კომპანია ECO STEAM მომავალი წლიდან საქართველოში ცათამბჯენების მწმენდავ რობოტებს შემოიყვანს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა დავით ნადირაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ერთ-ერთ შვეიცარულ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ხელშეკრულება კი გაფორმებულია.
”ველოდებით რიგს, რომ ტექნიკა შევიძინოთ. ვფიქრობ, რობოტების მომსახურებით კომპანია ბევრად ხარისხიან შედეგს მიიღებს”, - განაცხადა დავით ნადირაშვილმა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ცათამბჯენების მწმენდავი რობოტი ელექტრონული პულტით იმართება და 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად, ვერტიკალურად მოძრაობა შეუძლია. რობოტი მინებს ჯაგრისის საშუალებით წმენდს და ამშრალებს.
დავით ნადირაშვილის თქმით, რობოტის ღირებულება 50 000 ევროა და თავდაპირველად ორი ეგზემპლარის შეძენაა დაგეგმილი.
”რობოტი შეძლებს ქვეყანაში არსებულ ნებისმიერი სიმაღლის შენობებს მოემსახუროს. კომპანიებს რობოტის მომსახურება კვადრატულ მეტრზე 50 თეთრი დაუჯდებათ", - აღნიშნავს დავით ნადირაშვილი.
კომპანიას ECO STEAM-ს საქართველოში იტალიური წარმოების, ორთქლის გენერატორიანი წმენდის ტექნოლოგიები შემოაქვს. დანადგარების გამოყენება შესაძლებელია როგორც ავტოსამრეცხაოებში, ასევე სასტუმროებში, რესტორნებში, სამედიცინო პუნქტებში, სასწავლო დაწესებულებებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში.