ამ კომპანიის პროდუქციას უამრავი ადამიანი მოიხმარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს. PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბაქარ ბაკურაძეს უმასპინძლა.
როგორ ”ცხვება” პურის ბიზნესი საქართველოში, აქვს თუ არა პურს პოლიტიკური ფასი და როდის ჩაეშვება სრულყოფილი ტექნოლოგიით, ხაშზე გამომცხვარი პური წარმოებაში - ამის შესახებ მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.
- ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ თქვენი კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს და მამათქვენის მიერ არის დაარსებული. როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები ბაზარზე?
- ეს რთული პერიოდი იყო. მამაჩემმა ბიზნესის კეთება 90-იან წლებში დაიწყო. ”საბჭოთა კავშირის” დაშლის შემდეგ საქართველოში მთლიანი ეკონომიკა მოიშალა, საომარი სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ქვეყანაში და არაფერი ფუნქციონირებდა. თითქმის თავიდან იწყებოდა ქვეყნის შენება. მამაჩემი სოფლის მეურნეობის ინჟინერი იყო განათლებით, მუშაობდა პროფესიით და დარჩა უმუშევარი ამ პირობებში. შემდეგ რამდენიმეჯერ სცადა სხვადასხვა ბიზნესში ფეხის მოკიდება, როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, მაგრამ არ აეწყო საქმე. შემდეგ გადაწყვიტა, რაღაცა თავისი ეცადა. ამ ძიებაში ერთ-ერთ პატარა საცხობს მიაგნო, ერთი პატარა ღუმელი იდგა, რომელსაც ვეღარ ამუშავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, მამამ ვალით გადმოიბარა წარმოება. საუბარია 40 ათას დოლარზე, რომელიც 1993 წელს კოლოსალური თანხა იყო.
- თქვენ თქვით, რომ თვითონ ეს საწარმო არ იყო რენტაბელური და მამას რა გარანტია ჰქონდა, რომ აამუშავებდა და მომგებიანს გახდიდა?
- მამაჩემი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნებაა. მთელი თავისი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული. ალბათ ჰქონდა რაღაც ალღო ან სტიმული. ხედავდა მომავალს ამ საქმეში. ასე უცბად არ მიუღია გადაწყვეტილება. გახსოვთ ალბათ, იყო პერიოდი, როცა პურის რიგები იყო, მიწოდება არ იყო იმდენი, რაც მოთხოვნა იყო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობდა.
- პირველივე პროდუქცია პური იყო?
- პირველი, რისი წარმოებაც ჩვენმა კომპანიამ დაიწყო, ეს იყო ფუნთუშეული. კერძოდ, მრგვალი ქიშმიშიანი ფუნთუშა, რომელიც დღესაც ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია - პოზიციები არ დაუთმია სხვა პროდუქციისთვის.
- თუ გახსოვთ, მაშინ რა ღირდა პირველი პროდუქცია?
- თუ არ ვცდები, 10-15 თეთრის ფარგლებში ღირდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც გამოცდილება ჰქონდა, კადრებიც არ იშოვებოდა, სპეციალისტები ნაკლებად იყო, მამაჩემს თვითონ უწევდა ბევრი რამის კეთება: ბუღალტერიასაც თვითონ აწარმოებდა, ზოგჯერ დისტრიბუციასაც ეხმარებოდა. იმდენად პატარა წარმოება იყო, ყველაფერი ერთ პატარა ოთახში ხდებოდა. პლუს ამას ემატებოდა ის, რომ დენი არ იყო, გვიწევდა გენერატორზე მუშაობა, რომელიც ხარჯებს უფრო ზრდიდა. ძალიან გაუსაძლისი პირობები იყო. მამაჩემი კვირაში, შესაძლოა, 2-3 დღე მოსულიყო სახლში. ისიც ღამე დასაძინებლად. დანარჩენი სულ სამსახურში იყო იმიტომ, რომ ეს დანადგარებიც მოძველებული იყო და ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა. მობილურებიც არ იყო მაშინ და რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლში მოვიდოდა დაიძინებდა და უცებ ვიღაცა ქოშინით ამოვიდოდა მე-9 სართულზე, დააკაკუნებდნენ და წაიყვანდნენ ისევ - რაღაცა გაგვიფუჭდაო. ძალიან დიდი შრომის ფასად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ.
