თბილისში კერძო სახლებისადმი ინტერესი გაიზარდა

დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების მიმდინარე მშენებლობები ბოლო პერიოდის აქტუალური თემაა.

მთელი თბილისის მასშტაბით მშენებლობები სწრაფი ტემპით გრძელდება და თანდათან ახალ-ახალი დასახლებები ჩნდება. საცხოვრებლად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კერძო სახლს, უმრავლესობა კი ბინას ირჩევს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში კერძო სახლების მიმართ ინტერესი მატულობს და შეძენის მსურველთა რიცხვიც იზრდება.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დირექტორი ნელი გოგუაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, უკანასკნელ ხანებში მოთხოვნა კერძო სახლებზე გაზრდილია. ბოლო პერიოდის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის შეძენას ან აშენებას ქალაქის ხმაურიდან მოშორებით, პერიფერიებში არჩევს.

,,ცხადია, ბინების გაყიდვები ყოველთვის აჭარბებს რეალიზებული კერძო სახლების რაოდენობას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით, კერძო სახლების გაყიდვები მომატებულია. სუფთა ჰაერის, ეკოლოგიური პირობებისა და შედარებით დაბალი ფასის გამო, მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას გარეუბნებს ანიჭებს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ქალაქის ცენტრში ვაკესა და საბურთალოზე ფაქტიურად ადგილი აღარაა, სადაც კერძო სახლის აშენება იქნება შესაძლებელი”, -აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბაზარზე კერძო სახლების სამშენებლო კომპანიებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

როგორც კერძო სახლების სამშენებლო კომპანია ,,ლავა ბიზნესის” დამფუძნებელი ვახტანგ ლაღიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კერძო სახლების სამშენებლო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა. კომპანიების მიერ შეთავაზებული, ერთი კვადრატული მეტრის ფასი კი საშუალოდ 250 დოლარს უდრის. მისი თქმით, ეს ღირებულება მშენებარე კორპუსების ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალია, რაც მოთხოვნის ზრდასაც განაპირობებს.

,,თუ ოთხი წლის წინ ჩემი კომპანია ერთადერთი იყო ბაზარზე, დღეს უკვე მსგავსი ტიპის ბევრი ორგანიზაცია არსებობს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა და რეალურ მყიდველთა რიცხვი ეკონომიკური კრიზისის გამო, არც თუ ისე მაღალია. ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება”, - აღნიშნავს ვახტანგ ლაღიძე.

ბინებისა და კერძო სახლების ფასებზე, მოთხოვნასა და მიწოდებაზე უფრო დეტალურად ,,ბიზნესპრესნიუსი“ უძრავი ქონების საიტის saqme.ge-ს რედაქტორს ლელა არაბულს ესაუბრა.

saqme.ge-ს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით გასაყიდად შეთავაზებული უძრავი ქონების რაოდენობა რაიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: გლდანი-ნაძალადევი -1920 ბინა, 500 -კერძო სახლი; დიდუბე-ჩუღურეთი - 1000 ბინა, 140 კერძო სახლი, ვაკე-საბურთალო - 3240 ბინა 360 კერძო სახლი, ისანი-სამგორი - 1760 ბინა, 240 კერძო სახლი, ხოლო ძველი თბილისი - 420 ბინა და 106 კერძო სახლი.

როგორც saqme.ge-ს რედაქტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასები შემცირებულია, თუმცა ეს ფაქტი უფრო მეტად ბინების ღირებულებაზე აისახა. რაც შეეხება კერძო სახლებს, მათთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ფასების კლება შედარებით ნაკლებად თვალშისაცემია. მისივე თქმით, დედაქალაქში ჩნდება ახალი დასახლებები, ტერიტორიების ათვისება და კერძო სახლების მშენებლობა, განსაკუთრებით გარეუბნებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

,,თბილისის შემოგარენში, იმ ადგილებზე, სადაც ცოტა ხნის წინ ტრიალი მინდორი იყო, დღეს ერთმანეთის გვერდიგვერდ მცირე ტიპის თუ ფეშენებელური სახლები მდებარეობს. დიდი დიღმის კერძო სახლები უკვე წლებია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული უბნები, სადაც გაყიდვების ტემპი გაზრდილია. მაგალითად ვარკეთილში, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. უფრო და უფრო იზრდება თბილისი თავისი მასშტაბებით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაიწყონ სახლის მშენებლობა მიწის ნაკვეთზე, ზოგჯერ კომპანიებს მიმართავენ, ზოგჯერ კი საქმეს თავადვე უძღვებიან და ამ შემთხვევაში ხარისხს, ფასსა თუ პროექტის დასრულების ხანგრძლივობას თვითონვე განსაზღვრავენ“, - აღნიშნა ლელა არაბულმა.

მისი თქმით, კერძო სახლის აშენებისა და სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული ბინის ფასი, ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივეა.

,,პრესტიჟულ უბნებში ბინების ღირებულება 80-დან 300 ათას დოლარამდე მერყეობს, კერძო სახლების ფასი კი 100 ათასი დოლარიდან იწყება და რიგ შემთხვევაში ნახევარ მილიონ დოლარამდე აღწევს“, - აღნიშნავს არაბული.

saqme.ge-ს რედაქტორის თქმით, ბინებსა თუ კერძო სახლებზე მოთხოვნის რაოდენობითაც და მაღალი ფასებითაც გამორჩეული კვლავ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაა. დიდ დიღომში კი კერძო სახლის ღირებულება 25 ათასი დოლარიდან იწყება და რამდენიმე ასეულ ათას დოლარამდე ადის. ძველი აშენებული სახლების მაღალი ფასებით კი კვლავ მთაწმინდის დასახლება გამოირჩევა.

ქრისტინე გამთენაძე