ცნობილ ადამიანებს უყვართ ლამაზად და გემოვნებიანად ცხოვრება. საკუთარი გასტრონომიული მისწრაფებების რეალიზებას ისინი ხშირად თავიანთ რესტორნებში ახდენენ.
ბონ ჯოვი
მუსიკალურ სამყაროში ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან ქალაქ რედ ბენკში (ნიუ ჯერსის შტატი) გახსნა საქველმოქმედო რესტორანი The Soul Kitchen, სადაც ფასები ფიქსირებული არ არის. კლიენტს შეუძლია გადაიხადოს იმდენი, რამდენიც მოესურვება. ამით მომღერალს სურს, უპოვარ ოჯახებს მისცეს საშუალება, მიიღონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საკვები. პროექტის განსახორციელებლად მომღერალმა თავისი ნიუ იორკული ფეშენებელური ბინა 45 მილიონ დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ რესტორნის გახსნამდე ბონ ჯოვისა და მის მეუღლე დოროთის საზოგადოებრივი სასადილო ჰქონდათ, სადაც 2 წლის განმავლობაში უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ.
ფრენსის ფორდ კოპოლა
ცნობილი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა კალიფორნიაში რესტორანთა ქსელს ფლობს: Cafe Zoetrope, Cafe Rosso&Bianco და Rustic Francis’ Favorites. უკანასკნელი, რეჟისორის მეღვინეობაში, ნაპას ხეობაში მდებარეობს. რესტორანი Rustic Francis’ Favorites (”ფრენსისის საყვარელი კერძები”) კლიენტებს იტალიურ პიცას, ხორცის დელიკატესებს, აგრეთვე ახლომდებარე ნაკვეთში მოყვანილი ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს. რესტორანში ორი სადეგუსტაციო დარბაზია, სადაც კოპოლას ღვინის შეძენა არის შესაძლებელი. აქვე ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმებისა და ღვინის პატარა მუზეუმია გახსნილი.
რობერტ დე ნირო
რობერტ დე ნირო რამდენიმე რესტორნის თანამფლობელია, მათ შორის ცნობილი Rubicon-ის სან-ფრანცისკოში. ”რუბიკონის” ღვინის მენიუ 1500-მდე სახეობას მოიცავს. ამის გარდა, ლეგენდარულმა მსახიობმა იაპონელ შეფ-მზარეულთან ნობუ მატსუჰისასთან ერთად შექმნა იაპონური ინოვაციური სამზარეულოს რესტორანთა ქსელი Nobu, რომელიც მსოფლიოს 19 ქალაქში არის წარმოდგენილი და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
ცნობილმა მომღერალმა რამდენიმე წლის წინ ნიუ იორკში საკუთარი რესტორანი სახელწოდებით, Southern Hospitality (”სამხრეთის სტუმართმოყვარეობა”) გახსნა. რესტორანი ამერიკის სამხრეთის კერძებს სთავაზობს, რომლებიც ტიმბერლეიკის ოჯახის რეცეპტების მიხედვით მზადდება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ წიწილა სუნელებით, მემფისური ნეკნები, რომელსაც ჯასტინის დედა ამზადებს. რესტორნის ინტერიერი კოლონიალურ სტილშია გადაწყვეტილი.
დენი დე ვიტო
ცნობილი კომიკოსის დენი დე ვიტოს რესტორანი DeVito’s South Beach ფლორიდაში მდებარეობს. რესტორანი კლიენტებს ინტერნაციონალური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს, მათ შორის სტეიკს, სახელწოდებით Global Steak Flight, რომელიც სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოტანილი სამი განსხვავებული ხორცისგან მზადდება. რესტორნის დიზაინი იტალიურ სტილშია გადაწყვეტილი.
ევა ლონგორია
მსახიობი ევა ლონგორია აცხადებს, რომ კულინარია მისი უდიდესი ჰობია. ევას დედა და დეიდა შესანიშნავი მზარეულები არიან, თავად მსახიობი კი კერძებს 5 წლიდან ამზადებს.
ევამ ლას-ვეგასში ღამის კლუბი და რესტორანი Beso (”კოცნა”) გახსნა. ახლახან ღამის კლუბი გაკოტრდა და დაიხურა, რესტორანს კი კარგი შემოსავალი მოაქვს და განაგრძობს ფუნქციონირებას.
ჯერარდ ბატლერი
შოტლანდიელი ჯერარდ ბატლერი ამერიკას მხოლოდ კინოთი არ იპყრობს. მისი რესტორანი Shin ლოს-ანჯელესში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ მენიუში არავითარი ტრადიციული შოტლანდიური კერძები არ არის. რესტორანი სპეციალიზდება კორეულ ბარბექიუზე.
გლორია ესტეფანი
ლათინო-პოპის დედოფალი გლორია ესტეფანი მეუღლესთან ერთად კუბური სტილის დემოკრატიული კაფეების ქსელს ფლობს - Bongo's Cuban Cafe. ასე იცის სამშობლოს მონატრებამ.
დუდანა ზაქარაია