რომელი კომპანია გახდება „ფილიპ მორისის“ ახალი პარტნიორი?

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ,,ფილიპ მორისი” ამ ეტაპზე ახალი პარტნიორის ძებნის პროცესშია,  ამის შესახებ ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა ,,პალიტრა ნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ამასთან ერთად, კომპანია „ელიზის“ დამფუძნებელი ,,ფილიპ მორისის” საქართველოს ბაზრიდან გასვლას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია არჩევანს აუცილებლად რომელიმე გამოცდილ, სიგარეტის ბიზნესში კარგად გარკვეულ დისტრიბუტორზე შეაჩერებს.

„ფილიპ მორისი” არ არის სასწავლო ცენტრი, რომ რომელიმე კომპანიას აუხსნას თამბაქოს დისტრიბუცია. ის აუცილებლად იპოვის ისეთ კომპანიას, რომელმაც იცის ეს თემა და არის პროფესიონალი აღნიშნულ საკითხში. ,,ფილიპ მორისი” აუცილებლად შეარჩევს სანდო პარტნიორს”, - აცხადებს ბიზნესმენი.

თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს, რომ აქვს გარკვეული ვარაუდები, თუ ვინ შეიძლება გახდეს ,,ფილიპ მორისის” ახალი პარტნიორი, თუმცა ამ ეტაპზე მისი დასახელებისგან თავს იკავებს.

,,ფილიპ მორის საქართველომ” სავაჭრო ქსელში სიგარეტზე ფასების ზრდასთან და ბოლო დროს პროდუქციის დეფიციტთან დაკავშირებით, გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი სადისტრიბუციო ფირმა ,,ომეგასთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

„სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და „ფილიპ მორის საქართველოს“ არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში. ვწუხვართ, რომ ჩვენი პროდუქციის სრულწლოვანი მომხმარებლები დროებით მოექცნენ შექმნილი გარემოებების ზეგავლენის ქვეშ და რომ ჩვენი საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები აღმოჩნდნენ პროდუქციის საკმარისი მარაგების გარეშე. მარაგების დეფიციტის გამომწვევი მიზეზია ბოლო ხანებში არსებული შეფერხებები დისტრიბუციაში, რაც თავის მხრივ, მიმდინარე სამართლებრივი დავის შედეგია, რომელიც იმედია მალე დასრულდება“, - ნათქვამია „ფილიპ მორის საქართველოს“ განცხადებაში.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი

ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET. საქართველოში საქმიანობას „ფილიპ მორისი“ 1996 წლიდან ეწევა.