კომპანია "მაგთიკომმა" სტანდარტული ტარიფის ღირებულება გაზარდა.
როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, ამიერიდან, 1 წუთის ღირებულება 24 თეთრით განისაზღვრა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. არც ისე დიდი ხნის წინ, "მაგთიკომმა" კომპანია "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა და ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებსაც გაეზრდებათ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბა) საზოგადოება ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. თუმცა ერთი თვის წინ, 1 წუთის ღირებულება 14 თეთრით მხოლოდ "ბანის" აბონენტებისთვის უნდა გაზრდილიყო და 10 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი გამხდარიყო. ახლა კი ირკვევა, რომ ტარიფები ზოგადად "მაგთის" აბონენტებისთვის იზრდება. აფბა-ს წევრებს მიაჩნიათ, რომ "მაგთიკომი" 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლისტი იყო.
"მაგთიკომის" წარმომადგენლების განცხადებით, ტარიფის ზრდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას მოჰყვა. თუმცა ეკონომიკის ექსპერტებს სწორედ ამგვარი ახსნა აეჭვებთ, რადგან მობილური ოპერატორების ბაზარზე რეალურად მხოლოდ სამი კომპანია - "მაგთი", "ჯეოსელი" და "ბილაინი" ოპერირებს და მათ შორის კონკურენცია არც ისე მაღალია. შესაბამისად, სწორედ იმ მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მობილური მომსახურების ტარიფები ყველაზე მაღალია.
არღვევს თუ არა "მაგთი" საკუთარი მომხმარებლების უფლებებს და რატომ გაიზარდა ტარიფები 24 თეთრამდე? "ვერსიას" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი ესაუბრება: "1 წუთის ღირებულება 24 თეთრია, ეს არის სტანდარტული ტარიფი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2011 წელს, ბაზრის საფუძვლიანი კვლევის შედეგად განუსაზღვრა მობილურ ოპერატორებს. 24 თეთრი ზედა ზღვრული ტარიფია, რაც ნიშნავს, რომ 1 წუთის ღირებულება ამაზე მეტი არ უნდა იყოს. კომპანიამ გარკვეული სატარიფო შეთავაზებები გააუქმა და საკუთარ მომხმარებლებს ახალი პაკეტები შესთავაზა. კომპანიის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი "მაგთიკომის" შეთავაზებულ არცერთ პაკეტს არ აირჩევს, აბონენტი სტანდარტული ტარიფით, ანუ 1 წუთზე 24 თეთრით ისარგებლებს. რაც შეეხება იმას, რომ ტარიფებში ცვლილებებია და რიგ შემთხვევაში, პაკეტების ჭრილში ტარიფის მატებაა, ეს უშუალოდ კომპანიის სატარიფო პოლიტიკაა. მობილური ოპერატორი თავად გადაწყვეტს, რა ტარიფით გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს. უბრალოდ, შეთავაზებული ტარიფი 24 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. თუ 24 თეთრზე მეტი იქნება, კომისია ჩაერევა და შესაბამის ზომებს მიმართავს".
მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" კომპანია "კავკასუსონლაინის" აქტივები შეიძინა, ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, ის ამ ბაზრის უპირობო მონოპოლისტი გახდა. საზოგადოება და ცალკეული ექსპერტები ხელს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისკენ იშვერენ და შესაბამის რეაგირებას სთხოვენ. ხატია ყურაშვილი: "ვიდრე "მაგთიკომი" "კავკასუს ონლაინის" აქტივებს შეიძენდა, კომისიამ ვრცელი კვლევა ჩაატარა, თუ რა შესაძლო გავლენა ექნებოდა ამგვარ ტრანზაქციას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ტრანზაქცია არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევდა, რადგან მართალია "მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელი ოპერატორია, მაგრამ ამავდროულად "კავკასუს ონლაინიც" ფიქსირებული, ინტერნეტ, სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს. რაც მთავარია, "კავკასუს ონლაინს" გარკვეული ვალდებულებებიც ჰქონდა, მათ შორის, სატარიფო რეგულაცია, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა. მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა, ეს ვალდებულებები სრულად გადავიდა მასზე. ამ ნაწილშიც "მაგთიკომი" მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება".
