„თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს და უმართავი სიტუაცია მივიღოთ!“
უკვე 5 წელია, რაც ფოთის ნავსადგურში მოქმედი ლოჯისტიკური კომპანიები იქ არსებულ მონოპოლიურ სიტუაციას უჩივიან. მიუხედავად კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნისა, რომ პორტში კონკურენციის შესახებ კანონი წლების განმავლობაში ირღვეოდა, მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა. ამის თაობაზე გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილიც აცხადებს, რომელიც ტერმინალ „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის“ სამეთვაყურეო საბჭოს ხელმძღვანელია. ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ფოთის პორტში მონოპოლიური მდგომარეობა ეკავა შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალსს“, ახლა კი, მდგომარეობა უფრო გართულდა. „თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა 5 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩეს და უმართავი პროცესები დაიწყოს“ - აცხადებენ გადამზიდავები. რა ხდება ფოთში? - ამის გასარკვევად „ბიზნესპრესნიუსი“ ტერმინალ „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის“ სამეთვაყურეო საბჭოს წევრს - დავით დავითიძეს დაუკავშირდა:
დავით დავითიძე - ხდება ის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, მთავრობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალო დამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში. ბოლო ხანებში ეს გახლდათ „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“. ამის გამო დანარჩენი ტერმინალები ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში ვეღარ შედიოდნენ. ეს ექსკლუზივი მხოლოდ ერთ კომპანიას მისცეს, ეს მაშინ, როცა ფოთში 15 ტერმინალია. პორტი ისედაც ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ ის თავის უპირატეს მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ახლა სურს სატერმინალო მომსახურებაც მიაბას თავის ძირითად დანიშნულებას ანუ საპორტო მომსახურებას. ამით ახალი, ხელოვნური მონოპოლია შეიქმნება სატერმინალო მომსახურების სფეროში.
- ბატონო დავით, ადრე როგორ საქმიანობდნენ ეს ტერმინალები?
- 15-ვე ტერმინალი 20 წლის განმავლობაში თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ 2011 წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა: „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“ 2016 წელს შეიქმნა, თუმცა რეალურად 2011 წლიდან დღემდე, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერები მხოლოდ პორტს დაქვემდებარებულ ტერმინალში შედიოდნენ. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და 2015 წელს გადაწყვიტეს, რომ ყველა კონტეინერი, რომელიც ფოთის პორტში შემოდის, ამ ტერმინალში შესულიყო. საბედნიეროდ, ეს მაშინ არ გამოუვიდათ. 2015 წლის დასაწყისში პორტში მოვიდა ახალი დირექტორი, რომელმაც შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალსი“ კორპორაცია „ფოთის პორტს“ შეუერთა. ცოტა ხნის წინ კი, პორტის ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა - ყველა კონტეინერი ისევ ჩემს სახმელეთო ტერმინალში შემოვაო. ახლა უკვე პორტის ფუნქციებს შეუთავსეს ორივე ფუნქცია: ტვირთის მიღებაც და მისი ჩამოტვირთვაც. ეს იქნება ერთი ოპერაცია - ასეთი სიტუაციაა დღეს ფოთის პორტში.
- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ პროცესს სხვა ტერმინალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს...
