იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შეძენით საქართველოში მცხოვრები ქართველი კერძო პირია დაინტერესებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ქართველი კერძო პირი მზად არის რამდენიმე მილიონი დოლარი გაიდაიხადოს ჯვრის მონასტრის შესაძენად. ბიზნესმენის ვინაობას ჩვენი წყარო არ გვიკონკრეტებს, თუმცა შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი, პასუხისგან თავს იკავებს და არც უარყოფს და არც ადასტურებს.
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი ამჟამად ბერძენი ორთოდოქსების მფლობელობაშია.
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერში დაცული შოთა რუსთაველის ფრესკა ვანდალებმა რამდენჯერმე დააზიანეს. 2004 წელს დაუდგენელმა პირებმა გამოსახულებას სახე გადაუფხიკეს. თუმცა, ამჟამად ფრესკა რესტავრირებულია.
ამ ფაქტის შემდეგ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით, მონასტრის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის ბარელიეფი დაიდგა, თუმცა 2010 წელს ეს მემორიალიც დააზიანეს.
ქართველთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავთელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. იგი მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა).
გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წელს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. მონასტერი XII საუკუნის დამდეგს დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს.
XVII საუკუნის დასასრულს ქართველთა გავლენა პალესტინაში თანდათან შესუსტდა და ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა.
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე