სტანისლავ ბელკოვსკი: რუსეთის პრეზიდენტის ქონება 40 მილიარდი დოლარია
„პუტინის საიდუმლო ქონება“, - ასე ეწოდება რიჩარდ ბილტონის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც „ბიბისის“ პოპულარულ გადაცემა „პანორამაში“ გავიდა.
ფილმის ავტორი წარსულში კრემლთან დაახლოებულ პირებს ხვდება, რომლებიც ყვებიან, როგორ მალავს რუსეთის პირველი პირი ქონებას.
ფილმში რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი სტანისლავ ბელკოვსკი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება 40 მილიარდი დოლარია. ავტორი აღნიშნავს, რომ ბელკოვსკის ამ მონაცემებს ემთხვევა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ანგარიშის მონაცემებიც. თუმცა, თავად პუტინი ცხადია, უარყოფს ამ ბრალდებას.
ამასთან ერთად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ადამ შუბინი ფილმში აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებისთვის ცნობილია პუტინის კორუფციული სქემების შესახებ.
„პუტინის ოფიციალური ხელფასი წელიწადში დაახლოებით 110 ათასი დოლარია. თუმცა, ეს პრეზიდენტის ერთადერთი შემოსავალი არ არის, რადგან პუტინი და მისი ახლო გარემოცვა სხვადასხვა კორუფციულ სქემაში არიან ჩართული. პუტინი ხელს უწყობს მხოლოდ თავისი ახლო მოკავშირეების გამდიდრებას და იმ ადამიანების მარგინალიზებას ახდენს, ვინც მის სამეგობრო წრეს არ მიეკუთვნება ან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე არ არის. საუბარია სახელმწიფო აქტივებზე, რუსეთის ენერგეტიკულ სიმდიდრეზე და სხვა სახელმწიფო კონტრაქტებზე, რომელსაც პუტინი სამართავად მხოლოდ თავის მოკავშირეებს აძლევს“, - აღნიშნა შუბინმა.
ფილმში ასევე მოყვანილია რუსი ვიცე პოლკოვნიკი ანდრეი ზიკოვის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ლიდერს უძრავი ქონება აქვს ესპანეთში.
რუსი ბიზნესმენი მაქს ფრიდზონი კი ფილმში პუტინს ადანაშაულებს, რომ ფრიდზონის კუთვნილი ნავთობკომპანიის 4% სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილეობისას პუტინმა უკანონოდ მიითვისა.
კომპანია „სოვკომფლოტის“ ყოფილი თავმჯრომარე დიმიტრი სკარგა, რომელიც ამჟამად რუსეთში ძებნილად არის გამოცხადებული, ფილმში ყვება, რომ 2002 წელს თავად კურირებდა პუტინისთვის რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის იახტის, „ოლიმპიას“ გადაცემას, რომელიც 35 მილიონი დოლარი ღირს. სკარგას თქმით, იახტა პუტინს იმ ოფშორული კომპანიის მეშვეობით გადასცეს, რომლის რეალური მფლობელიც თავად რუსეთის ლიდერია.
პუტინის ბავშვობის მეგობარი, მისი ყოფილი მოკავშირე, ბანკირი სერგეი პუგაჩოვი კი ამბობს: "ადამიანები, რომლებიც რუსეთში უზარმაზარ ქონებას ფლობენ, უკვე ხვდებიან, რომ რეალურად ეს ქონება მათ არ ეკუთვნით. მათი კეთილდღეობა 100%-ით არის დამოკიდებული პუტინის განწყობაზე".