ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ რაიონში ხალხმა მოსავლის კრეფაზეც ხელი აიღო. ატმისა და ვაშლის ფასი დაეცა, ამიტომ ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უღირთ. ამასობაში კი ხილი ფუჭდება. რაც შეეხება ბოსტნეულს, მას პრობლემა არ აქვს, რადგან ექსპორტიორების უმეტესობა სარკინიგზო გადაზიდვით, ზოგიც პორტებით სარგებლობს.
რეალიზაციის გამარტივების მიზნით, რეგიონებში მდებარე სამაცივრე მეურნეობებში ხილის ჩაბარება დაიწყო, მაგრამ ფასთან დაკავშირებით გლეხებს პრობლემა აქვთ და პროდუქტს არ აბარებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპორტისთვის ყველა სახის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხი მოგვარებულია. ამ ეტაპზე ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ლარსის საბაჟო პუნქტია, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.
გარდა ამისა, როგორც ოთარ დანელიას უწყებაში განმარტავენ, ლოგისტიკიდან დაწყებული გლეხებს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ მოსავლის რეალიზაცია შეძლონ, რაც შეეხება ფასთან დაკავშირებულ არსებულ გაუგებრობას, უთანხმოება მეწარმეებსა და გლეხებს შორისაა, რაშიც სამინისტრო ვერ ჩაერევა.
მეწარმეები ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრის გახსნასა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ.
გლეხები ამბობენ, რომ გზის გახსნას 1 თვე მაინც დასჭირდება, ოფიციალური ინფორმაციით კი, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, აღდგენითი სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.
ფერმერ გიორგი ნატროშვილის თქმით, ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანის საზღვარზე ადმინისტრაციულ ბარიერს აწყდებიან. ამიტომ ისინი იძულებული არიან, გზის გახსნას დაელოდონ.
მიმდინარე სეზონზე რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი საექსპორტო პარტიის გაგზავნა მოვასწარით. რამდენადაც ვიცი, გზის გახსნას მთელი თვე დასჭირდება. ამასობაში სეზონიც დასრულდება. დიდი ზარალი ვიწვნიეთ. მართალია, კახეთში დროდადრო აზერბაიჯანელები ამოდიან, მაგრამ ესეც არ არის შეღავათი. მათ მიზერული თანხის გადახდაც არ უნდათ, ხალხს კი ნაშრომ-ნაჯაფი მოსავალი ასე იოლად არ ეთმობა, ელემენტარულად ხილის კრეფასაც ვერ ახერხებენ.
ჯერჯერობით ერთადერთი ალტერნატიული გზა აზერბაიჯანია, მაგრამ საბაჟოზე ისეთი პირობებია, რომ ამ გზით სარგებლობას აზრი არ აქვს. იქ პრობლემა მუდმივადაა და სახელმწიფომ ვერაფრით ეს საკითხი ვერ მოაწესრიგა. ამასობაში კი ხალხი ზარალდება“, - აცხადებს ნატროშვილი.
ფერმერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ადრევე უნდა ეზრუნა ალტერნატიული გზის გახსნაზე, რაც პრობლემას მოაგვარებდა. ამ ეტაპზე კი, როგორც ნატროშვილი ამბობს, რეალიზაციის შესაძლებლობა არ აქვთ.
„რა ხდება ვერ გავიგე, არავინ ეკარება გლეხობას. მთელი მოსავალი ხეზე ლპება. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, ხეზე დალპება თუ ყუთში, მაინც არ იყიდება. ახლა გაირკვა, რომ შემოსავალი აქამდე უნდა მოენახათ. როგორც კი მთავარ გზაზე გვექნებოდა დაბრკოლება, მეორე გზით ვისარგებლებდით. ისე არ გამიგოთ, თითქოს სახელმწიფოსგან ყველა პრობლემის ერთ დღეში გადაჭრას ვითხოვ, მაგრამ რაღაც მონახაზი უნდა არსებობდეს“,-ამბობს ნატროშვილი.