- დაარსების დღიდან ეს კომპანია ”იფქლის” სახელით იყო ცნობილი?
- არა. მაშინ სხვა სახელი ერქვა. კომპანია ამ სახელწოდებით 2006 წელს დარეგისტრირდა. როდესაც ახალ სახელზე დავიწყეთ ფიქრი, გვინდოდა ქართული დასახელება ყოფილიყო, თან ახალი. სულხან-საბას ლექსიკონში ვეძებდით სიტყვებს და იქ ამოვიკითხეთ, რომ ”იფქლი” ძველქართულში ნიშნავს შემოდგომაზე ნათეს ხორბალს. გურამიშვილსაც აქვს თავის ლექსში ეს სიტყვები გამოყენებული, ბიბლიაშიც არის ნახსენები ეს სიტყვა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ სახელის დარქმევა.
- თქვენ თქვით, რომ იფქლი საშემოდგომო ხორბალს ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, დადგება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შევძლებთ ადგილობრივად წარმოებული ხორბლის ფქვილით გამოვაცხოთ პურ-ფუნთუშეული?
- საქართველოში შეიძლება ძალიან კარგი მოსავლის მიღება. უბრალოდ, შესაბამისი მოვლა უნდა ამ კულტურას. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ მთლიანად საქართველოს რომ ეყოს, იმ რაოდენობის ხორბალი, ვერ მოვა. მაგრამ ნახევარზე მეტი შეიძლება იყოს ადგილობრივი ხორბალი. სრულად ვერა - არ აქვს ჩვენ ქვეყანას იმხელა პოტენციალი, რომ სრულად ჩვენს ხორბალზე ვიყოთ დამოკიდებული.
- ერთი ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს?
- დაახლოებით, 75 დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ. მაგრამ ეს რაოდენობა სისტემატიურად იზრდება ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. არ შეიძლება ერთ ადგილზე გაჩერდე. დღეს რომ ქიშმიშიან ფუნთუშას აცხობ, ვიღაცა რაღაცას დაამატებს და მოსახლეობა, მომხმარებელი იქით გადადის - სიახლეს ეძებს. შენც რომ არ ჩამორჩე, ამატებ რაღაცას. კონკურენციამ განაპირობა ის, რომ დღეს ”იფქლი” ამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს.
- თქვენ რა ეტაპზე შეუერთდით კომპანიას?
- 2005 წელს დავიწყე კომპანიაში აქტიურად მუშაობა. თუმცა ბავშვობიდან, როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ დავდიოდი და ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ინტერესი, რას და როგორ აკეთებდა.
- სამი სხვადასხვა ხელისუფლება, სხვადასხვა ბიზნესგარემო - როდის უფრო მარტივი იყო ბიზნესის კეთება?
- თუ 90-იან წლებს ავიღებთ, რთული პერიოდი იყო. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოშიც სიტუაცია დალაგებული არ იყო და ამის გარეშე ვერაფერს აკეთებდი, მეორე იყო კრიმინალური სიტუაცია.
- თუმცა ბაზარი იყო აუთვისებელი.
