ტბების, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე სხვადასხვა დროს ჩაძირული განძის მოპოვების სურვილი დღემდე არ ასვენებთ განძისმაძიებლებს.
ზოგს უმართლებს კიდეც. ცოტა ხნის წინ განძისმაძიებელმა ამერიკელმა ოჯახმა ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირული ესპანური გემიდან ოქროს სამკაულები და ფული ამოიტანა, რომელთა შორის უიშვიათესი ესპანური მონეტაცაა - "სამასწლოვანი სამეფო". განძის საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება. მათ შორის არის 12-მეტრიანი ოქროს ჯაჭვიც. რამდენიმე თვის წინ კოლუმბიაში 300 წლის წინ ჩაძირული ხომალდი "შან ჟოსე" იპოვეს. გემი 1708 წლის 8 ივნისს, იმ დროს ჩაიძირა, როდესაც ბრიტანულ სამხედრო გემებს გაურბოდა. ფსკერზე აღმოჩნდა მილიონობით დოლარის ღირებულების განძი: ფირუზი, ოქრო და ვერცხლი...
ჩაძირულ ქონებას საქართველოს წყლებშიც ეძებენ. ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფოთის აკვატორიაში სხვადასხვა დროს ჩაძირული გემების ამოღება და ჯართად გაყიდვა კი ხშირია. აქაურები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში ფოთში, გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე, რუსული საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხედრო გემების ნაწილი გაიყვანეს ამ ტერიტორიიდან, ნაწილი კი უტილიზაციის მიზნით მიმდებარე წყლებში ჩაძირეს. ფოთელების თქმით, სამხედრო გემების ნარჩენების ამოღება სარფიანი საქმეა, რადგან ღირებული მეტალისგან არის დამზადებული და კარგ ფასადაც იყიდება. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება მხოლოდ ოფიციალური ნებართვის საფუძველზე ხდება, რომელსაც ეს უწყება გასცემს, ჩაძირული ქონების ზღვიდან ამოღების წესსა და მექანიზმს კი"საზღვაო კოდექსი"არეგულირებს. ამ ეტაპზე სააგენტოს ორი კომპანიისთვის აქვს მიცემული ჩაძირული ქონების ამოღების ნებართვა.
სახელმწიფო უწყების მოთხოვნით, ჩაძირული გემის ნარჩენების ამოღების ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფასებული იქნება სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა მოსალოდნელი რისკი და როცა ყველა რისკის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიება იქნება გატარებული. გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი უნდა იყოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული და ამ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების წესების სრული დაცვა.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ნავსადგურის ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2015 წლის განმავლობაში სანავსადგურო ფლოტის ჩაძირული ყველა გემი წყლიდან ამოღებულია (პოზიციები: 3, 4. 5. 6. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14). თუმცა წყლის ფსკერზე რამდენიმე სხვა გემი რჩება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩაძირული ქონების ამოღება ტექნიკურად და ფინანსურად გაუმართლებელია და არ არის გამორიცხული, მისი ნარჩენები სამუდამოდ დარჩეს წყლის ფსკერზე. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, ამჟამად ფოთის აკვატორიაში რამდენიმე გემი და ბარჟაა ჩაძირული. 1998 წლის 14 თებერვალს ძლიერი შტორმის დროს კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა მშრალი ტვირთმზიდი, 1200-ტონიანი გემი "ბეგი". დაიღუპა ეკიპაჟის ოთხი წევრი.
2011 წლის 7 თებერვალს რეიდზე დგომისას, ძლიერი შტორმისას, კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა მშრალი ტვირთმზიდი
"გრიგორი პეტროვსკი". კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასევე ჩაძირულია მცირეტონაჟიანი ბარჟები "ახალი კოლხიდა" და "პიონერი". მათი ჩაძირვის თარიღი უცნობია.
რაც შეეხება ყულევის საზღვაო ნავსადგურს, 2008 წლის 30 სექტემბერს ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა თბომავალი "სკადოვსკი", რომლის დაახლოებით 3/4 ნაწილი ამოღებულია და მიმდინარეობს მუშაობა მის ბოლომდე ამოსაღებად.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"