დიდი ხნის წინ მოარული ხმები, რომ ჰიპერმარკეტების ქსელს ფინანსური სიძნელეები აქვს და გაკოტრება ემუქრება, კომპანიამ ოქტომბერში დაადასტურა.
მენეჯმენტმა სასამართლოს ჯერ შვილობილი კომპანია "მარშეს", შემდეგ კი თავად ”გუდვილის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე განაცხადით მიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით, ”გუდვილსა” და ”მარშეს” კრედიტორების წინაშე, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა.
სააქციო საზოგადოება ”ნიკორამ”, რომელიც ჰიპერმარკეტის ერთ-ერთი კრედიტორია, დღეს მზადყოფნა გამოთქვა, "გუდვილის" ფინანსური ვალდებულებები თავის თავზე აიღოს და სამომავლოდ ჰიპერმარკეტის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს.
„ვადასტურებთ, რომ სს „ნიკორა“ მზად გახლავთ, აიღოს კომპანია „გუდვილის“ ყველა ვალდებულება, „გუდვილის“ ამჟამინდელი დამფუძნებლის, ბატონი გოგი შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში”, - დაუდასტურა ”ნიკორას” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა BPN-ს გავრცელებული ინფორმაცია.
”ნიკორას” განცხადებას ჰიპერმარკეტთა ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატო დარჩიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინვესტიციით შესვლის სურვილი ”გუდვილში” უკვე ბევრმა ფირმამ გამოთქვა.
”მენეჯმენტი განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის წინადადებას და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს”,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
გუდვილის პრობლემების სათავეებთან
”გუდვილის” მენეჯმენტი ფინანსური პრობლემების წარმოშობის მიზეზად ძველი ხელისუფლებისთვის გაწეულ”ხარკს” უკავშირებს.
"2004 წლიდან მოყოლებული, "გუდვილის" ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ჩვენს კომპანიას არაერთხელ მოუხდა არამიზნობრივი ხარჯების გაწევა. საერთო ჯამში, ასეთი ხარჯების მთლიანი მოცულობა 30 მლნ ლარს აჭარბებს”, - აღნიშნულია ”გუდვილი” 7 ოქტომბერს გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ”ხარკი” მათ რაბათის კომპლექსის მშენებლობასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის 50 ერთეული ჯიპის შესყიდვისთვის გაიღეს.
თუმცა, მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ”შეწერილი” მილიონების მიუხედავად, "გუდვილი" და მისი ცენტრალიზებული წარმოება – "მარშე" მომწოდებლებისა და ბანკის წინაშე არსებულ მიმდინარე ვალდებულებებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან. პრობლემას ძველი, დაგროვებული დავალიანების გადახდა წარმოადგენს.
რა ბედი ელის ჰიპერმარკეტებს
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, სუპერმარკეტების ქსელები საქართველოში საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესია, მიუხედავად იმისა, რომ ”გუდვილის” მსგავსად გაკოტრებამდე უკვე რამდენიმე კომპანია მივიდა.
“სუპერმარკეტების ექსტენსიური განვითარების რესურსი საქართველოში არსებობს. ამის კულტურა მოსახლეობაში უკვე ჩამოყალიბდა - ყველას ურჩევნია კეთილმოწყობილ, მოწესრიგებულ სუპერმარკეტში შესვლა, სადაც პროდუქციის ხარისხის გარანტია გაცილებით მეტია, ვიდრე უბნის მაღაზიებში. თუ, რა თქმა უნდა, იქ მისაღები ფასები დახვდებათ”, - ვარაუდობს ლექვინაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ”გუდვილის” პერსპექტივებსა და მომავალზე ბვერი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მისი ”გადარჩენა” აუცილებელია და მხარდაჭერა როგორც სახელმწიფომ, ასევე კრედიტორებმაც უნდა გამოიჩინონ.
”ბევრ ინდუსტრიას მისი გაკოტრება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, მაგალითად, სასმელების წარმოებას, რადგან მათ წინაშე ”გუდვილს” ძალიან დიდი დავალიანება დაუგროვდა”, - აცხადებს ლექვინაძე.
მარკეტინგული კვლევების სააგენტო ”გამას”დირექტორ ინგა ფოცხიშვილის თქმით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მცირე და საშუალო დისტრიბუტორებიც, რომელთაც ისედაც მწირი ფინანსური რესურსი აქვთ. გაკოტრების შემთხვევაში ისინი ”გუდვილიდან” დავალიანების ამოღებაზე ვერც კი იოცნებებენ.
”გუდვილის” დახურვის შემთხვევაში, კონკურენციის შემცირების საფრთხეზე საუბრობს ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.
”გუდვილის გასვლა ბაზრიდან ძალიან ცუდი იქნება სუპერმარკეტების სფეროში კონკურენციისათვის. არ გამოვრიცხავ, რომ კონკურენციის შემცირებას სხვა სუპერმარკეტებში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდაც მოჰყვეს. ფაქტია, რომ ასეთი მსხვილი მოთამაშის გასვლა ბაზრიდან ამ სფეროში სერიოზული რყევების გარეშე წარმოუდგენელია. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი ”გუდვილისთვის” მაინც ”კარფურია” და მისი დაბალი ფასები, ერთი მხრივ, თავად ბრენდის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია, თუმცა ამავე დროს, ”გუდვილთან” კონკურენციითაც არის განპირობებული”, - ვარაუდობს აბაშიშვილი.
ყველაზე მყისიერი და უარყოფითი შედეგი კი, რაც შეიძლება ”გუდვილის” დახურვა გამოიწვევს, იმ 1600 სამუშაო ადგილის გაუქმებაა, რომელსაც ჰიპერმარკეტების ქსელი ქმნის.