- დიახ, მაგრამ რისკი იყო. არ გქონდა და უბედურება იყო, მაგრამ გქონდა და ესეც უბედურება იყო. რომელი რომელს ჯობდა, კაცი ვერ გაარკვევდა. გატაცებები, ათასი მუქარა, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. სტაბილურობა ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია. სხვანაირად ვერ განვითარდები, წინ ვერ წახვალ. აქედან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებს შევადარებთ, პირველი შეიძლება საერთოდ გამოვრიცხოთ. რევოლუციის შემდეგ სიტუაცია დალაგდა. შიშის ფაქტორი მოიხსნა, რომ შეიძლებოდა უსამართლო რაღაც მომხდარიყო.
- თუმცა, გაიზარდა კონკურენცია და რთული იყო თავის დამკვიდრება.
- სხვათა შორის, მომხმარებლისთვის ყოველთვის უკეთესია კონკურენციის არსებობა. ასევე ჩვენთვის. გარკვეულ სტიმულს გაძლევს, რომ იმუშაო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ ამ კონკურენციამ განაპირობა მიზნისკენ სწრაფვა, რომ არ ჩამორჩე თუნდაც მოწინავე წარმოებებს, ვინც ამ სექტორში საქმიანობს. მუდმივად ისწრაფვოდე სიახლეების დანერგვისკენ. რაღაც პერიოდში ბიზნესზე წნეხიც წამოვიდა, სირთულეებიც იყო. დღესდღეობით თითქმის ყველანაირი წნეხი მოხსნილია. ბაზარი ზეწოლისგან თავისუფალია. ჩემი აზრით, ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი სტაბილური გარემოა. სხვა შემთხვევაში არც ინვესტიცია შემოვა. არავინ დაინტერესდება ადგილობრივი ბაზრით, სანამ სტაბილურობა არ იქნება. არ იქნება მთავრობის ცვლა, გადანაწილებები. ეს უნდა დამთავრდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს და ადგილობრივმა ბიზნესმენმაც ისევ ქართულ ბაზარში ჩადოს ფინანსები და ინვესტიციები.
- წლების განმავლობაში, მიზეზთა გამო, პურის ცხობის ტრადიციული ტექნოლოგია საერთოდ გაქრა საქართველოდან და იმ ტექნოლოგიით, რომლითაც მთელ მსოფლიოში ცხვება ასეთი მნიშვნელობის პროდუქტი, ჩვენთან ასე არავინ აცხობს. გთხოვთ, განმარტოთ ჩვენი მკითხველისთვის, როგორ ცხვება პური საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში.
- ხშირად გამიგია მეც და ალბათ თითოეულ ჩვენგანს, რომ კომუნისტების პერიოდში პურს სხვანაირი არომატი, სხვანაირი გემო ჰქონდა. ხაშზე ცხობის ტექნოლოგია - ეს არის პურის ცხობის სრულყოფილი ტექნოლოგია. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ეს ტექნოლოგია დაიკარგა. დანახარჯებიც მეტი აქვს ამ ტექნოლოგიას. პლუს ამას, უფრო რთული პროცესია, ვიდრე ის, რომლითაც დღეს საქართველოში იწარმოება პური.
- მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხაშზე ცხობის ტექნოლოგიის გაქრობით, ერთის მხრივ, იხეირეს პურის მწარმოებლებმა, თუმცა მეორე მხრივ, მომხმარებელი დაზარალებული დარჩა.
- რა თქმა უნდა. მომხმარებელი მოტყუებული დარჩა იმიტომ, რომ იმ ხარისხს ვერ იღებს, რაშიც ფულს იხდის. როდესაც ეს საკითხები გავიარეთ გამოფენებზე და კონფერენციებზე უცხოელ კოლეგებთან, ყველა გაკვირვებული დარჩა. ჩვენთან არის მხოლოდ პურის ცხობის არასრული ტექნოლოგია. ყველას გაუკვირდა, რატომ იყო ეს პროცესი ამოგდებული - პურის ხაშზე ცხობა, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ციკლია. ჯერ უნდა დამზადდეს ხაში, შემდეგ იზილება ცომი და ასე შემდეგ. რომ ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაგვებრუნებინა ეს მეთოდი საქართველოში. ამ მეთოდით პატარა მწარმოებლები რამდენიმე დასახელების პურს, შესაძლოა, დღესაც აწარმოებენ. მაგრამ მასიურ წარმოებაში მთლიანად ხაშზე ცხობაზე რომ გადავიდეს წარმოება, ჯერ ეს ჩვენთან არ არსებობს. ”იფქლი” იქნება პირველი კომპანია, რომელმაც უკვე დავნერგეთ ეს ყველაფერი, დანადგარები ჩამოვიტანეთ, რომლებიც მთლიანად ავტომატიზირებულია, მართვა კომპიუტერულად ხდება.
