რა პროფესიები მოსწონთ და რას ირჩევენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე? სპეციალისტები ამბობენ, რომ ამა თუ იმ პროფესიის არჩევის მთავარ ხიბლს მაღალი ანაზღაურება წარმოადგენს. როგორც განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საზოგადოების განწყობა პროფესიების მიმართ, იქიდან გამომდინარე იცვლება, თუ რას ხედავენ მედიით და რომელი პროფესიის ადამიანები აღიქმებიან წარმატებულებად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წლევანდელ მონაცემებზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი იყო დაინტერესება მშენებლობაზე, ელექტროინჟინერიაზე, ენერგეტიკაზე, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებზე - ქართულ ფილოლოგიასა და ისტორიულზე.
სიმონ ჯანაშია: პროფესიების პრესტიჟი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთია დასაქმების შესაძლებლობა, მეორეა, დასაქმების შემთხვევაში, ანაზღაურება რამდენი გექნება. საზოგადოების განწყობებიც იქდან გამომდინარე იცვლება, თუ რას ხედავენ მედიით და წარმატებული ადამიანები სხვადასხვა პროფესიებში ჩანან თუ არა.
რაც შეეხება ტექნიკური მიმართულებების პოპულარობის გაზრდას, ამის მიზეზი უნივერსიტეტებში საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვაა. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ორმაგი - ქართულ-ამერიკული დიპლომი აიღონ. პროფესიების პოპულარობაზე გავლენას, შესაძლოა, უფასო ფაკულტეტებიც ახდენდეს. შეიძლება, დიპლომი უფრო ადვილად მიიღო, რადგან დღეს რეალურად დიპლომის ღირებულება ჯერ კიდევ არსებობს. ჰუმანიტარული ფაკულტეტების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, დასაქმება იყოს. საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, ამისთვის კი ჰუმანიტარული განათლებაც საკმარისია, რაც ჰუმანიტარულ სფეროს მიმზიდველს ხდის.
"რ": თუ შეიცვალა საზოგადოების ინტერესი ისეთ ტრადიციულად მოთხოვნად პროფესიებზე, როგორებიცაა იურიდიული, მედიცინა, საერთაშორისო ურთიერთობები?
ს.ჯ.: საზოგადოებრივ ინტერესში მაინცდამაინც დიდი ცვლილება არ ჩანს. ამ პროფესიებში, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმება რთულია, შემოსავალი მაღალია. ადამიანს ურჩევნია, გახდეს იურისტი რადგან მისი ხელფასი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სოციოლოგის და ფილოსოფოსის. ამის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია პრესტიჟი. მაგალითად, იურისტი საზოგადოებაში უფრო დაფასებულად ითვლება, ვიდრე მასწავლებელი. ამიტომ ადამიანს ურჩევნია, სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელოს.
ამის გარდა, დასაქმების შესაძლებლობაც მაღალია, იურიდიულზე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში დასაქმდე. შესაბამისად, შეიძლება იურიდიული ფირმაში ვერ დასაქმდე, მაგრამ მუშაობის გაგრძელება ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში შეძლო.
იგივეა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაც. შესაძლებელია ადამიანი კერძო კომპანიაში დასაქმდეს, ვთქვათ, საერთაშორისო კავშირების გამყარებაზე, და არა მაინცდამაინც დიპლომატიურ კორპუსში.
"რ": იზრდება მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზეც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ს.ჯ.: პროფესიული პროგრამები კარგია მაშინ, თუ შენ გინდა, რომ მიმართულება სწრაფად შეიცვალო. პროგრამები მოკლევადიანია და ამის შესაძლებლობას გაძლევს. ბოლო დროს ზოგიერთი მიმართულება პოპულარული შინაგანი ინტერესის გამო გახდა, მაგალითად, ასეთია კულინარიის კურსები. როგორც წესი, ამ პროფესიაში მხოლოდ დასაქმების გამო კი არ მიდიან, არამედ სურთ, უნარები გაიუმჯობესონ. ცხადია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია და ამას ხელს უწყობს რესტორნების ზრდა.
რა თქმა უნდა, ამ სფეროში კონკურენციაც არსებობს, ამიტომ დამსაქმებლები უფრო მეტად მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს ითხოვენ. ამიტომაც ამ სფეროში ფორმალურ განათლებას უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა.
ლიკა ამირაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"