კომპანია ”ტრაფიგურა ევრაზია” დაინტერესებულია, საქართველო ერთ-ერთი საექსპორტო მარშრუტი გახდეს თურქმენული ნედლეულისთვის.
კომპანიის პრეზიდენტი, ჯონათან კოლეკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია „ტრაფიგურა" ნედლეულით ვაჭრობაში გლობალური ლიდერია და თურქმენული ნედლეულის შავი ზღვის პორტებამდე მიწოდების სანდო და ეფექტიან მარშრუტს ეძებს.
”დღესდღეობით კომპანია ექსპორტისთვის მახაჩკალა-ნოვოროსიისკის მარშრუტს იყენებს. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო, კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის" ინტერესის ობიექტია, რათა გახდეს ერთ-ერთი საექსპორტო მარშრუტი თურქმენული ნედლეულისთვის. ამ საკითხის რეგიონულ ჭრილში დადებითად გადაწყვეტამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს სატრანზიტო მოცულობები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებისა და პორტებისთვის,” - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „ტრაფიგურა" 56 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი წლიური შემოსავალი 120 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანია აქტიურად საქმიანობს კასპიის რეგიონში და თურქმენეთიდან ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად კომპანია ახორციელებს წლიურად 700,000 მეტრული ტონის ოდენობის ნედლეულის ექსპორტს, რომლის გაზრდას 2014 წელს 2 მილიონ მეტრულ ტონამდე აპირებს.