- როდის გვექნება ბაზარზე ხაშზე გამომცხვარი პირველი პროდუქცია?
- ამჟამად ამ ყველაფრის ტესტირება მიმდინარეობს. გამართვის პროცესში ვართ. როდესაც ეს პროცესები მთლიანად დამთავრდება, ერთობლივად გვინდა ჩავუშვათ წარმოებაში გაზაფხულზე. დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ, ან მარტის დასაწყისში. ”იფქლის” მთელი პროდუქცია ხაშზე დამზადებული იქნება. ეს არის პურის ცხობის 6 საათიანი პერიოდი, ტექნოლოგიის სრული დაცვით.
- დღეს რა ტექნოლოგიით ცხვება პური საქართველოში?
- დაჩქარებული ტექნოლოგიით.
- რას გულისხმობს ეს ტექნოლოგია?
- დავუშვათ, ჩაიყარა ფქვილი საზელში. შემდეგ ემატება მას საფუარი, მარილი, წყალი, იზილება, შედის საფერმენტაციო კამერაში, ყოვნდება იქ და ამის შემდეგ ცხვება. ეს არის, დაახლოებით, 2-3 საათიანი პროცესი. ხაშის შემთხვევაში ასეთი რამ ხდება: იმ საფუარის რაოდენობა, რომელიც ქარხნული წარმოების საფუარია მინიმუმამდე, მეოთხედამდეა დაყვანილი, ის უბრალოდ იმისთვის გვჭირდება, რომ საფუარა სოკო გავამრავლოთ, რომელიც პურში არსებობს და აუცილებელია, რომ პურმა მოცულობა მიიღოს. მოცულობაში პური არ გაიზრდება თუ მასში ეს საფუარა სოკო არ არსებობს, არავინ დაიჯეროს, რომ საფუარის გარეშე პურის გამოცხობა შესაძლებელია. ხაშის სისტემა აკეთებს იმას, რომ ჩვენ თვითონ, ბუნებრივად ვახდენთ საფუარა სოკოს გამრავლებას და მიგვყავს იმ რაოდენობამდე, რომელიც საჭიროა პურის მოცულობაში გასაზრდელად. ქიმიურ დანამატებს და ზედმეტ მავნე რაღაცებს არ ვამატებთ. სწორედ ამით განსხვავდება ეს პროცესები: აქ ხდება ბუნებრივად ამ სოკოს გამოყვანა-გამრავლება.
- რამდენად არის მომხმარებელი დაცული, როდესაც ყიდულობს პურ-პროდუქტებს. რამდენად არის ინფორმირებული, მის მიერ გადახდილი კონკრეტული თანხა პურ-პროდუქტებში შეესაბამება თუ არა, თუნდაც ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას?
- ჩვენ პური გვაქვს როგორც შიშველი სახით, ასევე შეფუთული, რომელზეც დატანილია ყველა ის ინფორმაცია, თუ რა მასალით არის დამზადებული, რა ნედლეულია გამოყენებული. ასევე მითითებულია ენერგეტიკული ღირებულება, ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები - ყველა ის მონაცემი, რომელიც აუცილებელია, რომ ეტიკეტირების წესი დაცული იყოს. ჩვენ ლაბორატორიულ კვლევებს ვაწარმოებთ.
