კანონი, რომელიც მაყურებელს მომაბეზრებელი სარეკლამო-საანონსო "ჭრისგან" დაიცავდა, რეალურად მხოლოდ რეკლამის შემთხვევაში სრულდება.
ზოგიერთი გადაცემის მსვლელობისას ე. წ. "ჭრა" ხშირ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდება, რა დროსაც ძირითადად, თურქულ-ინდურ-რუსული სერიალების ანონსები გადის. მართალია, ამით ტელევიზიები კანონს არ არღვევენ, თუმცა რიგით მაყურებელს ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიების ასეთი გადაწყვეტილებით ხშირ შემთხვევაში არა მარტო მომხმარებლების, არამედ რეკლამის დამკვეთების უფლებებიც ირღვევა, რადგან ეს ხელს უშლის სარეკლამო კამპანიის მიზნებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. "ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება, სახელმწიფომ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის თაობაზეც დამატებითი რეგულაცია დააწესოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები 2015 წლის პირველ აპრილს ამოქმედდა. ახალი კანონით სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეიცვალა. სასპონსორო მომსახურება საათში 4 წუთამდე შეიზღუდა (ახალი წესით, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია).
მანამდე არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% ეჭირა, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთი იყო, ახალი რეგულაციით კი სარეკლამო დრო საეთერო საათის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საათში 12-წუთიან შეზღუდვას აწესებს. რეგულაცია ე. წ. "პრაიმ ტაიმსაც" ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეკლამის შესახებ კანონი 2-მა ტელეკომპანიამ დაარღვია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევის გამო ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი" (ბრენდული სახელწოდება "ტაბულა") წერილობით გააფრთხილა. მოგვიანებით კომისიამ ასეთივე გაფრთხილება "რუსთავი 2"-საც მისცა. კომისიაში აცხადებენ, რომ ორივე ტელეკომპანიამ გაფრთხილება რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო მიიღო.
ახალ კანონმდებლობას მაშინ სპეციალისტები დადებითად აფასებდნენ და მიაჩნდათ, რომ ამით, ერთი მხრივ, გაფართოვდებოდა რეკლამის განთავსების არეალი და მეორე მხრივ კი, სარეკლამო ჭრის პერიოდში გაშვებული რეკლამის აღქმა უფრო თვალსაჩინო და ეფექტური გახდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ტელეკომპანიები ამა თუ იმ გადაცემის 13-15-წუთიანი სარეკლამო ჭრისას რეკლამას კანონით გათვალისწინებულ 3-4 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი მათივე პროდუქციის ანონსი გადის. ამ დროს კი რეკლამის აღქმა, პრაქტიკულად, აღარ ხდება.
"სარეკლამო ჭრასთან სიახლეები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მთელი ბაზარი არ ყოფილიყო მხოლოდ ორი ტელევიზიისათვის განკუთვნილი და მომხმარებლის უფლებებიც ყოფილიყო დაცული. თუკი ტელეკომპანიები დაიწყებენ სხვადასხვა რანგით, ფორმატით თუ სახელდებით იმას, რომ სარეკლამო ჭრა "გაწელონ", ეს ცხადია, მომხმარებელზე უარყოფითად იმოქმედებს.
გარდა ამისა, ასეთი მიდგომა შელახავს რეკლამის დამკვეთთა უფლებებსაც, რადგან ზედმეტად ხანგრძლივ სარეკლამო ჭრაში რეკლამები კიდევ უფრო ნაკლებად აღქმადი გახდება. მაყურებელი გადართავს სხვა არხზე და სარეკლამო ჭრისას გადაცემის რეიტინგი იქნება ბევრად მცირე, ვიდრე თავად ის გადაცემა, რომლის რეიტინგის გამოც ჩადებულია მასში რეკლამა. ეს კი ხელს შეუშლის სარეკლამო კამპანიის მიზნებით გათვალისწინებული შედეგის მიღწევას. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი იქნება სახელმწიფომ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის თაობაზეც დამატებითი რეგულაცია დააწესოს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
საგულისხმოა ისიც, რომ სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს იმთავითვე აკრიტიკებდნენ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ, რომ ახალი შეზღუდვა მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა. გარდა ამისა, კანონი სარეკლამო ბაზრის ცვლილებასაც გამოიწვევდა.
ტელევიზიის მფლობელთა შიში, ფაქტობრივად, გამართლდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო და სასპონსორო შემოსავალი თითქმის ყველა წამყვან ტელევიზიას შეუმცირდა.
2015 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 8 723 051 ლარი შეადგინა, რაც თითქმის 5 მილიონით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე. მაშინ ტელეკომპანიამ რეკლამის სახით 13 536 969 ლარი მიიღო. რაც შეეხება სასპონსორო შემოსავალს, "რუსთავი 2"-ს თითქმის 100%-ით შეუმცირდა. თუ 2014 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანიამ სპონსორობიდან 4 094 180 ლარი მიიღო, 2015 წლის მეოთხე კვარტალში ამ შემოსავალმა 8 475 ლარი შეადგინა.
სარეკლამო კანონმდებლობამ სარეკლამო შემოსავალი გაუზარდა ტელეკომპანია "იმედს". მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში "იმედმა" რეკლამიდან მიიღო 5 666 432 ლარი, სასპონსორო შემოსავალმა კი შეადგინა 2 474 125 ლარი. 2015 წლის მეოთხე კვარტალში "იმედს" სასპონსორო შემოსავალი არ ჰქონია, თუმცა რეკლამიდან მიღებულმა თანხამ წინა წლის შემოსავალს გადააჭარბა. შარშან მეოთხე კვარტალში "იმედმა" რეკლამიდან 9 267 680 ლარი მიიღო.
2014 წელთან შედარებით სარეკლამო თანხა დაკარგა "კავკასიამ". კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშში ვნახულობთ, რომ 2015 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანიის შემოსავალმა რეკლამიდან 102 869 ლარი შეადგინა, სასპონსორო შემოსავალმა კი 8 235 ლარი. რაც შეეხება 2014 წლის მეოთხე კვარტალს, მაშინ "კავკასიის" სარეკლამო შემოსავალი 203 224 ლარი იყო, სასპონსორო შემოსავალი კი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასეა აღნიშნული მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდზე.
მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობამ "მაესტროც" დააზარალა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, "მაესტროს" სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა 1 225 177 ლარი, სასპონსორო შემოსავალმა კი 45 579 ლარი. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი იყო 3 287 448 ლარი, სასპონსორო კი 1 257 312 ლარი.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"