ყველაზე დიდ პრობლემად გლეხები ფასს მიიჩნევენ. ატმისა და ვაშლატამის სარეალიზაციო ფასი ადგილზე 25-50 თეთრამდე მერყეობს. ხალხი ამბობს, რომ ბანკიდან სესხი აიღეს, მაგრამ თუ მოსავალს ვერ გაყიდიან, საფინანსო ორგანიზაცია სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„წელს ატამი და ვაშლატამა ძალიან დაბალ ფასშია. იმდენად ცოტა იყიდება, რომ სანახევროდ გადაყრა გვიწევს. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ რუსეთისკენ გზა ჩაიკეტა. ზოგმა ბანკიდან ვალი აიღო, რომ მუშები დაექირავებინა, მოევლო ხეხილისთვის და მოსავალი მიეღო, მაგრამ ტყუილი წვალება გამოგვივიდა, რადგან რაც დაეხარჯათ, იმას ვერ ავინაზღაურებთ“,- ამბობს ფერმერი ლადო მაისურაძე.
გლეხები ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის საბაჟოებთან რეალიზატორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ.
ბოლო დღეებში შემცირდა ვაშლის ფასიც, რაც ასევე რეალიზაციის კლებას უკავშირდება. ფერმერების თქმით, 1 კგ ვაშლს 60-70 თეთრად ყიდიან. ქართლელი ვასო სტეფნაძე ამბობს, რომ ხილის ფასი თვითღირებულებას არ აღემატება, რის გამოც მინიმალურ მოგებაზეც ვერ გადიან.
„ჩამბარებელი კომპანიები ხილს მინიმალურ ფასად და შეზღუდული რაოდენონით იბარებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით, შეიძლება, ორიოდე კომპანია იყოს ისეთი, რომელიც აზერბაიჯანის შემოვლითი გზით სარგებლობს. ამიტომ ყველა მაქსიმალურად თავს იკავებს შესყიდვისგან. მცირე იმედია შიდა ბაზარი, მაგრამ რამდენს უნდა გასწვდეს დედაქალაქი და მისი მოსახლეობა? ისღა დაგვრჩენია, გზის გახსნას დაველოდოთ, მაგრამ ერთი დაკარგული დღეც სერიოზულად გვაზარალებს. მოსავალი ფუჭდება, არც ამინდი გვიწყობს ხელს“, - ამბობს ქართლელი გლეხი.
აზერბაიჯანის ოფიციალური საზღვრით, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთ ალტერნატიულ გზას წარმოადგენს, ძირითადად, მსხვილი კომპანიები სარგებლობენ. ეს კი ექსპორტიორებისთვის, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯია. ამ შემთხვევაში მარშუტის სიგრძე 1000 კმ-ით იზრდება.
ექსპორტიორებს გზისა და დროის ხანგრძლივობაზე მეტად აშინებთ წინააღმდეგობა, რაც გადამზიდავებს აზერბაიჯანის საზღვარზე ელოდებათ.
„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სარგებლობენ შემთხვევით და ტვირთის გატარებას აფერხებენ. გაქანებული კორუფციაა და ცდილობენ, მძღოლებს ფული წაართვან, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტრანსპორტირება ძვირდება. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე არ შევფერხდეთ, ჩვენ თვითონ ვერაფერს გავხდებით. ეს დღესვე გასაკეთებელი საქმეა, რომ გადამზიდავები არ დაზარალდნენ. დიდი ზეწოლაა სომეხი გადამზიდავების მხრიდანაც. ისინი საერთოდაც ვერ სარგებლობენ აზერბაიჯანის საზღვრით. ერთადერთი გზა გვაქვს რუსეთთან და ამ ხუთკილომეტრიან მონაკვეთს ვერ ეშველა. რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ საშიშროება ყოველ სეზონზე არ იყოს“, - აცხადებენ ქართული ხილის კომპანიაში’’.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-ე და 135-ე კმ-ის მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დევდორაკის მყინვარის ძირას, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"