ს.ს. „წყალი მარგებელი“ სხვადასხვა სახეობის ლიმონათს, ცივ ჩაის და ცივ ყავას გამოუშვებს
მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ყოფილ საჭოთა კავშირში, სულ მალე კორეის ბაზარზეც გაიყიდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სს „წყალი მარგებელის“ ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი ესაუბრა. ლევან ჩიქოვანის თქმით, კომპანია გამუდმებით ცდილობს საექსპორტო ბაზრები გააფართოოს:
ლევან ჩიქოვანი - ჩვენი კომპანია ბევრს მუშაობს ექსპორტის ზრდაზე. მატულობს „ნაბეღლავის“ ექსპორტი ევროკავშირის, აშშ-ისა და თურქეთის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ის მიმართულებით პრობლემები გვაქვს, არის ქვეყნები, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებლები იზრდება. ასევე, ვცდილობთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრებიც ავითვისოთ. კორეის მიმართულებით უკვე გავხსენით გზა და ერთი თვის წინ ამ ქვეყანაში ჩვენი პროდუქცია გავაგზავნეთ. გვინდა შევიდეთ იაპონიის და ჩინეთის ბაზრებზეც. ასე რომ, წინსვლა ნამდვილად გვაქვს.
„ნატურალურ მინერალურ წყალზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, გარდა „ნაბეღლავისა“, ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ წყალს „ბახმაროს“ და ვცდილობთ, ამ სასმელს პოპულარიზაცია გავუწიოთ. „ბახმაროს“ პირველი პარტიები უკვე ამერიკაში გავაგზავნეთ“, - ამბობს ლევან ჩიქოვანი. მისივე ინფორმაციით, შენდება ახალი ქარხანა, რომელიც წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში და ს.ს. „წყალი მარგებელი“ სხვადასხვა სახეობის ლიმონათს, ცივ ჩაის და ცივ ყავასაც გამოუშვებს.
ხათუნა ჩიგოგიძე