- თუმცა კვლევას არავინ აწარმოებს. მთლიანად თქვენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რას მიუთითებთ ეტიკეტზე.
- არსებობს სურსათის უვნებლობის სააგენტო, მაგრამ აქამდე აქტიური კონტროლი არ ხორციელდება ამ ბაზარზე. ალბათ, უფრო მეტად რეაგირებას საჩივრებზე ახდენდნენ. 2015 წლის ბოლოს, როგორც ვიცი, შეიმუშავეს რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს და მოთხოვნები აქვს დაყენებული, რას უნდა შეესაბამებოდეს პროდუქცია. ალბათ ამ რეგლამენტის ამუშავების შემთხვევაში, უფრო მეტი კონტროლი იქნება პურ-პროდუქტების სფეროშიც. რაც შეეხება მთლიანად პურის ეტიკეტირებას, თუ პურის მთლიანად ეტიკეტირება სავალდებულო გახდება, ეს გამოიწვევს ფასების მატებას. იმიტომ, რომ ეს გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული. პურის ფასი საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან დაბალია, 2-ჯერ, 3-ჯერ და ბევრჯერ ნაკლები ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.
- რისგან შედგება პურის ფასი?
- პურის ფასის 60%-ზე მეტს ფქვილის ფასი განსაზღვრავს. ძირითადი პროდუქტი რისგანაც პური კეთდება, ეს არის ფქვილი. ამიტომ ფქვილის ფასზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული, პურის ფასი. არსებობს გარკვეული მუხტი, რომელიც შეიძლება მეწარმემ აიტანოს, მაგრამ როდესაც ფქვილზე დიდი პროცენტით იმატებს ფასი, ამ დროს პურის ფასი შენარჩუნებული იყოს, ეს არარეალური იქნება.
- ანუ, შგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პურს პოლიტიკური ფასი აქვს?
- ამ წუთს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აქვს. უბრალოდ იმდენად დიდია კონკურენცია, რომ კონკურენციიდან გამომდინარეა ეს ფასი ასეთი დაბალი. რეალურად, სწორედ კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალ დონეზე იყოს შენარჩუნებული. თუ მივალთ იქამდე, რომ რომელიმე სფეროში მაგალითად ბაზრის მონოპოლიზება მოხდეს როგორც სხვა სფეროებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მატება.
- თუმცა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიებს ფქვილის ბაზრის მონოპოლიზების მცდელობა ჰქონდათ...
- სხვადასხვა მეთოდები არსებობდა ამის კეთების. მაგრამ საბედნიეროდ ასეთი რაღაც არ მოხდა და ამჟამად ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ფქვილის ფასები ძალიან გაიზარდა. ფაქტობრივად, ყოველ ორშაბათს ერთი ლარით მატულობდა ფასი და ყველა კომპანიაში ასე იყო.
- თქვენ თქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში შევა პურის რეგლამენტი, რომელიც პურის ნებისმიერი სახეობის ეტიკეტირებას გულისხმობს, მის ფასს გაზრდის. დაახლოებით, რა მოცულობით შეიძლება გაიზარდოს ამის შემდეგ პურის ფასი?
- რაც შეეხება ეტიკეტირებას, აქ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია რაღაც საკითხები.
- როგორც ვიცი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. შეიძლება არ იყოს სრულად შეფუთული და, მაგალითად, თონის პურს ჰქონდეს ერთგვარი ქაღალდის სარტყელი, რათა ზედ ინფორმაცია იყოს დატანილი.
- დიახ. სხვათა შორის, რამდენიმე წელია, ჩვენ თაროს ბრენდირებას ვაკეთებთ, ეტიკეტს ვაკრავთ, სადაც დასახელება, შემადგენლობა და ყველაფერია მითითებული. თუ ამას ვგულისხმობთ ეტიკეტირებაში, ამ შემთხვევაში ეს ფასს არ გაზრდის და შეგვეძლება შიშველი პურის თაროზე დადება. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, რომ ეს პური იყოს შეფუთული და ამ სახით მოხდეს ეტიკეტირება, მაშინ გაიზრდება. ალბათ, მინიმუმ, 5 თეთრით. 5 თეთრს ვგულისხმობ იმ შემთხვევაში, თუ შეკრული არ იქნება, და თუ სრული შეფუთვა იქნება (თავმოკრული პური) შესაბამისი სტანდარტებით, ამ შემთხვევაში ფასი ბევრად მაღლა მიდის. 13-14 თეთრი ჯდება ასეთი შეფუთვა თითო პურის შემთხვევაში. ეს შესაფუთი მასალებიც ევროპიდან ჩამოგვაქვს.
- თუმცა, ვიცით, რომ უკვე ძალაში შევიდა ფქვილის რეგლამენტი - ეს როგორ შეიძლება აისახოს პურის მწარმოებლებზე?
- ფქვილის რეგლამენტს რაც შეეხება, იქ არის გარკვეული რეგულაციები, სადაც იმპორტის დროს მოითხოვენ, რომ ფქვილის ტომრები განთავსებული იყოს პადონებზე, დაცული უნდა იყოს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი ...
- ხომ არ გააძვირებს ეს ფქვილს?
- არ გამოვრიცხავ. რაც ჩამოვთვალე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გააძვირებს.
- თქვენ თქვით, რომ პურის მწარმოებლებს, იმის გამო, რომ საკმაოდ სენსიტიური თემაა პურის ფასი, ყოველთვის უწევთ გარკვეულ ზღვარზე სიარული. საინტერესოა, რამდენია ერთი პურის მოგების მარჟა დღევანდელ პირობებში?
- მოგების მარჟა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ, ყველა პროდუქციაზე სხვადასხვანაირია.
- საშუალო მაინც მითხარით ერთი პურის შემთხვევაში.
- ძალიან რთულია. შეიძლება არსებობს პურები, რომლების მოხმარება ძვირი ჯდება, და რომლებზეც 10, 15, 20 თეთრიც შეიძლება დაგრჩეს, მაგრამ იყიდება ძალიან ცოტა რაოდენობით. ვისაც სპეციალურად სჭირდება ასეთი პური, შეიძლება იმან იყიდოს ეს პური. მაგრამ ის, რაც ყველაზე მოხმარებადი პურია, მაგალითად, ”თეთრი ბატონის” პური, მიზერ მოგებაზე მუშაობს, შეიძლება იყოს 5 თეთრამდე ან ნაკლები, პერიოდს გააჩნია. ფქვილის ფასი იმდენად მერყეობს, ერთი წლის წინ 31 ლარი იყო, მერე ავიდა 45 ლარზე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შეიძლება 7-8 თეთრიც დაგრჩეს ან მინუსში გახვიდე.
- ფქვილის ფასის კლების ადეკვატურად რატომ არ აკლებენ ხოლმე პურის მწარმოებლები პურზე ფასს?
