იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ამას ემატება ის, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, რაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერს "აგვირგვინებს" გაუფასურებული ლარი და, საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.
იმპორტიორებს სასურსათო პროდუქტის 1-1,5 თვის მარაგი აქვთ და ფიქრობენ, რომ გაძვირების ტალღა განსაკუთრებით შემოდგომიდან გახდება თვალში საცემი. კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაძვირდა.
"კიდევ გაძვირდება, თანაც საგრძნობლად. ჯერ ნაშთის ხარჯზე ისევ ძველი ფასი გვიდევს. ადრინდელი ხელშეკრულებებით ვმუშაობთ, ინვოისები გაწერილია ერთი თვის წინ. ახალი პარტია, დაახლოებით, 2 თვეში შემოვა და ბაზარსაც დაეტყობა. იქაური ვალუტა რომ მყარდება დოლარის მიმართ და ჩვენი ვალუტა უფასურდება, ეს იმპორტისთვის ძალიან ცუდია. როდესაც პირიქით ხდება, მაშინ კარგია", - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი და დასძენს, რომ თუ ადრე იმპორტიორ ქვეყნებში, მაგალითად 1000 დოლარს რიცხავდნენ გარკვეული ხარჯისთვის, ახლა ეს საკმარისი აღარ არის.
"შეიძლება ეს მდგომარეობა ექსპორტიორებს ხელს აძლევს, ხელფასებს ლარში გასცემენ, მეტ ხარჯს გაისტუმრებენ, მაგრამ ჩვენ პროდუქტს ძალიან გვიძვირებს. რა ხდება აქ, ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ მსოფლიოში დოლარი აღარ მყარდება. ახლა ჩვენ ის პრობლემა გვაქვს, რომ ლარი ფუჭდება", - აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი.
წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, ზეთი უკვე გაძვირდა. იმპორტიორი კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ ამ პროდუქტებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი მუდმივად იზრდება.
"ყველა ქვეყნის ვალუტა მყარდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომ ამ დროს მათი პროდუქტი ჩვენ გვიძვირდება. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი - ყველაფერზე ისედაც მოიმატა ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე. ლარი ახლა სტაბილური რომ იყოს, ეს პროდუქტი მაინც გაძვირდებოდა. არადა, პროცესი ამბსოლუტურად საპირისპიროა. ამ ყველაფერს გაუფასურებაც ემატება და კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი.
სამწუხარო ის არის, რომ მომხმარებელი გადახდისუუნარო ხდება. უჭირს ხალხს, იმდენს ვეღარ მოიხმარს შაქარს, წიწიბურას და სხვა პროდუქტებს. გადასულია ხილზე, ბოსტნეულზე. კარტოფილი და ბადრიჯანი ახლა იაფია და იმას ყიდულობს. შემოდგომიდან ესეც რომ აღარ იქნება, რა ეშველებათ?", - აცხადებს გურამ ბროძელი.
იმპორტიორები ფიქრობენ, რომ სექტემბრის ბოლოდან, როდესაც ბოსტნეული გაძვირებას დაიწყებს, მათი პროდუქტის რეალიზაცია შედარებით გაიზრდება. საყურადღებოა ისიც, რომ ხილი არც ამ ეტაპზეა იაფი. ბევრს მისი შეძენის შესაძლებლობა შუა ზაფხულშიც არ აქვს.
საქართველო ბოსტნეულით, ძირითადად, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან მარაგდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან შემოვა გორის პომიდორი. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბაზრებზე ქართული ბოსტნეულის რიცხვი თანდათანობით შემცირდება და ამას იმპორტული ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემებით, სურსათის ფასის ინდექსი იზრდება. მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტები: ხორბალი, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი.
ივნისში ინდექსი, საშუალოდ, 163,4 ქულას შეადგენდა და, გასულ წელთან შედარებით, ერთი პროცენტით ნაკლები იყო. მცენარეულ ზეთის გარდა, ჩამოთვლილ პროდუქტზე ფასი ზედიზედ მეხუთე თვეა მატულობს.
FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი მაისიდან 14.8 პროცენტით გაიზარდა იმის გამო, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს უდიდეს შაქრის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში, ძლიერმა წვიმამ მოსავლის აღებას ხელი შეუშალა და მოსავალი დააზიანა.
FAO-ს მონაცემებით, მარცვლეულის ფასის ინდექსი 2.9 პროცენტით გაიზარდა, თუმცა 2015 წლის ივნისის დონესთან შედარებით 3.9 პროცენტით დაბლაა. ეს ზრდა გამოიწვია სიმინდის გაძვირებამ, რაც ბრაზილიიდან ექსპორტის გამკაცრებამ განაპირობა. ხორბლის ჭარბმა მიწოდებამ და შეერთებულ შტატებში რეკორდულმა მოსავალმა კი ფასის ზრდა შეაკავა.
მაისიდან რძის ფასის ინდექსმა 7.8 პროცენტით მოიმატა, რასაც ბიძგი ევროკავშირში წარმოების ზრდის შენელებამ მისცა. მიუხედავად ამისა, ინდექსი გასული წლის დონესთან შედარებით, 14 პროცენტით დაბალ ნიშნულზე დარჩა.
ხორცის ფასის ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, 2.4 პროცენტით გაიზარდა. მსოფლიოში ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცი ზედიზედ მესამე თვეა ძვირდება. ივნისში ზეთი 0.8 პროცენტით გაიაფდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში სიმინდის წარმოების შემცირებას ვარაუდობს, ვინაიდან ბრაზილიაში მეორე მოსავლის პერსპექტივა გაუფერულდა, ხოლო ჩინეთში ნათესი ფართობები შემცირებულია. მთლიანობაში მიმდინარე წელს მარცვლეულის წარმოება, სავარაუდოდ, 1,316 მილიარდი ტონა იქნება, რაც წინა თვის პროგნოზზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"