შვიდიოდე წლის წინ, აფბა-მ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა. ახალგაზრდა ფინანსისტები და ბიზნესმენები მიიჩნევდნენ, რომ სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ტარიფი 1 წუთზე 28,8 თეთრი, არაადეკვატურად მაღალი იყო. შესაბამისად, კომისიას ურჩიეს, ტარიფების შესამცირებლად, გარკვეული ზომები მიეღო. აფბა-ს აქტიურობას შედეგი მოჰყვა, კომისიამ მობილური ოპერატორების ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და 2011 წელს, მობილურ ოპერატორებს მომსახურების ტარიფის ზედა ზღვრად 1 წუთზე 24 თეთრი განუსაზღვრა.
რაც შეეხება "მაგთიკომის" ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც საკუთარ აბონენტებს სტანდარტული, 24-თეთრიანი ტარიფი შესთავაზა, აფბა-ში აცხადებენ, რომ კომპანიას საკმარისი ტექნიკური და მატერიალური რესურსი გააჩნია, რათა მომსახურების ტარიფი არა თუ გაზარდოს, არამედ - შეამციროს. "ვერსიას" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, ექსპერტი, მერაბ ჯანიაშვილი ესაუბრება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კიდევ ერთხელ მიმართონ:
- თუ 1 წუთის ღირებულების ზედა ზღვარი 24 თეთრია და რეალურად, არაფერი შეცვლილა, ეს აჟიოტაჟი რატომ ატყდა?
- ვეთანხმები კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ მობილური ოპერატორების ზედა ზღვარი 1 წუთზე 24 თეთრია. 7 წლის წინ, აფბა-ს აქტიურობის შედეგად, კომისიამ მობილურ ოპერატორებს ზედა ზღვრული ტარიფი 28,8 თეთრიდან, 24 თეთრამდე შეუმცირა. ამის შემდეგ, მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების შემცირება დაიწყეს, მაგრამ "მაგთიმ" რატომღაც გადაწყვიტა, ტარიფი ისევ გაზარდოს. ვფიქრობ, ტარიფების შემცირება შესაძლებელია, რადგან თუ მაგალითად, 6 წლის წინ, კომპანიებს 1 წუთის ღირებულება 15-16 თეთრი უჯდებოდათ, დღეს ეს გაცილებით ნაკლებია, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება. მსოფლიო მასშტაბით, მობილური ოპერატორების ტარიფები დაბალია. საქართველო გამონაკლისია: საერთოდ, მობილური ოპერატორების ბაზარზე დაბალი კონკურენციაა და შესაბამისად, ტარიფებიც მომხმარებლებისთვის მიუღებელია.
- აცხადებთ, რომ ამ გადაწყვეტილებით, "მაგთი" 90-იანი წლების მონოპოლიურ მდგომარეობას უბრუნდება და ამას "კავკასუს ონლაინის" აქტივების შეძენით ხსნით?
- 90-იან წლებში, 1 წუთის ღირებულება 28,8 თეთრი იყო. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ზედა ზღვრული ტარიფი 4,8 თეთრით შეამცირა, კომპანიებმაც ტარიფების შემცირება დაიწყეს. ზოგადად, კომისიას სრული კარტბლანში აქვს და შეუძლია კიდევ ერთი კვლევა ჩაატაროს, რათა დარწმუნდეს, რომ 24-თეთრიანი ტარიფიც გაუაზრებლად მაღალია. ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია, თუმცა გამორიცხული არაა, აფბა-მ კომისიას კიდევ ერთხელ მიმართოს საჩივრით, რათა ამ უკანასკნელმა ბაზრის კვლევა ჩაატაროს და ზედა ზღვრული ტარიფი შეამციროს. რაც შეეხება "კავკასუს ონლაინს", ინტერნეტბაზარიც კომუნიკაციებში შედის და სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ "მაგთი" ამ ბაზრის მონოპოლისტია.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"