საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შეუსაბამო ქმედებებით. ჯერ იყო და ფაქტობრივად 20 წლის მანძილზე სამივე კომპანიას ერთი და იგივე 28,8 თეთრიანი ტარიფი ჰონდათ წუთობრივ მომსახურებაზე. მას შემდეგ, რაც 2010 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა ეს ბაზარი, დაადგინა, რომ კომპანიებს უცხო ქსელში ერთი წუთის ღირებულება 15 თეთრის ფარგლებში უჯდებოდათ (მოგების გათვალისწინებით), ხოლო შიდა ქსელზე 5 თეთრზე ნაკლები. ამის შემდეგ კომისიამ მობილურ ოპერატორებს საცალო ტარიფზე ზედა ზღვარი დაუწესა 25 თეთრის ოდენობით. ურთიერთჩართვის ტარიფი კი, რომელიც საცალო ტარიფის განსაზღვრაში უდიდეს როლს თამაშობს, ნელ-ნელა შემცირება დააანონსა. თუ 6 წლის წინ ურთიერთჩართვის ტარიფი 14 თეთრი იყო, 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველა ოპერატორისათვის 3,5 თეთრამდე შემცირდა. ლოგიკურად ამ ცვლილებას საცალო ტარიფის გაიაფება და ბაზარზე კონკურენციის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. როგორც აღმოჩნდა "მაგთის" სულ სხვა გეგმები ჰქონია.
2016 წლის 27 აპრილიდან "მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტულ ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა. აპრილის ბოლოდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, ნაცვლად მანამდე არსებული 10 თეთრისა, როგორც შიდა ქსელში - "ბანის" და "მაგთის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით.
2015 წლის 1 იანვრის ურთიერთჩართვის ტარიფის გაიაფებას აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებებით რომ შეხვდა კომპანია "მაგთი", ამაზე მისი რამდენიმე მომსახურების გაძვირება ნათლად მეტყველებს. მიმდინარე წლის 17 მარტიდან კომპანია "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს საზღვარგარეთ სმს შეტყობინების გაგზავნის ტარიფი გაუზარდა 24 თეთრამდე.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ სმს შეტყობინების საფასური ერთადერთი ტარიფი არ ყოფილა, რაც "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს გაუზარდა. თებერვლის ბოლოს "მაგთიკომის" მომხმარებლებმა შეტყობინება G-Mobile-ის ქსელზე დარეკვის საფასურის გაზრდის შესახებაც მიიღეს.
2016 წლის იანვარში კი, "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს მომსახურების პირობები სმს შეტყობინების გაგზავნაზე და არსებული ბალანსის შემოწმებაზეც შეუცვალა. კერძოდ, სმს მომსახურება იანვრის ბოლოდან 6 თეთრი გახდა, ხოლო ანგარიშზე არსებული ბალანსის შესამოწმებლად 444-ზე დარეკვა ყოველ ჯერზე 2 თეთრია.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და მსოფლიო მასშტაბით მობილურზე საუბრის გაიაფების ტენდენციისა, საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურება ძვირდება. ამის პარალელურად კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ პირებს აქციზის გადასახადს უუქმებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და ჯერჯერობით არანაირი წინაღობა არ შეხვედრია.
კანონპროექტის მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 1018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი 3%-მდე შემცირდება.
2011 წელს მთავრობა ახალი გადასახადის შემოღების ერთ-ერთ მიზეზად ფიჭური კავშირგაბმულობის სექტორზე არსებულ დაბალ საგადასახადო ტვირთს ასახელებდა. "საშუალო საგადასახადო ტვირთი საქართველოში არის 25-26 პროცენტი. მაშინ როდესაც მობილური კავშირგაბმულობის სექტორის საგადასახადო ტვირთი შეადგენს 10-!5 პროცენტს. ვიფიქრეთ, რომ წნეხის გადანაწილება უპრიანი იქნებოდა ისეთ სფეროებზე რომელსაც საშუალოზე დაბალი წნეხი აქვს და ახასიათებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობა", - აცხადებდა ფინანსთა მაშინდელი მინისტრი კახა ბაიდურაშვილი.
მობილურ ქსელში საუბრისას ტარიფის ძირითადი კომპონენტებია: ზარის წამოწყებისა და დასრულების, ურთიერთჩართვის, აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. აქციზის გაუქმებით კი მობილურ ოპერატორებს ხარჯები შეუმცირდებათ, შესაბამისად, შესაძლებელი გახდება ტარიფებს გადახედონ. თუმცა, მათ ამის ვალდებულება არ გააჩნიათ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშნავენ, რომ ტარიფების შემცირება/არშემცირება მხოლოდ კომპანიების გადაწყვეტილებაა და ამაში კომისია ვერ ჩაერევა.
რატომ უმცირებს ხელისუფლება საგადასახადო ტვირთს ისეთ სფეროს, სადაც მოგების მაღალი მარჟაა და საგადასახადო ტვირთი სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი. მით უმეტეს, ნათლად ჩანს, რომ სექტორში კონკურენციის ნაკლებობაა და ეს ცვლილება ნაკლებსავარაუდოა, რომ მობილურით საუბარს გააიაფებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აქციზის 2017 წლის ბიუჯეტს ამ ცვლილებით 24 მილიონი ლარის შემოსავალი დარჩება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, რომლის კვლევის შემდგომ დაინტერესდა 2010 წელს კომუნიკაციების კომისია ამ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლური მდგომარეობით, მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ დაინტერესდეს კომპანია "მაგთიკომის" მხრიდან ტარიფების ზრდის მიზეზით და თავად კომპანიამაც დააფიქსიროს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია, თუ რითია განპირობებული არსებული ტარიფების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და ეცადოს, მოხდეს ბაზარზე არა ტარიფების ზრდა, არამედ მისი შემცირება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა და შეამციროს არსებული მაქსიმალური ზღვრული ტარიფი.
"გასათვალისწინებელია, რომ თუკი 6 წლის წინ კომპანიებს 1 წუთის ღირებულება 15-16 თეთრი უჯდებოდათ, დღეს ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლები ჯდება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. მაშინ როდესაც, მსოფლიოში ტარიფები მცირდება, ჩვენთან იგი მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრამდე არ უნდა იზრდებოდეს", - აცხადებენ აფბა-ში.
ლუკა ჩადუნელი