საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 44%-ზე მეტი იღებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 6,5% იღებს, შემდეგია თბილისი - 7,3, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს - 8%.
რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რაგიონებშიც, რის მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 39%-ს (1 მლნ 413 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა თვლის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება.
"ბიზნეს-რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 44,4% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი კი რეგიონის მოსახლეობის 73,8%-ს აქვს დაწერილი. ბოლო აღწერით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 23 629 თვლის, რომ ღარიბია, 14 229 კი საარსებო შემწეობას იღებს.
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში 263 383 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საარსებო შემწეობას 54 935 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 20,8% 126 263 ადამიანი, ანუ 5-% კი თვლის, რომ ღარიბია, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სპეციალური განაცხადი აქვს შეტანილი სოციალური მომსახურების სააგენტოში.
რიგით მესამე ღატაკი რეგიონი - მცხეთა-მთიანეთია, სადაც საარსებო შემწეობას მოსახლეობის 19,8% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას უფრო მეტი, 41,6% გამოთქვამს. რეგიონში სულ 94 500 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას იღებს - 18 702, განაცხადი კი დაწერილი აქვს 39 319 ადამიანს.
შემდეგ მოდის კახეთი, სადაც საარსებო შემწეობა რეგიონის მოსახლეობის 17,8%-ს აქვს დანიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებულია 41,1%. სულ კახეთში 318 583 ადამიანი ცხოვრობს.
სიღარიბის დონით შემდეგია გურია, სადაც საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 15,5% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 57,7% გამოთქვამს. გურიაში სულ 113 350 ადამიანი ცხოვრობს.
გურიას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში სულ 330 761 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 46 622 ადამიანი, ანუ 14% ღარიბია, სოცსააგენტოში განაცხადი კი 154 123 ადამიანს, ანუ 46,6%-ს აქვს დაწერილი.
სოცმომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იმერეთში საარსებო შემწეობას 75 619 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 14,1%-ს შეადგენს. პარალელურად 238 972 ადამიანი, ანუ 44,7% თვლის, რომ ღარიბია და სოცსააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული. იმერეთში სულ 533 906 ადამიანი ცხოვრობს.
ყველაზე უკეთ კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. რეგიონში სოციალურ შემწეობას მხოლოდ 6,5% იღებს, თუმცა ღარიბობის პრეტენდენტთა რაოდენობა აქაც მაღალია, დაახლოებით 42,6%, სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს.
უკეთესობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა თბილისი. დედაქალაქში ღარიბი 7,3%-ია, რიგში კი 24,8%-ია. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია. აქ ღარიბი სულ რეგიონის მოსახლეობის 8%-ია, სოცსააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებული 29,7% ქვემო ქართლში ბოლო აღწერის მიხედვით 423 986 ადამიანი ცხოვრობს.
რაც შეეხება აჭარას, ბოლო აღწერის მიხედვით, იქ 333 953 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 10,6% იღებს, სულ 35 635 ადამიანი, სიღარიბეზე პრეტენზიას კი 162 010 ადამიანი, ანუ 48,5% აცხადებს.
სოციოლოგი ავთო სულაბერიძისთვის რაჭა-ლეჩხუმში სიღარიბის მაღალი დონე მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც დიდია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელიც - 24-30%.
"ფაქტობრივად, ინვესტიციები იდება თბილისში და ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება. რეგიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ტრანსფერების იმედზეა, რომლებიც სოციალური ხასიათისაა. მოსახლეობა არის სახელმწიფოს კმაყოფაზე, ანუ იგი მომხმარებელია და არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი სოფლის მეურნეობა აქვს", - ამბობს ავთო სულაბერიძე და დასძენს, რომ სადაც დიდია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება, ის რეგიონი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. რაჭა-ლეჩხუმში არც სოფლის მეურნეობაა განვითარებული და არც მრეწველობა.
"თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელმა უკვე შესამჩნევად იკლო. ამას განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკა. სულ ვამბობ - უნდა განვითარდეს საშუალო და პატარა ქალაქები! სამწუხაროდ, ინვესტიციები იქ არ იდება. ამიტომ მოსახლეობა მოდის თბილისში, რეგიონებში კი დაუსაქმებელი ხალხი რჩება", - ამბობს ავთო სულაბერიძე.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რაჭა-ლეჩხუმში არსებულ პრობლემას ბიზნესს აქტიურობის დაბალი დონით, ინვესტიციების სიმცირითა და მოსახლეობის დაბერებით ხსნის.
"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეკონომიკური განვითარების დონით, სამეწარმეო აქტიურობით დედაქალაქი გამოირჩევა და თბილისში, სადაც მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, ბიზნეს-აქტიურობისა და ბრუნვის დაახლოებით 72-75% მოდის.
რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი - ეს არის სამეწარმეო აქტივობის დაბალი დონე და მეორე ის, რომ ამ რეგიონში მაღალია საპენსიო ასაკს მიტანებული მოსახლეობა და მცირეა შრომისუნარიანთა რაოდენობა, ანუ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა შექმნას დოვლათი და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა. დაბალი შობადობის და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საშუალო ასაკი ძალიან შემცირდა. ამ რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს, ამ რეგიონებში ღარიბი მოსახლეობის სიმცირის მიზეზი შობადობის მაღალი მაჩვენებელი და შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა.
"ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობის ბუნებრივი მატება საგრძნობლად აღემატება საშუალო მაჩვენებელს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მაღალია და თანაც, ამ ორ რეგიონს ეკონომიკური ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნია", - დასძინა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მთავრობამ რეგიონების ეკონომიკური სტიმულირებისთვის თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა და ისინი ფინანსურად ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული დატოვა. მართალია, რაიონებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით), მაგრამ ჯერჯერობით მას მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
სოსო არჩვაძის თქმით, თუ გვინდა, რომ რეგიონი და მთა განვითარდეს, ბიუჯეტიდან ტრანსფერი და სოციალური დახმარება არ იქნება საკმარისი, აუცილებელია დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაც. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის რეგიონებში სოციალური მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"