ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე ბიზნეს ინკუბატორი შეიქმნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე ბიზნეს ინკუბატორი შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ბიზნეს ინკუბატორი ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისთვის საქართველოში პირველად შეიქმნა, სადაც სტუდენტები ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებას შეძლებენ.

პროექტს პარტნიორობას "საქპატენტი" უწევს, ხოლო მხარდამჭერები "მიჩიგანის როსს ბიზნეს სკოლა" და "ლიმერიკის უნივერსიტეტი" არიან.

"ბიზნეს ინკუბატორის ფარლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი ბიზნესი 72 დღეში და ისარგებლონ ბიზნეს სკოლაში არსებული სამი ცენტრის სივრცით, რომელიც პროექტებში მონაწილე მხარეების სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს", - აცხადებენ უნივერსიტეტში. მათივე თქმით, მონაწილეთათვის დაგეგმილია ტრენინგები ინოვაციური იდეების გენერირების, კვლევის მეთოდები და დიზაინის, პროექტის მართვა და გუნდური მუშაობის პრინციპების, საგრანტო წინადადებების მომზადების, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შესაძლებლობების, იდეების დაპატენტების პროცედურების თემებზე.

ამასთან, პროექტებში ჩართვის მიზნით, პროექტის დაწყების პირველივე ეტაპზე უნივერსიტეტი პოტენციური დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევას გეგმავს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, ქართული ბიზნესის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ბიზნეს ინკუბატორ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი იდეების გენერირებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.