2017 წლის ბიუჯეტის პროექტმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ყველაზე ცხარე დებატები კი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსების გაზრდას მოჰყვა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათი დაფინანსება მომავალ წელს 37%-ით არის გაზრდილი და 946 მილიონი ლარია. 2017 წლისთვის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გადასახდელები 1.86 მილიარდი ლარი იქნება, აქედან 946 მილიონი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 914 მილიონი კი - მათივე შემოსავლები. ბიუჯეტის პროექტში 226 სსიპ და 67 ა(ა)იპ არის შესული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტი, რომელშიც სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ არის ინფორმაცია, არასრულია. აუდიტის სამსახურმა თავად აღმოაჩინა 7 სსიპ/ა(ა)იპ, რომელიც ბიუჯეტის პროექტში არ იყო შესული, მათ შორის არის „საქპატენტი“ და „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. ეს საკითხი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ შეისწავლა და დადო დასკვნა, რომ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არარაციონალური ხარჯვის რისკი იზრდება, რადგან იქ არ არის ინფორმაცია სსიპ-სა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ და ეს მაშინ, როცა მომავალ წელს 4%-ით იზრდება და 716 მილიონ ლარს აღწევს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურება - ეს 30 მილიონით მეტია 2016 წლის ანალოგიურ ხარჯზე.
რამდენად გამართლებულია ამ ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანასება? - „ბიზნესპრესნიუსმა“ ამ საკითხის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა.
„სსიპ-სა და ა(ა)იპ-ების მიმართ უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ თავიანთი სამეურნეო მოღვაწეობის სეგმენტი, სასურველია, ისინი მოგებაზე იყონ ორიენეტირებული და თავიანთ თავს თვითონ ინახავდნენ. მათი არსებობა, თუკი ისინი წამგებიანი არიან, საერთოდ აბსურდია, თუმცა აქ სანახავია კონკრეტულად რა ამოცანები აქვთ ამ სსიპ-ებს, რამდენად საჭიროებენ დაფინანასებას, რომ განვითარდნენ, რა მიზნები აქვთ, თუმცა უმჯობესია ეს ორგანიზაციები საკუთარ სამეურნეო შემოსავლებზე იყონ ორიენტირებული. სხვანაირად მათ არსებობას აზრი არა აქვს. ისინი თავიანთი შემოსავლიდან უნდა ახდენდნენ რეინვესტირებას და სერვისების გაფართოებას. თუ ეს სუბიექტები ვერ ახერხებენ თავიანთი თავის შენახვას და ყველა ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, ჩნდება კითხვა - რა საჭიროა მათი არსებობა საერთოდ?
რაც შეეხება უნივერსიტეტს, მისი დაფინანასება სხვადასხვა წყაროებიდან და ფონდებიდან უნდა ხდებოდეს, მაგრამ ის, რომ რომელიმე სასწავლებელი ფინანსურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყოს, არასწორია. უნივერსიტეტმა უნდა შეძლოს იმ დაფინანასებით იარსებოს, რაც სტუდენტებზეა გამოყოფილი და თუ ვერ არსებობს, მაშინ უნდა იყოს ფონდები, რომლებიც ამ დეფიციტს შეავსებენ, ეს არ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტიდან“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
ამავე მოსაზრებას იზიარებს „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე, რომელმაც რამდენიმე ცნობილ ორგანიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„გააჩნია, რას აკეთებენ ეს სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები. თუმცა ასეთი ინსტიტუტები პრივატიზებული უნდა იყოს და მათი საქმიანობა კერძო სექტორში უნდა გადავიდეს - ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი. ავიღოთ თუნდაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასეთი სახელწიფო სტრუქტურის საჭიროება არ არსებობს. თუ ვინმე რაღაც გამორჩეულ ინოვაციას გვთავაზობს, ამას კერძო სექტორი თავადაც მიხედავს, რადგან იქ მოგებას დაინახავს. ასეთი ქველმოქმედება სსიპ-ების მიმართ არასწორია, რადგან დიდია ალბათობა, რომ ეს ფული არამიზნობრივად დაიხარჯება. ამიტომ, ჯობია ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია მთლიანად გაუქმდეს, ზოგი კი - კერძო სექტორში გადავიდეს. დარჩება ის, ვინც საკუთარ თავს მიხედავს და საამისოდ პოლიტიკური შუამავლები არ დასჭირდება“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.
მისი აზრით, ეს ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტსაც და თსუ თავისუფლად შეიძლება გადაკეთდეს კერძო დაწესებულებად.
„თავის დროზე, როდესაც ის ივანე ჯავახიშვილმა დააარსა, კერძო სასწავლო დაწესებულება იყო და მერე ეს წოდება კომუნისტებმა წაართვეს. უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია თავიც ირჩინოს და საუკეთესო კადრებიც მოიზიდოს. ახლა კი, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გაუბედავი რექტორები მართავენ, რომლებიც მთლიანად პოლიტიკოსებზე არიან დამოკიდებული. იგივე უნდა ვთქვა სუხიშვილების ანსამბლზე, რომელსაც მსოფლიო სახელი აქვს: მას თავისუფლად შეუძლია კონცერტების გამართვით ირჩინოს თავი და ამ დროს ჩვენ გვარჩენინებს. მე მაგათი კონცერტი არ მინახავს, რადგან არ ატარებენ და როცა ატარებენ, იქ ისეთი ანშლაგია, რომ ფეხსაც ვერ შედგამ. გაუგებარია, ბიუჯეტიდან რატომ უნდა ფინანსდებოდნენ ჯანსაღი ადამიანები, რომლებსაც თავის რჩენა თავისი შრომითაც შეუძლიათ - ეს არის ნონსენსი. სუხიშვილების ანსამბლი რომ წმინდა კომერციული ორგანიზაცია იყოს, უფრო მეტი პატივისცემა ექნება, ვიდრე დღეს აქვს და უფრო მეტი შემოსავალიც. როცა ყველას ეცოდინება, რომ თბილისში მათი კონცერტები რეგულარულად ტარდება, მათ სანახავად უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ისევე, როგორც საფრანგეთში ჩადის ხალხი, რომ კანკანის ცეკვა ნახოს. მსგავსი სსიპ-სა და ა(ა)იპ-ების დაფინანასება ბიუჯეტიდან ჩემთვის მიუღებელია“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე