ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობა საბერძნეთიზაციის გზას დაადგა.საბერძნეთიზაციად ზურაბ ჯაფარიძე ვალის აღებისა და ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილებას აფასებს, რაც დეპუტატის თქმით, ქვეყანას აუცილებლად დეფოლტამდე მიიყვანს.
"მთავრობა ჯამში 2 მლრდ. ლარის ვალის აღებას აპირებს. აქედან, თუ სწორად მახსოვს 1 მლრდ 36 მილიონი საგარეო ვალია, ხოლო 600 მილიონი არის შიდა ვალი. ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რაც 4 პროცენტს შეადგენს, ეს სცდება ევროპულ საშუალო სტანდარტს და ძალიან ცუდია. საბოლოო ჯამში, ხდება მთავრობის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების ვალებით დაფარვა. ეს არის საბერძნეთიზაციის გზა, რაც ქვეყანას დეფოლტამდე მიიყვანს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე შეფასებით, სწორი გზა იქნება, თუკი მთავრობა გადასახადებს დაწევს და სახელმწიფო ხარჯებს შეამცირებს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი 2014 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ.
დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით მიმდინარეობს.