თბილისის ქუჩებში მალე 100 ახალი ავტობუსი ივლის

მალე თბილისის ქუჩებში 100 ახალი ავტობუსი ე.წ დიდი ”ბოგდანის” ტიპის ავტობუსებს ჩაანაცვლებს, რომლებიც თავის მხრივ, პატარა ავტობუსებს შეცვლიან.ამის შესახებ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ამბები.გე-ს განუცხადა. კოპლატაძის თქმით, დედაქალაქის მერია 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

”ეს იქნება 12 მეტრის სიგრძის, ამჟამინდელზე 20-25 %-ით მეტი ტევადეობის ავტობუსი, რომლის ტევადობა არანაკლაბ 85 ადამიანს შეადგენს. ახალი ავტობუსი იქნება ევროპული სტანდარტის შესაბამისი. იქნება გაგრილება-კონდიცირების სისტემით აღჭურვილი. პატარა ავტობუსების ნაწილი, რომლებმაც რესურსი ამოწურეს - ჩამოიწერება. ახალი ავტობუსები კი, გაბარიტებიდან გამომდინარე, ძირითადად ცენტრალურ გამიზირებზე იმოძრავებენ. სადაც ახლა მოძრაობს დიდი "ბოგდანები", იმ ხაზებზე მოხდება ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი”, - ამბობს კოპლატაძე.

მისი ინფორმაციით, არანაირი ცვლილებები არ იგეგმება ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან სატარიფო პოლიტიკა მათი კომპანიის კომპეტენციაში არ შედის.

რაც შეეხება კონტროლიორებს, კოპლატაძის თქმით, კომპანიამ ჩაატარა ორი კვლევა. სპეციალურად დაქირავებულმა ორგანიზაციამ წარადგინა რეპორტი თითოეული კონტროლიორის მოქმედებაზე და როგორც კოპლატაძე ამბობს, შედეგები უფრო დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი.

”ძირითადად აგრესია მოდის მგზავრისგან, რომელიც არ იღებს ბილეთს და აპროტესტებს ხუთლარიან ჯარიმას”, - აცხადებს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ კონფლიქტები თითქმის ყოველდღიურად ხდება და დღის განმავლობაში დაახლოებით 350 ჯარიმა იწერება.

”თბილისის მასშტაბით მუშაობს 120 კონტოლიორი, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ უბნებში არიან განლაგებულები. გარე უბნებიდან მომავალ მარშრუტებზე კი მუდმივად სხედან კონდუქტორები, რომლებიც მგზავრებს აბილეთიანებენ. ასეთი დეფინიცირება იმან განაპირობა, რომ გარეუბნის მარშრუტებში ბევრად ნაკლებად ხდებოდა თანხის ამოღება, ვიდრე ცენტრალურ მარშრუტებზე. კონდუქტორების რაოდენობა კი 650-ს შეადგენს”, - აღნიშნავს კოპლატაძე.

”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კვლავ დიდია იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებიც მგზავრობის საფასურს არ იხდიან.

”როდესაც მგზავრი 50 თეთრით ხელში დგას სალაროსთან, იყურება ფანჯარაში, თუ კონტროლიორი არ ამოვიდა, ის 50 თეთრს არ ჩააგდებს და არ აიღებს ბილეთს, ხოლო თუ ამოვა, ჩააგდებს, ამ პრობლემას ვერ მოხსნის ვერაფერი. ეს არის პრინციპული პრობლემა, რომელსაც ვერ უშველის ავტობუსის გაჩერებებზე დამატებითი აპარატების განთავსება. თუ ადამიანს აქვს მგზავრობის საფასურის გადახდის სურვილი, ის ამას მოახერხებს”, - ამბობს კოპლატაძე.