- 2011 წლიდან მოყოლებული, ჩვენ სამართლებრივი გზით ვეწინააღმდეგებოდით ფოთის ნავსადგურში შექმნილ სიტუაციას: კონკურენციის სააგენტოშიც შევიტანეთ სარჩელი. კონკურენციის სააგენტომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, გადაწყვეტილებაც გამოიტანა და დაადგინა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ ასრულებს თავის მოვალეობას დანარჩენი ტერმინალების მიმართ, რადგან მხოლოდ ერთ ტერმინალში ასრულებს სახელმწიფო სერვისებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მებაჟე, თავის მოვალეობას ასრულებდა მხოლოდ ერთ, პრივილეგირებულ ტერმინალში, სხვა ტერმინალებში კი, საერთოდ არ შედიოდა, შესაბამისად, ყველა ასეთი კონტეინერი მიდიოდა იმ ტერმინალში, სადაც მებაჟე თავის მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა, სხვები კი, თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდნენ. კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უხეშად არღვევდა თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს და გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ გამოესწორებინა ეს ხარვეზი. ამის საპირისპიროდ ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა თავისი უფლება და ეს გადაწყვეტილება პირველ ინსტანციაში გაასაჩივრა. იქაც მოვუგეთ და სააპელაციო სასამართლოშიც. უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მეორე პროცესი მოვიგეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ფინანსთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს. ასე გრძელდება უკვე 6 წელიწადია, ვჩივით, მაგრამ მაინც არაფერი გვეშველა. იმის საჩვენებლად, რომ მებაჟე თავის მოვალეობას არ ასრულებდა, ჩვენ ავდექით და შემოვიტანეთ ერთი კონტეინერი ჩვენს ტერმინალში. უკვე ორი წელია ეს კონტეინერი ტერმინალში გდია, მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც იქ აწყვია, ლპება და ზიანდება. ამ ფაქტის გამო ცალკე შევიტანეთ სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. ამდენი ხანია ამ ომში და უბედურებაში ვართ, მაგრამ ვერაფერს ვაღწევთ!
- ახლა რა მდგომარეობაა იქ?
- კორპორაცია ფოთის პორტმა უკვე განაცხადა, რომ მარტო მსუბუქი მანქანებით დატვირთული კი არა, ყველა კონტეინერი მათ ტერმინალში უნდა შევიდეს. 26 მაისს ჯერ დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცეს და საღამოს ყველა ტერმინალს, ყველა გადამზიდავს გაუგზავნეს მეილი, რომ ფოთის პორტი მისი სახმელეთო ტერმინალების ინტეგრირებას აპირებს, ამიტომ 1 ივლისიდან დაწესდება კომბინირებული ტარიფი, რომელიც ორივე მომსახურების ჯამს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ კონტეინერებს მხოლოდ პორტი მიიღებს და მათი გაყვანაც პორტის ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი ანუ „ინლენდ კონტეინერ ტერმინალიდან“, რომელიც 100%-თ ფოთის პორტის მიერ დაფუძნებული ტერმინალია. მოკლედ, ვირეშმაკობენ და გასდით, რადგან ფინანსთა სამინისტრო თავისუფალი კონკურენციის პირობებს სათანადოდ ვერ იცავს. ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ, ღია წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას და კონკურენციის სააგენტოს და მოვითხოვეთ შესწავლილ იქნას კორპორაცია „ფოთის პორტის“ ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ სამართლებრივი გზით მოგვარდეს პრობლემა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ვერ, თუ არ აგვარებს.
- რა როლს ასრულებდა ამ პროცესში კომპანია APM Terminals?
- APM Terminals-ი არის უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია, რომელიც კორპორაცია „ფოთის პორტის“ აქციებს ფლობს.
- დაბოლოს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას?
- რა შეიძლება მოხდეს, როცა 15 ტერმინალში კონტეინერი ვერ შემოდის და ყველა კონტენიერი უნდა შევიდეს მხოლოდ პორტის კუთვნილ ტერმინალში?! ჩვენც უკვე აღარ შემოგვაქვს ტვირთი, რადგან აზრი არა აქვს. შექმნილი სიტუაციის გამო 2011 წელს 150 კაცი გავუშვით სამსახურიდან, ახლა უკვე იძულებული ვიქნებით სხვებიც გავუშვათ და გამოდის, რომ 5 ათასი სამუშაო ადგილი უნდა გაუქმდეს. თუ ეს საკითხი სამართლებრივი გზით ვერ გადაწყდება, შესაძლოა, უმართავი სიტუაცია მივიღოთ, რადგან 5 ათასი კაცი უმუშევარი დარჩება - დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული უბრალო მუშამდე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა დროულად უნდა მოხდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე