რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პირველ ეტაპზე კოსტავას გამზირზე მდებარე ცამეტ და ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ორ არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობას ძველებური იერსახე დაუბრუნდება.
რუსთავის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სარესტავრაციო სამუშაოებს კომპანია ,,დაგი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 5,5 მილიონი ლარია.
პროექტი კოსტავას ქუჩაზე ფასადებისა და მინათებების აღდგენას, დაზიანებული შენობა-ნაგებობების გამაგრებას, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების გაყვანას, გზისა და ტროტუარების დაგებას, ასევე ავტობუსის გაჩერებების დადგმასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს.
,,გზა არმირებული ბეტონით, ტროტუარები კი თეთრი და წითელი ფერების კომბინირებული ქვაფენილით მოპირკეთდება. გამოყენებული მასალა ჩატარებული სამუშაოების გამძლეობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს. ძველი იერსახის აღდგენის მიზნით, 6 სატელეფონო ჯიხურის მოწყობასაც ვგეგმავთ. აღნიშნულ ტროტუარებზე ველობილიკები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსებიც განთავსდება”, - განაცხადა დავით ჯიქიამ.
რუსთავის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. მომავალ წელს კი აღნიშნული ქუჩების სრული რესტავრაციისათვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
ქრისტინე გამთენაძე