სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 90%-ს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლომბარდები ნაძარცვი ნივთების თავშესაფარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხელისუფლება კი მხოლოდ ონლაინ სესხის რეგულირებას ყაბულდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ საფინანსო სფეროში შეიქმნას თამაშის ერთიანი წესები, სადაც მევახშეობის ყველა სახეობა მოექცევა.
ონლაინ-სესხებზე დაწყებულმა ანტიკამპანიამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. ბალტიის ქვეყნების გამოცდილებით, მთავრობა სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს. ჯერჯერობით ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ონლაინსესხების გამცემი კომპანიები ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცევიან.
არანაკლებ სახიფათოა, მომრავლებული ლომბარდები და საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელზე სესხებს, უძრავი ქონების გარანტიით, კოლოსალურად დიდი პროცენტით გასცემენ. უფრო მეტიც, ასეთი კომპანიების წარმომადგენლები, მეგაფონებით აღჭურვილები, უბნებში დადიან და მოსახლეობას სესხებს "მაცდუნებელი წინადადებებით" სთავაზობენ.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საინფორმაციო გაუნათლებლობის მწვავე პრობლემა დგას. "ონლაინ სესხების" დარეგულირების საკითხი სწორედ ამიტომ გადაწყდა. სპეციალისტების განცხადებით კი, რეგულაციის ქვეშ სესხის გამცემი ყველა ტიპის ორგანიზაცია უნდა მოექცეს, ვინაიდან თუ მთავრობას "გაუნათლებელი" ადამიანების მხარდაჭერა სურს, ისინი არც ლომბარდებში არიან დაცულნი.
"რეზონანსი" ცოტა ხნის წინ მკითხველს სალომბარდო კომპანია "მოგოს" კლიენტის ისტორიას უყვებოდა. ეს იყო ნათელი მაგალითი, ასეთ კომპანიები კლიენტისთვის დაკისრებულმა ფინანსურმა ვალდებულებებმა თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმოუდგენელ მასშტაბებს.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ლომბარდებზე უზომოდ მაღალი დამოკიდებულება ერის ტგაგედიაა. მისი თქმით, საქართველოში ლომბარდების საქმიანობა რეგულირების სფეროდან ამოვარდნილია და სახელმწიფოს ამ მხრივ რეგულაციების დროულად მიღება მოუწევს, სანამ ხალხი კიდევ უფრო არ გაღარიბდება.
"სოციალურად ამის აღქმა ძალიან ძნელია, რასაც ვერც ხელისუფლება და ვერც ეროვნული ბანკი ვერ შველიან. საქართველოში ლომბარდების საქმიანობა რეგულირების სფეროდან ამოვარდნილია. მეტიც, ამ საქმიანობას ეწევიან კომერციული ბანკებიც, რაც ამ სექტორისთვის არატრადიციული სფეროა", - განმარტავს ელიავა. ის თვლის, რომ რეგულაციების შემოღება პრობლემებს დიდწილად მოაგვარებს, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეც აისახება.
"მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღონ ზომები და ლომბარდები, სხვა ჩრდილოვან ბანკინგთან ერთად, რეგულირების ქვეშ მოექცეს. ასეთი მიდგომა საბოლოოდ პრობლემის გამოსწორებას და მავანის მხრიდან მადის შემცირებას გამოიწვევს", - აცხადებს ელიავა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლომბარდები, სხვა მსგავსი სესხის გამცემ ორგანიზაციებთან ერთად, "ველურ ბიზნესს" მიეკუთვნებიან, ანუ გამოსულნი არიან ყოველგვარი რეგულირების სფეროდან. ამიტომ ზუსტი ანალიზი ამ დაწესებულებათა მიერ გაცემული სესხების, თანხის ბრუნვისა და მოგების შესახებ არ არსებობს. ცნობილია ცოტა ხნის წინ ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომელსაც სტატიის მომზადებისას დავეყრდენით.
ილიაუნის ლომბარდების კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ დაწესებულებებში ჩაბარებულ 1 გრამ ოქროზე შეფასების საშუალო მაჩვენებელი 22,83 დოლარია, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთი თვეში 7,8 პროცენტი, წელიწადში 94%, თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ფაქტობრივად, აორმაგებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სალომბარდო ბიზნესში სესხის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 54,1%-ით განისაზღვრება. 2013 წელს საქართველოში სალომბარდო საქმიანობით 1031 ორგანიზაცია იყო დაკავებული. ლომბარდების კლიენტების რაოდენობამ 682 000 ადამიანს მიაღწია. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,8%) ფიზიკური პირია, ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 311 მლნ ლარამდეა. საქართველოში 18 წელს ზემოთ მყოფი პირების ოდენობა 2 830 000 შეადგენს. მათგან 700 ათასამდე ლომბარდის კლიენტია. გამოდის, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეოთხე მოქალაქე ლომბარდს არის მიჯაჭვული.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ ლომბარდების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ძალიან დიდი რისკი ახლავს, რომელსაც მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ.
"ქვეყნისთვის ნამდვილად ცუდია, როდესაც სალომბარდო მომსახურების გამოყენებით ხალხი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს. წმინდა სოციალურ-ფსიქოლოგიური საკითხია, საქმე გვაქვს ნებისმიერი საშუალებით გარკვეული რისკის გაუცნობიერებლობასთან. ამას დავარქმევდი ნაკლებრისკიანი ფინანსური გარემოდან მაღალი რისკის გარემოზე გადასვლის აუცილებლობას", - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ საქართველოში განათლების დაბალი დონეა, უბრალოდ, ხალხი განსხვავებულ სამომხმარებო კულტურასაა მიჩვეული.
"ორგვერდიან ქაღალდზე დაბეჭდილ წვრილი ასოებით შედგენილ ხელშეკრულებას ისე აწერენ ხელს, რომ არავინ კითხულობს - არც თანხის მიმღები და არც მისი გამცემი. ცხადია, ლომბარდში ადამიანებს მოსალოდნელ საფრთხეზე არავინ ესაუბრება. ამიტომ წესები სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს. მარტო სტატისტიკა არაფერს მოგვცემს, მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემა და შველა სჭირდება - ელემენტარულად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომ ფინანსური რისკის შესახებ მეტი იცოდეს", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება სალომბარდო საფრთხეს, უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუშავდება კანონპროექტი ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეს. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
"ამ პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, მაგრამ მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკი, რაც ბუნებრივ ნორმას სცილდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თავის პირველივე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ონლაინ სესხების საკითხი მისახედია. ამიტომ ეროვნული ბანკის მიდგომა მომხმარებელთა უფლებათა დაცვისკენ იქნება მიმართული. სებ-ი ბალტიის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს, ვინაიდან ამ მიმართულებით მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.
თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ მთლიანად საფინანსო ბაზრისთვის თამაშის ერთიანი წესები უნდა შეიქმნას. ამაში შედის როგორც კომერციული საბანკო სექტორი, ისე არასაბანკო სექტორი (საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები), ასევე საფონდო საქმიანობა, რომელიც მონოპოლიზებულია კომერციული ბანკების მიერ.
"იმედი მაქვს, ოდესღაც ამ საქმესაც ეშველება. ეროვნული ბანკის მეგარეგულატორის ფუნქცია ამ საკითხში არ გამომჟღავნდა. რაც შეეხება დანარჩენ სეგმენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ რეგულირების ქვეშ. ახლა საუბარია, კერძო მევახშეობაზე და ონლაინ სესხების ბაზარზე, რომელიც საქართველოში სრულიად ქაოსური მიმდინარეობაა", - ამბობს ასლანიშვილი და დასძენს, რომ წინ არჩევნებია და მთავრობა ამ საკითხით მომხმარებელთა კეთილგანწყობაზე ზრუნავს, თუმცა ეს უნდა იყოს გრძელვადიანი მიმართულება.
"უპირველესად, დასადგენია ერთ ქვეყანაში რატომ არის, რომ ერთ სფეროში (კომერციულ ბანკებში) სესხის საპროცენტო განაკვეთი 10-12%-ია, გვერდით მომიჯნავე სფეროში, რომელიც ისევ ბანკების მიერ არის დაფინანსებული, ან მათი ინსაიდერების მიერ იმართებიან საპროცენტო განაკვეთი 10-ჯერ დიდია. კარგია თუ ეს მოექცა მთავრობის ყურადღების ქვეშ. დაინტერესების შემთხვევაში აღმოჩენილი იქნება ის შეუსაბამობა, რომელიც ქმნის ასეთ ნოყიერ ნიადაგს საკრედიტო საქმიანობისთვის", - ამბობს დავით ასლანიშვილი.
სპეციალისტების აზრით, საფინანსო სექტორში მხოლოდ ცალკეული მიმართულების რეგულირება პრობლემას ვერ გადაჭრის. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მომხმარებელს დაიცავს და საფინანსო სექტორში ჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"