მიმდინარე თვის ბოლომდე თბილისში ელექტრომობილების დამტენი 2 სადგური დამონტაჟდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უთხრეს, პირველ ეტაპზე სადგურები კუს ტბის ასახვევსა და ევროპის მოედანზე მოეწყობა.
მათივე ცნობით, წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ 25 სადგურის დამონტაჟებაა დაგეგმილი.
ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობას ქართული კომპანია „ი-სფეისი“ უზრუნველყოფს. როგორც კომპანიის დირექტორი სულხან გვალია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 1 დამტენი აპარატი ერთდროულად რამდენიმე მანქანას ვერ მოემსახურება და მხოლოდ 1 ავტომობილს დატენის, რისთვისაც 2.5-3 საათია საჭირო.
„მომავალ წელს უკვე სწრაფი დამტენებიც გამოჩნდება, რომელიც ძირითადად ავტობანებზე დამონტაჟდება. სწრაფი დამტენით ავტომობილის სრულად დატენვას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.
„რაც შეეხება გარბენს ქართულ გზებზე, „ტესლას“ ფირმის მანქანებზე ბოლომდე დატენილი ელექტრომობილი სწორ გზაზე 350-360 კმ-ს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში 120 - 160 კმ - ს გადის,“ - აღნიშნა გვალიამ.
კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რა ეღირება ავტომობილის დატენვა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სულ ცოტა 2017 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება შესაძლებელი.
კომპანიის ცნობით, იმისათვის, რომ ბატარეამ დიდხანს გაძლოს, სასურველია 20%-ზე დაბლა არ ჩამოვიდეს და 80%-ზე მაღლა არ დაიტენოს.
გარდა ამისა, ელექტრომობილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სიჩქარეს ძალიან სწრაფად კრეფს, რის გამოც გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.
მერიის ცნობით, საქართველოში ამ დროისთვის სულ 50 ელექტრომობილია, რომელთა უმეტესობაც თბილისში გვხვდება.
მათივე ცნობით, შესაძლოა მომავალში თბილისში ტურისტული დანიშნულების ელექტრო მინიავტობუსებიც გამოჩნდეს.
თაია არდოტელი