ნიუ-იორკში, ბროდვეიზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსისა და აქსესუარების მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის თანადამფუძნებელი სამი ქართველი: ანი ფურცელაძე, ანიკა ოძელაშვილი და ნია ოძელაშვილი არიან. ნიუ-იორკში ბიზნესს ანი ფურცელაძე კურირებს, დები - ანიკა და ნია ოძელაშვილები კი ამერიკულ ბიზნეს საქმიანობას საქართველოში ცხოვრებას, სწავლასა და მუშაობასაც უთავსებენ. მაღაზიის სამომავლო გეგმებისა და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქციის მახასიათებლებზე ”ბიზნესპრესნიუსს” ანიკა და ნია ოძელაშვილები ესაუბრნენ:
პირველი ნაბიჯები.
ანიკა ოძელაშვილი: ”მაღაზია 9 მარტს გაიხსნა. იდეა ძალიან სპონტანურად დაიბადა. ერთ-ერთ საღამოზე ყოფნისას, მოხდა ისე, რომ სამივეს ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი გვეცვა და სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა - გაგვეცნო ისინი სხვებისთვის და უფრო მასშტაბური გაგვეხადა ეს ყველაფერი.იქ ფართის აღება ძალიან რთულია. უნდა გქონდეს დიდი ფინანსური ბეგრაუნდი. უნდა გქონდეს დამადასტურებელი საბუთები, რამდენად გადახდისუნარიანი ხარ იმ კონკრეტული ტერიტორიის ღირებულების, რომელსაც ქირით იღებ. ჩვენი პარტნიორი, ანი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ძირითადად, იქ არის ხოლმე. მას ჰქონდა შესაბამისი ისტორია, რამაც ხელი შეგვიწყო, რომ ჩვენ ეს ფართი აგვეღო. ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი პირადი სახსრებით დავიწყეთ”.
ნია ოძელაშვილი: ”რაც შეეხება ბიზნესის ნიუ-იორკში წარმოებას, პირველი სირთულეა საგადასახადო რეგულაციები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, იქ ჩასვლისას. გარდა ამისა, რთულია, როცა ბაზარს არ იცნობ, სეგმენტს არ იცნობ. ჩვენთვის ძალიან რთული იყო ადგილის პოვნა”.
პროდუქცია და სვანური ”მიყვარხარ” ნიუ-იორკში.
ანიკა ოძელაშვილი: ”14 ქართველი დიზაინერი გვყავს. მომხმარებელს, ძირითადად, ვთავაზობთ ხელნაკეთ ნაწარმს. ხელით გაკეთებულად ითვლება ასევე, კონკრეტული ადამიანის მიერ საკერავი მანქანით შეკერილი სამოსი. ეს არის არა ქარხნული. გვაქვს სამოსი, აქსესუარები და ახლა უკვე - ფეხსაცმელებიც. ზოგ დიზაინერს თავის ნამუშევრებში გამოყენებული აქვს ქართული დეტალები.მაღაზიის სახელწოდება ეროვნული მოტივით არის ნაკარნახევი (Malat). სვანურად ეს სიტყვა ”მიყვარხარ”-ს ნიშნავს და ჰყვება ისტორიას საქართველოს შესახებ. იქ ყველას აინტერესებს, ყველა კითხულობს, რას ნიშნავს სახელი და ამას მოჰყვება ხოლმე ახსნა-განმარტება, სვანეთი და ა.შ. მაღაზიით ქართველებიც სარგებლობენ, მაგრამ უმეტესობა უცხოელია”.
ბიზნესის განვითარება და სამომავლო გეგმები.
ანიკა ოძელაშვილი: ”იმის ფონზე, რომ ჩვენ ნიუ-იორკში მაღაზიის აქტიური პიარი არ გაგვიკეთებია და ამ ყველაფერში დამატებითი ხარჯი არ გაგვიწევია, საკმაოდ კარგი რაოდენობის საქონელიც არის გაყიდული და მუშაობაც კარგად მიდის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება”.ნია ოძელაშვილი: ”იყო შემოთავაზება ლოს-ანჯელესიდან. უბრალოდ, მაშინ 2 კვირის გახსნილები ვიყავით. გადავწყვიტეთ, ჯერ განვვითარებულიყავით. თუმცა, სამომავლო გეგმებში ლოს-ანჯელესი შედის - ძალიან კარგი ბაზარია. ნიუ-იორკში არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გადავიდეთ, ოღონდ ეს ჯერ ცოტა ადრეა. გვინდა, ჯერ აქ გავძლიერდეთ”.
თამარ კორკოტაშვილი