ვინ ჰპირდება მოქალაქეებს მთავრობასთან საქმის 20 ლარად "ჩაწყობას" და რა ხელშეკრულებებზე აწერინებენ ხელს მეწარმეებს
ისტორიას თაღლითობის უამრავი მაგალითი ახსოვს, თუმცა შემთხვევები, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რაღაც ახალია. ბოლო დროს მცირე მეწარმეებსა და წვრილ მოვაჭრეებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ და თავს სამინისტროების პარტნიორებად აცნობენ. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ისინი მეწარმეებს მომსახურებას, რჩევასა და "სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობების დალაგებასაც" კი სთავაზობენ. ზოგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციების სახელწოდება ისეთივე მრავალფეროვანია, რამდენადაც მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება, აღარაფერს ვამბობთ თითქოსდა "იურიდიული" ძალის მქონე ხელშეკრულებებზე, რომელთა ტექსტები უამრავ ცდომილებასა და იურიდიულ ლაფსუსს შეიცავს.
ჩვენ რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება ჩაგვივარდა ხელთ. ერთ-ერთში ვკითხულობთ, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი - სურსათის უვნებლობის, შრომის, ჯანმრთელობის, სახანძრო უსაფრთხოების, მეწარმეთა, მომხმარებელთა უფლებებისა და გარემოს დაცვის ასოციაცია "უსაფრთხო ქვეყანა" იღებს ვალდებულებას, საკუთარი საშუალებებითა და სახსრებით გაუწიოს მომსახურება კონკრეტულ ინდმეწარმეს: სოფლის მეურნეობის პროდუქტებში განსაზღვროს ორგანული და ფიზიკური მახასიათებლები და გასცეს ცნობა ხარისხის შესახებ, შეამოწმოს ფქვილი და მისი ნაწარმი, სასურსათო მაღაზიებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გაუწიოს კონსულტაციები და დასკვნა მოამზადოს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შრომის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს ეკოლოგიურ დაცვასთან.
მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ამ შემთხვევაში თვეში 10 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ერთი წლით ფორმდება და თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტს, ყოველი წლის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც ცხადია, რომ მეწარმეებისთვის შეთავაზებული მომსახურება დიდწილად სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების იდენტურია და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, ასეთ ზომებს მიმართოს.
სხვა ხელშეკრულებაში, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა მოგვაწოდა, ორგანიზაცია სრულიად შეუფარავად ასაღებს თავს ერთდროულად ორი სამინისტროს (ჯანდაცვისა და ეკონომიკის) ოფიციალურ პარტნიორად.
ამირან შენგელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" თავმჯდომარე: "აპრილში რამდენიმე მოქალაქემ მომმართა და მსგავსი ხელშეკრულებები გამაცნეს. უმეტესობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობაა, თუმცა არის შემთხვევები სართიჭალასა და ქუთაისშიც. ჩავედი მათთან და ვესაუბრე. ჰყვებიან, რომ ბოლო დროს გააქტიურდნენ პირები, ვინც მათ მთავრობის სახელით ელაპარაკება და მფარველობას ჰპირდება. ბევრმა კარგად არც იცის ქართული და, შესაბამისად, ხელშეკრულებებსაც ვერ კითხულობს, სადაც მხოლოდ სიტყვების რახარუხია და სხვა არაფერი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ხელშეკრულებები იურიდიულად გაუმართავია. მაგალითად, ხელშეკრულებაში წერია, რომ "თანხის გადაუხდელობა ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და გამოყენებული იქნება საქართველოს სამოქალაქო შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები"(?!) - ამას სხვა ვერაფერს დავარქმევ, თუ არა "დაბოლებას". კლასიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, რომლის საშუალებითაც მავანი ფულს შოულობს და მისი გადახდა კი მომხმარებელს აწვება კისერზე. ვცადე ამ ორგანიზაციების მესვეურებთან დაკავშირება, მაგრამ შეხვედრაზე უარს ამბობენ, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე კი მათ ვერ მივაკვლიე. ადგილზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. ბოლო დროს განსაკუთრებით ე. წ. დასუფთავების სამსახურები მომრავლდნენ. ზოგი მათგანი ასევე თავს სახელმწიფოს წარმომადგენლად ასაღებს და მეწარმეებს აშინებს, რომ თუ მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ და ობიექტებს მათვე არ დაასუფთავებინებენ, სურსათის ეროვნული სააგენტო რეიდს მოაწყობს და დააჯარიმებს. ეს შანტაჟია, ამაზე იმისთვის მიდიან, რომ მეწარმისგან თვეში 20-30 ლარი მიიღონ".
ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:
"ბოლო პერიოდში გახშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება. საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ. უფრო მოწყვლადი ნაწილია საშუალო და მცირე ბიზნესები, რომლებიც მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევიან კანონმდებლობაში. სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათთან თანამშრომლობისგან და ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, პირველ რიგში, იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვონ ან მაშინვე დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მხოლოდ ჩვენი სააგენტოს პრეროგატივაა სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარული, სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლი".
ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ ორ სამინისტროსაც მივმართეთ, ვისი სახელითაც თითქოსდა მათი პარტნიორი ორგანიზაციები მოქმედებენ და ხელშეკრულების ასლებიც გავუგზავნეთ. ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებში ასეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა კატეგორიულად უარყვეს, დაგვიდასტურეს, რომ მათ სახელს მეწარმეებთან ურთიერთობისას უკანონოდ იყენებენ.. ამის შემდეგ ერთ-ერთ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით პირს, რომელიც ემზარ ბეჟაშვილად გაგვეცნო, თავისუფალი პროფკავშირული მოძრაობა "სამართლიანობა-სოლიდარობის" თავმჯდომარედ.
- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მომსახურებას უწევთ მეწარმეებს?
- ყველაფერი ხელშეკრულებაში წერია... ეს არის სამართლებრივი რჩევა-დარიგების მიცემა მეწარმეებისთვის, მათ შორის, კანონმდებლობასთან დაკავშირებით და საშუამავლო საქმიანობის შესრულება სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა უწყებებთან.
- ხელშეკრულებაში წერია, რომ ორი სამინისტროს ოფიციალური სოციალური პარტნიორი ხართ. რაში გამოიხატება ეს პარტნიორობა?
- აღმასრულებელი ხელისუფლება, მისი სტრუქტურული და პროფესიული კავშირები წარმოადგენენ ერთმანეთის სოციალურ პარტნიორ ორგანიზაციებს.
- თქვენ მიერ მითითებულ სამინისტროებში აცხადებენ, რომ მათ თქვენთან საქმიანი ურთიერთობა არა აქვთ.
- მოდი რა, იქნებ დამიკავშირდნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ შესახებ მოგაწოდათ ინფორმაცია და მე მათთან გავარკვევ ამ საკითხებს.
თუ რამე პრეტენზია აქვთ, თავად გავცემთ პასუხს. ჩვენ ღიად ვმოქმედებთ, დასამალი არაფერი გვაქვს. ხელშეკრულებები რიგდება და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ვცდილობთ, კეთილსინდისიერად გავუწიოთ სრული პროფკავშირული მომსახურება. რაც შეეხება სამინისტროებთან ურთიერთობას, ეს არის ზოგადი განმარტება. გენერალური შეთანხმებები მათთან პარტნიორობაზე არ გაგვიფორმებია. ბევრჯერ ვცადეთ მათთან ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმება, მაგრამ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ(?!).
- შეგიძლიათ ერთი კონკრეტული მაგალითი დამისახელოთ, როცა დაეხმარეთ თქვენს ბიზნესოპერატორს, თუნდაც სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას?
- სულ ერთი თვის დაწყებული პროექტია და ნებისმიერს, ვინც კი მოგვმართავს და ვისაც რამე პრობლემა აქვს, გვერდით დავუდგებით, ბევრს დავეხმარეთ კიდეც. უამრავი ორგანიზაცია არეკეტებს მეწარმეებს, შანტაჟითა და დაჯარიმების მუქარით ფულს სძალავენ. მათ შორის ე.წ. მომხმარებელთა ასოციაციები, დეზინფექციის სამსახურები და სხვა. თვეში 5-6 ასეთი ორგანიზაცია მიდის მეწარმესთან და ფულს ართმევს. მეწარმეებმა არც კი იციან, რისთვის იხდიან სოლიდურ თანხას ყოველთვიურად. ჩვენ ბევრ ინდმეწარმეს ჩამოვაშორეთ ეს ორგანიზაციები და მათ, ვინც თვეში 75-80 ლარს იხდიდნენ, დღეს, ფაქტობრივად, გადასახდელი აღარ აქვთ.
- თუმცა ახლა თქვენ გიხდიან 20 ლარს...
- ეს არის იურიდიული მომსახურების, მხარში დგომის, მათთან მეგობრობისა და ელემენტარული ადმინისტრაციული ხარჯების ასანაზღაურებლად. გავათვითცნობიერეთ ეს ხალხი, რომ არ ეკუთვნოდათ ამ ორგანიზაციებისთვის ფულის გადახდა, თან ისინი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები ეგონათ. ავუხსენით, რომ ისინი კერძო პირები არიან, მეტიც, თაღლითები.
- თქვენი ორგანიზაციაც ხომ კერძო პირია?
- ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და ნებაყოფლობით ვაწევრებთ ჩვენთან პირებს, ძალა არავისთვის დაგვიტანებია და არავინ დაგვიშანტაჟებია.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: "კვირის პალიტრა"