ნობელიის პრემიის ლაურეატის, ეკონომისტ ჯოზეფ სტიგლიცის პროგნოზით, უახლოეს წლებში ევროზონას იტალია და სხვა ქვეყნები დატოვებენ.
ეკონომისტის თქმით, ევროპის ეკონომიკური პრობლემების მთავარი მიზეზი ევრო და გერმანიის ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა.
„ევროპას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, როგორიცაა საბანკო კავშირის შექმნა, გამბედაობა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, აკლია სოლიდარობა ნაციონალურ საზღვრების მიღმა“, - აცხადებს სტიგლიცი.
მისი თქმით, ევროზონა ათი წლის შემდეგაც იარსებებს, მაგრამ საკითხავი ის არის, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი.
„ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროზონას ისევ 19 წევრი ეყოლება. რთული სათქმელია, ვინ დარჩება. იტალიელები ევროთი ძალიან იმედგაცრუებული არიან. ხვდებიან, რომ იტალია ევროს ვერ მოერგო”, - აცხადებს სტიგლიცი.
მისი თქმით, გერმანიამ უკვე გაითავისა, რომ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს.
„ვალუტის გაყოფა ჩრდილო და სამხრეთ ევროებად ერთადერთი რეალისტური გზაა ევროპის მცდარი ეკონომიკის გამოსასწორებლად“, - აღნიშნავს ნობელიანტი ეკონომისტი.
ჯოზეფ სტიგლიცის თქმით, ევროპასა და ამერიკას მსგავსი ეკონომიკა, რესურსები და შრომითი ინსტრუმენტები აქვთ, თუმცა ამერიკის ეკონომიკა გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოვიდა, ევროპა კი ვერა.
”მთავარი განმასხვავებელი ევროა. ერთი ვალუტა მთლიან ევროპულ ეკონომიკას ამძიმებს”, - აცხადებს მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი.