეს იყო ჩვეულებრივი ტიპიური ქართველი, რომელიც ფიქრობდა, რომ რაღაცის შეცვლა უნდოდა ცხოვრებაში, თუმცა ეს ფიქრი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემთან საუბრის დროსაც წლების წინ მან დააფიქსირა, რომ ფიქრობდა, რა და როგორ გაეკეთებინა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიეღო, თუმცა სამწუხაროდ კონკრეტულ იდეამდე ვერ მიდიოდა. ვერ იგონებდა კონკრეტულ ქცევასა თუ ამოცანებს, რომლებიც ცხოვრების დაგეგმვასა და მის შეცვლაში დაეხმარებოდა.

მაშინ მახსოვს ვურჩიე - თუ არ იცი, რა არის შენი მიზანი, შეცვალე მინიმუმ ერთი ქცევა შენს თავში. ნუ ხარ პასიური და გახდი მოქმედებაზე ორიენტირებული ადამიანი. რატომ არის ეს მნიშვენლოვანი? ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მხოლოდ ოცნებობენ და არაფერს აკეთებენ ამ ოცნებების ასრულებისთვის, ვერ მიდიან ცხოვრებაში წინ. თითოეული დღე, რომელსაც ვიყენებთ, უნდა იყოს გარკვეული წინსვლის, სიხარულის, გამოცდილების მომტანი ჩვენთვის. თუ შეცვლით ამ მიდგომას, მერწმუნეთ, მას თან დიდი და სასარგებლო ცვლილებები მოჰყვება.

სწორედ ასე მოიქცა ეს ადამიანიც. მან მითხრა, რომ გაითვალისწინა ჩემი რჩევა და გახდა მოქმედებაზე ორიენტირებული. წლების განმავლობაში მას ჰქონდა ჩავარდნებიც და წარმატებებიც, თუმცა საბოლოო ჯამში დღეს მაღალი დონის პროფესიონალია და მუშაობს შესაბამის თანამდებობაზე. ამ რჩევამ შეცვალა მისი ცხოვრება. ის იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ვერ მოქმედებდა. ყოველდღიური მოქმედება კი დაეხმარა მას მიეღწია სასურველი შედეგებისათვის.

ასე რომ, გახსოვდეთ, მხოლოდ ნიჭი წარმატებისთვის საკმარისი არ არის. გახდით მოქმედებაზე ორიენტირებულნი და ყოველდღიურად ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით საკუთარ მიზნებს, რადგან თავისით არასოდეს არაფერი არ იცვლება.

იხილეთ ვრცლად: http://www.davidkenchadze.com/ka/blogi/personaluri-tsarmateba/article/8578-gakhdi-moqmedebaze-orientirebuli#ixzz3vgjyb7DC