- ძალიან კარგი შეკითხვაა და მინდა მომხმარებლისთვისაც გასაგები გახდეს. ამბობენ, ფქვილის ფასი, 44 ლარი ეს არის კრიტიკული ზღვარი. ფქვილის ზღვარი არის 40 ლარიც. გეტყვით, რაზეა დამოკიდებული. მოსავლის აღების დროს ფქვილის ფასი კლებულობს. ფერმერებს ფული სჭირდებათ და მოსავლის აღების დროს ფასებს უკლებენ. თან ძველი ხორბალი, რომელიც ჰქონდათ დარჩენილი წისქვილებს, უნდათ, რომ ამოყიდონ და ფული მერე უკან ჩააბრუნონ ბიზნესში. ეს პროცესი განაპირობებს იმას, რომ ფქვილის ფასები ყოველთვის დაბლა მიდის. როდესაც მოსავალი დაბინავდება და ხდება დათვლა - ვის რა მარაგი აქვს, რა მოსავალი მოვიდა, ეს განაპირობებს ფქვილის ფასის რეგულირებას და ეტაპობრივად ხდება ფასების მატება. ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ფქვილის ფასი მერყეობდა: 35 ლარიც იყო, 37, 38 , 41 ლარიც იყო. 44 ლარი ის ზღვარია, როდესაც მეწარმე ზარალობს. მაგრამ მე შემიძლია ეს დავაბალანსო იმით, რომ წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდის წინ, 2-3 თვის განმავლობაში მქონდა 35 ლარიანი ფქვილი, და ამ მოგებით ვაბალანსებ იმ ზარალს, რომელსაც განვიცდი და ველოდები ისევ ფასის დაწევას. თორემ სისტემატურად რომ ეს ფასი იყოს შენარჩუნებული, უკვე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის მეწარმე. ფაქტობრივად, მას არ რჩება ის მოგება, რომ შემდგომში თავის კომპანიაში ახალი ინვესტირება გააკეთოს, უფრო განავითაროს, ახალი ტექნოლოგიები დანერგოს. არ შეიძლება ასეთი კრიტიკული ზღვარის დაწესება. ამაზე მსჯელობა, რომელი უნდა იყოს ზღვარი. მე ვფიქრობ, ბაზარი უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ყველანაირი რეგულაციისგან და მომხმარებელი თვითონ აირჩევს იმ პროდუქტს, რომელიც მისთვის იქნება მისაღები.
- დღეს იყიდება საქართველოში რუხი, შავი პური საღებავების გარეშე?
- რა თქმა უნდა, იყიდება. მარტივად შეგიძლიათ თქვენც, ოჯახის პირობებში ჩატარებული ცდით ამის შემოწმება. პური ნაჭრებად დაანაწილეთ, წყლიან ჭიქაში ჩაალაგეთ. წყალი შეფერილობას აუცილებლად, ოდნავ მაინც შეიცვლის. მაგრამ თუ ის პური გათეთრდა და წყალმა ძალიან მუქი ფერი მიიღო, ამ შემთხევაში რაღაც დანამატები აქვს, რომლებიც საღებავის ტიპისაა. მაგრამ არსებობს სიმუქის მიცემის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, ალაოს დამატებით, რომელსაც თვითონ შეფერილობა მუქი აქვს და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტია, საგემოვნო თვისებებიც სხვა აქვს და ამ დანამატით პურს შეიძლება მუქი ფერი მისცეთ. თუმცა საკმაოდ ძვირი ჯდება ალაო. პურს რომ ფერი გაუმუქდეს, დიდი რაოდენობით უნდა გაუკეთო. ამიტომ მწარმოებელი ამ პროცესს გაურბის და იაფი დანამატებით, ფერის მიმცემებით ცდილობს პროდუქტზე ფერის მიცემას. რაც შეეხება ჩვენ მიერ წარმოებულ პურს: ხშირად მომხმარებლისგან იყო ასეთი პრეტენზიები, რომ პური არ არის შავი. თვითონ ხორბალი შავი ფერის არ არის. არის მოყავისფრო შეფერილობის, ზოგადად ხორბლის ფერი. შესაბამისად, შავი პურის მიღება შეუძლებელია. ამიტომ ხდება მასში სხვადასხვა დანამატების მიცემა. ჩვენს წარმოებაში გამომცხვარი პროდუქცია რუხი შეფერილობისაა და ეს მომხმარებელში იწვევდა გაურკვევლობას. სხვა წარმოებას აქვს შავი პური, თქვენ რატომ არ გაქვთ ასეთი, თქვენ ხალხს ატყუებთო - ამ დროს, პირიქით. შავი პური უნდა იყოს რუხი და არა - შავი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე