მობილური სატელეფონო მომსახურება გაისად გაიაფდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ კომპანიებს - "მაგთიკომს", "ჯეოსელს" და "ბილაინს" ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1 მარტიდან, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით ”მაგთისა და ჯეოსელის” ტარიფები ერთ წუთზე არსებული 8 თეთრის ნაცვლად, 6 თეთრი გახდება, ”ბილაინისთვის” კი 11 თეთრის ნაცვლად - 7 თეთრი.

თუმცა, წლის ბოლომდე, კერძოდ, სექტემბრამდე ტარიფები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სამივე კომპანიისთვის 5 თეთრი გახდება.

”კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფი ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში ექვს თვეში ერთხელ დაიწევს და საბოლოოდ, 3.5 თეთრის ნიშნულამდე ჩამოვა... კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მაშტაბური კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და  22.8 თეთრიდან ეტაპობრივად ამცირებს",- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

”სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე, საკუთარ ვებ-გვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალათ", - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.