24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილს უკანაფშავში მცირე შერეული მეურნეობა აქვს, რომელიც მეფუტკრეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას მოიცავს. მიუხედავად ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემისა, ახალგაზრდა მეწარმე აქტიურად ამუშავებს მეურნეობას და ნატურალურ პროდუქციას - თაფლს, ყველს, ერბოს, დამბალ ხაჭოს აწარმოებს. ასევე, მოჰყავს კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ხახვი და ნიორი. პროდუქტის რეალიზება, ძირითადად, თბილისში, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” დახმარებით ხდება. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის - ”კავშირი განვითარებისთვის” დახმარებითა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, უკანაფშავში სამთო მექანიზაციის ცენტრი ”წიქარა” დაარსდა, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი ნოდარ ტოხასაშვილია. ცენტრში მსუბუქი ტექნიკა და აგრეგატებია განთავსებული, რომლებიც მოსახლეობას მიწაზე მუშაობას უადვილებს. ნოდარ ტოხოსაშვილს ხშირად, ”ეკობიჭის” სახელით მოიხსენიებენ:
”ეკობიჭის” სტატუსი: ”ამ სახელით ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშილმა გამოაქვეყნა სტატია, აქედან წამოვიდა - ბიჭი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს”.
ახალგაზრდა მეწარმის დამოკიდებულება მიწასთან:
”ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც ბოსტნეული თავს ამოყოფს მიწიდან, ყოველდღე რომ უყურებ, როგორ იზრდებიან შენ თვალწინ. შემდეგ შემოდგომაზე როდესაც მოსავალს იღებ, იცი, რომ შენი და მიწის შრომის ნაყოფია - იღლები, ოფლი ჩამოგდის, მაგარმ გჯერა, რომ სადღაც მეგაპოლისში ვიღაცას გაახარებ ნატურალური პროდუქტით, ეს ძალიან გახარებს და ძალას გმატებს. გლეხისთვის მიწა საუკეთესო მეგობარია”.სწავლა და საქმიანობა: ”ამჟამად დავით აღმაშენებლის აკადემიაში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. პირველ კურსზე ვარ. ხელი შემიწყვეს და უფასოდ ვსწვალობ. მე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვარ მთაში, აპრილის ბოლოს მიწევს ხოლმე წასვლა, მთაში ხვნა-თესვა დაიწყება, შემდეგ ჩამოვალ გამოცდებისთვის თბილისში. პროდუქტები ახლაც ჩამომაქვს და ლექციებამდე ან ლექციების შემდეგ ვაწვდი მსურველს”.
მცირე მეწარმის მიზნები და სამომავლო გეგმები: ”არ მსურს მთა მივატოვო, სადაც მთელი ახალგაზრდობა გავატარე. მინდა ნატურალური პროდუქტების მიწოდებით ადამიანებს სიხარული მოვუტანო. მთავარი მიზანი კი მთაში სოფლის გაძლიერება და წინსვლაა. სამომავლოდ აუცილებლად იქნება განვითარება და წინსვლა როგორც ცოდნის, ასევე საქმის და ტექნიკური მიმართულებით. ამჟამად პროდუქცია მხოლოდ საქართველოსთვის მემეტება, ნატურალური პროდუქტი, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის”.
პრობლემები:
” ყველაზე დიდი პრობლემა არის მობილური კავშირის და ინტერნეტის არქონა მთაში. ამის გამო პროდუქტების რეალიზება მხოლოდ დუშეთში ჩამოტანის შემდეგ ხდება. მობილური ინტერნეტი რომ იყოს, მთელი ხეობის მოსახლეობა ჩაერთვებოდა და უახლეს პროდუქტებს მიაწვდიდნენ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით - ყველა მოგებული დარჩებოდა. ასევე, პრობლემაა ელექტროენერგიის არქონა, რომელიც ჩვიდმეტი წელია, ბოლო 4 სოფელს არ მიეწოდება”.რჩევები ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობის დაწყებით არიან დაინტერესებულნი: ”უბრალოდ დაიწყონ, ბევრი წინაღობა შეხვდებათ, მაგრამ რაც უფრო მეტ პრობლემას გადაჭრიან, უფრო ჭკვიანები და მცოდნეები გახდებიან. პრობლემების გადაჭრა ადამიანს ავითარებს და აძლიერებს”.
თამარ კორკოტაშვილი