თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია და თანაც არცთუ უმნიშვნელოდ, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა შეედარებინა, რომელი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ ჩინოვნიკები.
რა სახის პრემია-დანამატი გაიცემოდა "ნაცმოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში და რამდენს იღებენ "ოცნების" თბილისელი მოხელეები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია დედაქალაქის მერიიდან გამოვითხოვეთ. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია. ეს კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები, პრაქტიკულად, აღარ გაიცემა (ანდა მინიმალური ოდენობით).
ხელფასები "ოცნებამდე" და ახლა
თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოადგილეები და ვიცე-მერები ყოველთვიურად საკმაოდ დიდი ოდენობით პრემია-დანამატს იღებდნენ, შესაბამისად, მათი შემოსავალი წლიურად 100 ათას ლარსაც კი უტოლდებოდა.
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ანაზღაურების სახით სულ 89 243 ლარი აიღო, საიდანაც 30 162 ლარი იყო ხელფასი, 37 693 ლარი დანამატი, 21 387 ლარი კი - პრემია. რაც შეეხება 2014 წელს, ივლისის ჩათვლით სევდია უგრეხელიძემ სულ 55 360 ლარი მიიღო და მაშინაც მისი სახელფასო დანამატი და პრემია ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ვიცე-მერმა (რამდენიმე თვის განმავლობაში კი მერის მოვალეობის შემსრულებელმა) 2014 წლის 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიიღო 23 456 ლარი, პრემიის კი - 13 050 ლარი.
2013 წელს 90 585 ლარის ანაზღაურება მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული თანხიდან 31 401 ლარი იყო ხელფასი, 37 383 ლარი დანამატი, 21 800 ლარი კი პრემია. 2014 წლის 7 თვეში კი აბესაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის ანაზღაურება მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი - 21 858 ლარი, პრემიის ოდენობამ კი 11 200 ლარი შეადგინა.
ნაციონალების მმართველობისას საკმაოდ მსუყე ხელფასს იღებდა მერის კიდევ ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. 2013 წელს მისმა თანამდებობრივმა სარგომ მთლიანად 101 336 ლარი შეადგინა, საიდანაც ხელფასი იყო 31 334 ლარი, დანამატი - 39 201 ლარი, პრემიამ კი 30 800 ლარი შეადგინა. 2014 წლის 7 თვეში კი ხიზანიშვილის ხელფასმა-პრემიამ-დანამატმა 51 765 ლარს მიაღწია, ხელფასი იყო 18 260 ლარი, დანამატი - 22 304 ლარი, პრემია - 11 200 ლარი.
2013 წელს თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა 96 950 ლარი მიიღო, საიდანაც ხელფასი შეადგენდა 32 940 ლარს, დანამატი იყო 41 610 ლარი, პრემია კი - 22 400 ლარი. რაც შეეხება 2014 წლის ნაწილს, ამ პერიოდში პეტრიაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას სულ 54 740 ლარი მიიღო, საიდანაც 19 600 ლარი შეადგინა ხელფასმა, 23 940 ლარი იყო დანამატი, 11 200 ლარი კი პრემია.
მერის მე-4 მოადგილის დავით ნინიძის ხელფასმა 2013 წელს 33 255 ლარი შეადგინა, პრემიამ - 22 400 ლარი, ხოლო დანამატის სახით ნინიძემ 42 082 ლარი მიიღო, სულ - 97 737 ლარი. 2014 წელს დავით ნინიძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის სარგო ირგუნა, აქედან ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი - 21 858 ლარი, პრემია კი - 11 200 ლარი.
როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, მმართველობის ბოლო 1,5 წელში ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნები თბილისის მერიაში საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდნენ. არჩევნების შემდგომ სიტუაცია შეიცვალა და მერიაში იმ ოდენობით პრემია-დანამატი, რაც მანამდე იყო, აღარ გაიცემა. ამაზე მეტყველებს 2015 წლის მონაცემებიც, კერძოდ, როგოც მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წელს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობაზე ყოფნის 4 თვეში 25 268 ლარი აიღო, აქედან 11 263 ლარი იყო ხელფასი, 11 645 ლარი დანამატი, პრემია კი აბაშიძემ ერთხელ მიიღო და ისიც 2 360 ლარი.
2015 წელს თანამდებობაზე ყოფნისას ანაზღაურების სახით 77 467 ლარი მიიღო მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, საიდანაც ხელფასმა შეადგინა 33 067 ლარი, სახელფასო დანამატმა კი 39 360 ლარი. რაც შეეხება პრემიას, გიორგი ხელაიამ შარშან პრემია მხოლოდ 3-ჯერ აიღო, რომლის საერთო ჯამი 5 040 ლარი იყო.
2015 წელს სამჯერ აიღო პრემია მერის კიდევ ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, სულ 5 040 ლარი. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, შარშან სოლომონიამ ხელფასის სახით სულ 33 600 ლარი აიღო, დანამატი 40 370 ლარი იყო, პრემია კი 5 040 ლარი, სულ 2015-ში მერის მოადგილემ ანაზღაურების სახით 79 010 ლარი მიიღო.
მერის კიდევ ერთმა მოადგილემ ნინა ხატისკაცმა 2015 წელს ხელფასი-პრემიისა და დანამატის სახით სულ 79 272 ლარი მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 33 537 ლარი და (თვეში 2 800 ლარი) სახელფასო დანამატმა 40 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება პრემიას, ხატისკაცმა პრემია შარშან 4-ჯერ აიღო, სულ 5 415 ლარის ოდენობით.
მერიიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2015 წელს პრემია სულ ორჯერ აიღო ნარმანიას კიდევ ერთმა მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ჯამში 3 640 ლარი. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, ლექვინაძეს შარშან 10 თვეში ხელფასის სახით 26 666 ლარი დაერიცხა, დანამატი კი - 32 000 ლარი. სულ 2015-ში ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობაზე მუშაობისას 62 302 ლარი მიიღო.
