დღეს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ფულის ხარჯვის აშკარა პრობლემა აქვს, რითიც აიხსნება ის ფაქტი, რომ მათ აქვთ სესხი სხვადასხვა ბანკებში, ვალები და არსდროს არაფერში ჰყოფნით ფული. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ კარგი, 2-3 ათას ლარიანი შემოსავალი, თუმცა ფული ბოლო კვირისთვის საერთოდ არ რჩებათ, საჭმელსაც კი ვალით ყიდულობენ და ბოლო 10 დღის განმავლობაში რეალურად მეგობრების ხარჯზე ცხოვრობენ.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ფულის დახარჯვა და ისინი ცხოვრობენ იმაზე უკეთ ვიდრე მათი შემოსავალი აძლევთ საშუალებას. როგორ? ყიდულობენ ძვირად ღირებულ მანქანებს და შემდეგ გადაჰყავთ გაზზე, ყიდულობენ ასევე ძვირად ღირებულ ბრენდულ მაღაზიებში ტანსაცმელს და შემდეგ რამოდენიმე თვე მხოლოდ ერთი შარვლით დადიან, სამაგიეროდ „არმანის“ მარკით ამაყობენ, მიირთმევენ ძვირადღირებულ რესტორნებში და კაფეებში და თუ საღამოს დალიეს რეალური ფულის ხარჯვას სწორედ ამ დროს იწყებენ. მეორე დღეს იხსენებენ რა კარგი დრო გაატარეს, რამდენი დალიეს და რამდენი ფული დახარჯეს, მაგრამ ზედმეტი დალევის და ნაბახუსევის გამო დადებითი ემოციებიც კი არ რჩებათ, რადგან კონკრეტულად ისიც კი არ ახსოვთ რას აკეთებდნენ.
ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის თანხის გამომუშავებაა რთული, თორემ დახარჯვას არანაირი სირთულეები არ ახლავს თავს. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვახერხებთ ვხარჯოთ იმაზე მეტი ვიდრე შეგვიძლია. ამ დროს კი მთავარია ხარჯვა იყოს ჩვენი შემოსავლების შესაბამისი. უნდა ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, ვიყიდოთ ისეთი მანქანა თუ ნივთები, რომლებიც შეესაბამებიან ჩვენს შემოსავალს. თუ ამ წესს დავნერგავთ ამ შემთხვევაში სხვანაირად დავიწყებთ აზროვნებას, რადგან ვიფიქრებთ არა იმაზე, რომ გვინდა რაიმე კონკრეტული ნივთი და სხვაგვარი ცხოვრება, არამედ დავიწყებთ ფიქრს - როგორ ვიშოვოთ ფული, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც ფულის დაზოგვა საერთოდ არ იციან, რაც ძალიან ცუდია. ზრდასრულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დანაზოგი სულ ცოტა ე.წ. „შავი დღისთვის“, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის.
ხარჯვის პრობლემა კი, რომელსაც აბრალებენ უფულობას გამოწვეულია არა იმდენად ფულის ხარჯვის არცოდნით, არამედ ნებისყოფის არქონით. რეალურად ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ხელს გვიშლის ბევრ რამეში.
როგორ უნდა ვმართოთ ნებისყოფა? ამისათვის საჭიროა ერთი სიტყვა, რომელიც უნდა დავნერგოთ ცხოვრებაში, ეს არის „არა“. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავისთვის უარის თქმა. „არა“ ჩვენ არ დავხარჯავთ ამ ფულს, არ ვიყიდით ასეთ ძვირიანს და შევარჩევთ შედარებით დაბალ ფასიანს. თუ ამას შეძლებთ, რეალურად ნახავთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი ქცევა, დაიწყებთ ფინანსების სწორ მართვას და თანხის შეგროვებას ანგარიშზე.
და ბოლოს ყოველი ფულის ხარჯვის შესაძლებლობის დროს დაუსვით თქვენს თავს კითხვა - რეალურად ეს ის ნივთია, რაშიც ფულის გადახდა გიღირთ? რა იქნება მომავალში?! იმ შემთხევაში თუ ამ კითხვაზე არ გაქვთ მკვეთრად განსაზღვრული პასუხი „კი“, მაშინ შეეცადეთ, რომ არ დახარჯოთ თანხა ამ მიმართულებით.