თბილისის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე 11 794 400 ლარის პრემია გაიცა; 2013 წელს - 19 973 900 ლარი, 2014 წელს - 20 047 200 ლარი, ხოლო შარშან მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიის სახით სულ 10 269 300 ლარი მიიღეს.
ნაცმოძრაობის "სამეთვალყურეო საბჭო" და დახარჯული 1,5 მილიონი
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კერძოდ კი იმავე წლის 23 ოქტომბერს დედაქალაქის მერიის რამდენიმე ორგანიზაციაში სასწრაფოდ სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. იმის გამო, რომ დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობა ისევ "ნაცმოძრაობას" ებარა, საბჭოები პარლამენტის ექსდეპუტატებით და მთავრობის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდა. ყველა მათგანი ნაცმოძრაობის წევრები ან აქტივისტები იყვნენ და მათი სახელფასო ანაზღაურება თვეში 2 500 ლარს შეადგენდა.
თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2013 წელს საბჭოს წევრებზე გაცემულმა ხელფასმა 1 540 270 ლარი შეადგინა.
სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა შპს "ჰერმესში", სადაც 13 ადამიანი დასაქმდა, აღნიშნული საბჭოს სახელფასო ფონდმა 2012-2013 წლებში 391 847 ლარი შეადგინა. შპს "თბილსერვისჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოში 16 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის, დავით იოსელიანი, ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, მამუკა ხერხეულიძე, გიორგი ავალიანი და ა. შ. ამ საბჭოს წევრთა სახელფასო ფონდი კი 382 500 ლარით განისაზღვრა.
377 500-ლარიანი სახელფასო ფონდი ჰქონდა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს. ტრანსპორტის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში სულ 14 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის, რუსუდან კერვალიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიგა ნასარიძე, გიორგი ასანიძე, ხათუნა ოჩიაური, ლევან გახელაძე და ა. შ.
მორიგი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მერიის დაქვემდებარებულ კიდევ ერთ შპს-ში შეიქმნა, "სინათლის ქალაქი" იყო. აღნიშნულ საბჭოში სულ 16 ადამიანი დასაქმდა, სახელფასო ფონდმა კი 397 422 ლარი შეადგინა. "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოშიც მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პარტიის წევრები და აქტივისტები დაასაქმა - ლაშა მაქაცარია, კობა ხაბაზი, კონსტანტინე გაბაშვილი, მირზა დავითაია და კიდევ 12 ადამიანი.
სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის ანაზღაურება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2500 ლარით განისაზღვრა. მერიიდან მიღებული ინფორმაციით, იმ წევრს, რომელიც საბჭოში 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა, ჯამში 35 ათასი ლარი ერგო, ვინც ახალ სამსახურს მოგვიანებით შეუერთდა, უფრო ნაკლები მიიღო.
2013 წლის დეკემბერს კი, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მერიის დაქვემდებარებულ ყველა ზემოთჩამოთვლილ შპს-ში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდა.
ვინ არია სისტემა
როგორც ზემოთმოყვანილი ციფრებიდან ჩანს, თბილისის ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელფასო ანაზღაურება ყოველთვის მაღალი იყო. აქ საინტერესო ისაა, რომ ყოფილი მმართველები, რომლებიც ერთ დროს საკმაოდ სოლიდურ პრემია-დანამატს იღებდნენ, ხელს მოქმედი მთავრობისკენ იშვერენ და ხელფასის "დაუმსახურებლად" აღებაში ადანაშაულებენ.
ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას პრემია-დანამატებთან დაკავშირებით ხმა საერთოდ არ აქვს ამოსაღები: "ისინი ხომ მერიის შპს-ებსა და სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ თავის აქტივისტებს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს უხდიდნენ", - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, პრობლემა არა პრემია-დანამატების ოდენობა, არამედ თავად არსებული სისტემა წარმოადგენს.
"ყველაზე მთავარი ისაა, თუ რატომ აირია ამ ხელფას-დანამატებთან დაკავშირებით სიტუაცია და ვინ არის აქ მთავარი დამნაშავე. ადრე არსებობდა ერთიანი სახელფასო ბადე, სადაც განსაზღვრული იყო, ამა თუ იმ რანგის ჩინოვნიკს რა რაოდენობით ხელფასი-პრემია-დანამატი უნდა მიეღო. ეს ბადე თუ არ მოსწონდა, უნდა გაეზარდა ხელფასი, მაგრამ ეს არ გააკეთა ნაცმოძრაობამ. სააკაშვილის მმართველობისას გადაწყვეტილებას სუბიექტურად იღებდნენ. ეს სისტემა მოიგონა სააკაშვილმა და სიტუაციაც მათ დროს აირია.
ახალი ხელისუფლება უფრო მოკრძალებულად გასცემს თანხებს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისტემა ჯერ კიდევ არ შეიცვალა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვაჟა კაპანაძემ.
სისტემურ ცვლილებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც. მისი თქმით, მთავარია საკითხის საბოლოოდ მოწესრიგება მოხერხდეს.
"რა თქმა უნდა, კარგია, რომ მერიის ჩინოვნიკები დღეს ხელფას-დანამატებზე ნაკლებს ხარჯავენ, მაგრამ ისმის კითხვა, რასაც ხარჯავენ იმის თაობაზე გადაწყვეტილება ობიექტურად არის მიღებული? მთავარია სისტემურად მოწესრიგდეს საკითხი. სახელმწიფო არის სისტემა, სადაც მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ხელფასი-პრემია და დანამატი კანონის და რეგულაციების მიხედვით უნდა გაიცეს", - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"